ტყვიამფრქვევიანი დრონი-რობოტი ომში ჯარისკაცის ჩასანაცვლებლად... - კვირის პალიტრა

ტყვიამფრქვევიანი დრონი-რობოტი ომში ჯარისკაცის ჩასანაცვლებლად...

ფანტასტიკური მხატვრული ფილმების სიუჟეტები რეალობა ხდება - ომში ჯარისკაცებს უკვე რობოტები ანაცვლებენ...

ის, რომ დრონებმა ანუ უპილოტო, დისტანციურად მართვადმა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო აპარატებმა რევოლუცია მოახდინეს თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში, ყველასთვის ნათელია, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ოთხწლიანი ფართომასშტაბიანი ომის მაგალითზე, სადაც სწორედ დრონებმა „ჩამოართვეს“ პილოტირებულ თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს დაზვერვისა და წერტილოვანი საჰაერო დარტყმების ფუნქციები.

მართალია საჰაერო დრონებმა ძალიან სწრაფი ევოლუცია განიცადეს ამ ომში, მაგრამ მათთან ჩამორჩენას არც სახმელეთო ბორბლებიანი და მუხლუხებიანი დრონები აპირებენ...

მათ ფრონტის ხაზზე თავისი საქმიანობა ჯერ საბრძოლო საჭურვლის მიწოდებითა და დაჭრილების გამოყვანით დაიწყეს, შემდეგ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების „გაბნევაც“ აითვისეს, ახლა კი ტყვიამფრქვევითაც შეიარაღდნენ და სრულფასოვან მებრძოლებად გადაიქცნენ...

2026 წლის პირველივე კვირას უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებაში ოფიციალურად მიიღო „ბრაუნინგის“ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით შეიარაღებული დრონი-რობოტი, რომელსაც წინა ხაზზე ჯარისკაცის შეცვლა შეუძლია და ამასთან არც საჭმელსა და არც გათბობას ითხოვს, თუმცა დრო და დრო მის აკუმულატორებს დატენვა მაინც სჭირდება.

ორმა უკრაინულმა კომპანიამ - DevDroid-მა და Rovertech-მა - შეიმუშავეს ახალი სადაზვერვო და სახმელეთო დარტყმების რობოტული სისტემა, სახელწოდებით Zmiy Droid 12.7.

ახალი დრონი Rovertech-ის Zmiy პლატფორმასა და DevDroid-ის Wolly 12.7 საბრძოლო მოდულს აერთიანებს.

მისი ძირითადი დანიშნულებაა დისტანციური დაზვერვა, ცეცხლით მხარდაჭერა და მტრის სამიზნეების განადგურება.

Zmiy Droid 12.7-ს აქვს ჯავშანი, რომელიც მდგრადია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიმართ და შეუძლია გაუძლოს მტრის FPV დრონების რამდენიმე შეტევას. ეს მას რთულ საბრძოლო პირობებში გამოსაყენებლად ვარგისს ხდის.

დრონის ძირითადი მახასიათებლებია ნაკლებახმაურიანი ელექტროძრავა, 50 კმ-მდე სვლის მანძილი და 700 კგ-მდე გამწევი ძალა. მას შეუძლია გადაადგილება გზის გარეთ, მათ შორის ჭაობებში, ქვიშაში, თოვლში, ქვებში და მცირე წყლის დაბრკოლებების გადალახვა.

პლატფორმა ადაპტირებულია 12.7 მმ-იანი M2 Browning-ის ტყვიამფრქვევის დასამონტაჟებლად. სისტემა მხარს უჭერს მრავალ საკომუნიკაციო არხს და სრულ დისტანციურ მართვას, მათ შორის სროლას.

დრონის სისტემები აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით სამიზნეების აღმოსაჩენად, ჩასაჭერად და თვალყურის დევნებისთვის, ასევე ჩაშენებული ბალისტიკური კომპიუტერით, რომელიც აუმჯობესებს შეტევის სიზუსტეს.

Zmiy Droid 12.7-ს ასევე აქვს ოპტიკური სათვალთვალო ხელსაწყოების ნაკრები, მათ შორის ვიწროკუთხოვანი და ფართოკუთხოვანი კამერები და თერმული ვიზუალიზაცია, რაც უზრუნველყოფს დღისით და ღამით ეფექტიან მუშაობას.

უკრაინის გენშტაბში აღიარებენ, რომ წინა ხაზზე საბრძოლო დანაყოფების პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდიან, რაც ძალზე ართულებს ბრძოლებში გადაღლილი სამხედროების დროულ როტაციას, რის გამოც სათანადო დონეზე ვერ კონტროლდება ფრონტის ხაზი. ამიტომაც ხშირია შემთხვევები, როდესაც რუსი ოკუპანტების 2-4 კაციანი ჯგუფები მალულად კვეთენ ფრონტის ხაზს და უკრაინელების ზურგში თავს იყრიან, შემდგომი იერიშისთვის.

ტყვიამფრქვევიან უკრაინულ დრონ-რობოტს კი შეუძლია საფარში დიდხანს მორიგეობა და თავის ოპტიკურ-ელეტრონული მოწყობილობებით თითოეული მოწინააღმდეგის დროული და გარანტირებული დაფიქსირება/ლიკვიდირება.

ეჭვს გარეშეა, რომ ამ სახის დრონი-რობოტები კიდევ უფრო დაიხვეწებიან და არცთუ შორსაა ის დღე, როდესაც მომავლის ომებში ბრძოლის ველზე ერთმანეთს მხოლოდ ასეთი შეიარაღებული დრონი-რობოტები დაუპირისპირდებიან...