"პარკინსონის პრობლემა რომ დაეწყო, ხატებს ვეღარ წერდა და მაშინ გადაერთო მუსიკაზე... ბოლოს უწმინდესი 4 იანვარს ვნახე" - ზვიად ბოლქვაძის მოგონებები ილია II-ზე
22 მარტს საყვარელ პატრიარქს მისივე საგალობლით "ალილუია" დაემშვიდობა. ზვიად ბოლქვაძემ ის აფხაზეთის კაპელასთან ერთად შეასრულა...ზვიადი ქართველი მუსიკოსებიდან შეიძლება ითქვას, იშვიათი გამონაკლისია, ვისაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საგალობელზე მუშაობის პატივი ერგო...
მუსიკოსი და კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე AMBEBI.GE-ს პატრიარქზე, მასთან ურთიერთობაზე და მის საგალობლებზე მუშაობის შესახებ გულახდილად გვესაუბრა...
ზვიად ბოლქვაძე:
- ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ კათოლიკოს-პატრიარქთან ასეთი შეხვედრა მექნებოდა... კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი, ალბათ უფრო მაგისტრატურის პირველკურსელი, როცა სვიმონ ჯანგულაშვილმა, საპატრიარქოს მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა მთხოვა, იქნებ უწმინდესის საგალობელს საგუნდო არანჟირება გაუკეთოო... მე და სვიმონ კონსერვატორიაში ერთ პერიოდში ვსწავლობდით, ვმეგობრობდით და ერთმანეთს კარგად ვიცნობდით. რა თქმა უნდა, ძალიან ავღელდი. იმაზე ვინერვიულე, რომ სასულიერო მუსიკას უნდა შევხებოდი და თან უწმინდესის ნამუშევარს. ეს ჩემთვის გასამმაგებული პასუხისმგებლობა იყო...

სვიმონი არ მომეშვა, დაჟინებით მთხოვდა, - სცადეო. მოკლედ გავუკეთე არანჟირება. მარტივად რომ ვთქვათ, ხმებში გავშალე... მახსოვს იმაზეც ძალიან ვღელავდი, უწმინდესი რას იტყოდა.როდესაც პატრიარქთან მივედი, ძალიან თბილად შემხვდა, დამლოცა, "კირიე ელეისონი“ მოისმინა და კმაყოფილი დარჩა. მეც მოვისმინე მერე ტაძარში რომ შესრულდა და ჩემთვისაც რაღაც განსაკუთრებული წამები იყო, საოცრად ჟღერდა... უწმინდესის ყველა საგალობელი ძალიან დიდი ღვთაებრიობით გამოირჩევა. ძალიან დიდი ზემოქმედების უნარი აქვს. თითოეული გულში ჩამწვდომია... "კირიე ელეისონზე“ მუშაობისას, როგორც გითხარით, გამორჩეული ღელვა იმიტომ მქონდა, უწმინდესის სულის ამოძახილს - მისი სულიდან ამოსულ ბგერებს ვეხებოდი. სასულიერო მუსიკა ზოგადად ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს... ამის გამო ჩემი მხრიდან დიდი მონდომებაც იყო. ყოველ შემთხვევაში თითოეულ ბგერაში, ძალიან ბევრი ფიქრის შედეგად, რაც შემეძლო, მთელი სული და გული ჩავდე.
- მართლა საოცარი საგალობლები აქვს...
- ასევე ყველა სახალხოა - დიდი სისადავით გამორჩეული და ამიტომაც არის ყველასთვის გასაგები. მისი საგალობლების გარკვეულ ნაწილს არანჟირება საერთოდ არ დასჭირვებია. მაგალითად, "წმინდაო ღმერთის", რომელიც ძალიან ადრე აქვს შექმნილი... გააგრძელეთ კითხვა