შინაური ცხოველების სიყვარულით დაწყებული საქმე
შინაური ცხოველების სიყვარულმა, მათზე ზრუნვამ ერთ კარგ საქმეს ჩაუყარა საფუძველი. "ჩემი და ჩემი ოჯახის საქმიანობა პირდაპირ კავშირშია იმ დიდ სიყვარულთან, რაც შინაური ცხოველების მიმართ გვაქვს. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის ჩვენი ოჯახური ღირებულებების გაგრძელება - ზრუნვა იმათზე, ვისაც საკუთარი თავის მოვლა დამოუკიდებლად არ შეუძლია", - გვეუბნება უნა ქუთათელაძე, პირველი ქართული ბრენდის დამფუძნებელი, რომელიც 100%-ით ნატურალურ და მცენარეული მოვლის საშუალებებს აწარმოებს შინაური ცხოველებისთვის.
- ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჩვენს ოჯახში ოთხფეხა წევრი შემოვიდა. ბუნებრივია, გვინდოდა მისთვის საუკეთესო მოვლა შეგვეთავაზებინა. ბაზარზე არსებული პროდუქციის შესწავლისას აღმოვაჩინეთ, რომ ჰიგიენური საშუალებების უმეტესობა სავსე იყო ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც ხშირად ალერგიას ან კანის გაღიზიანებას იწვევდა. მივხვდით, რომ არსებობდა თავისუფალი ნიშა პროდუქტისთვის, რომელიც იქნებოდა 100%-ით უსაფრთხო, ნატურალური და ეფექტური. ასე შეიქმნა ჩვენი ბრენდი.
ჩვენი პირადი გამოცდილება და ცხოველების სიყვარული გახდა მთავარი მოტივატორი. ჩვენი პროდუქტების პირველი მომხმარებლებიც სწორედ ჩვენი შინაური ცხოველები არიან.
- ამ საქმეს სპეციალისტი ხომ სჭირდებოდა, რათა სწორად განესაზღვრა, ცხოველს რა საშუალებები და რისთვის სჭირდებოდა?
- მამაჩემი ფარმაცევტია და თითოეული პროდუქტის ფორმულა სწორედ მისი ავტორობით იქმნება. ჩვენი საშუალებები მეცნიერულ ცოდნასა და ბოტანიკურ კვლევებზეა დაფუძნებული. ეს გახლავთ ფარმაცევტული სიზუსტით დაბალანსებული მცენარეული კომპოზიციები.
- საოჯახო ბიზნესში ოჯახის რამდენი წევრი ხართ ჩართული.
- მამას მხრებზე აწევს ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილი - ფორმულები და უშუალოდ წარმოება. მე და ოჯახის სხვა წევრები ვზრუნავთ ბრენდის განვითარებაზე, კომუნიკაციაზე, მარკეტინგსა და გაყიდვებზე. ეს ერთობა საშუალებას გვაძლევს პროდუქტის ხარისხი ყველა ეტაპზე პირადად ვაკონტროლოთ.

ვიყენებთ მხოლოდ სუფთა მცენარეულ ექსტრაქტებსა და ეთერზეთებს. ნედლეულს ვარჩევთ უდიდესი სიფრთხილით - ვიყენებთ როგორც ადგილობრივ მცენარეებს, ასევე საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერტიფიცირებულ ნატურალურ ინგრედიენტებს. ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია 5 სახეობის პროდუქცია: ზოოშამპუნი, ანტიპარაზიტული სპრეი, ანტისეპტიკური სპრეი, თათების ბალზამი და ბეწვის კონდიციონერი. პროდუქცია ჩვენსავე საწარმოში იქმნება. ჩვენთვის უპირატესი იყო, წარმოება ადგილობრივი ყოფილიყო, რათა ქართული ეკონომიკისთვის შეგვეწყო ხელი. საწარმოში დაცულია ყველა საჭირო ნორმა, რათა სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხო პროდუქტი მივიღოთ.
დღეს შინაური ცხოველების პატრონებისთვის აღარ არის სულერთი, რას წაუსვამენ თავიანთ მეგობარს კანზე. ჩვენი მომხმარებლები ხედავენ რეალურ შედეგს და, რაც მთავარია, მშვიდად არიან, რადგან იციან, რომ პროდუქტი უსაფრთხოა. განსაკუთრებით პოპულარულია ისეთი პროდუქტები, რომლებიც ყოველდღიური მოხმარებისთვისაა განკუთვნილი - მაგალითად, თათების მოვლის ბალზამები და ნატურალური შამპუნები. შინაური ცხოველების პატრონებს ყველაზე მეტად აინტერესებთ ისეთი საშუალებები, რომლებიც ალერგიას არ იწვევს და ამასთანავე აქვთ სასიამოვნო, ბუნებრივი სურნელი, რაც ცხოველისთვისაც კომფორტულია.
- რა უნდა შეგექმნათ, ეს პროდუქტები ვინ განსაზღვრა - ანუ რა სჭირდებათ ადამიანის ოთხფეხა მეგობრებს?
- აქ ორი ფაქტორი მუშაობს: პროფესიული ცოდნა და უშუალო კავშირი მომხმარებელთან. ერთი მხრივ, მამაჩემი, როგორც ფარმაცევტი, ზუსტად განსაზღვრავს, რა ინგრედიენტებია საჭირო კანის ჯანმრთელობისთვის. მეორე მხრივ, ჩვენ მუდმივად ვუსმენთ ვეტერინარებსა და თავად ცხოველების პატრონებს. მათგან ვიგებთ, რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი - სეზონური პრობლემები იქნება ეს (მაგალითად, დახეთქილი თათები ზამთარში) თუ ალერგიული რეაქციები. ჩვენი ასორტიმენტიც ამ რეალური საჭიროებების პასუხია.
- თქვენი პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ძაღლებისთვის თუ სხვა შინაური ცხოველებისთვისაც, მაგალითად, კატებისთვის?
- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ძაღლები არიან, პროდუქციის დიდი ნაწილი კატებისთვისაც უსაფრთხო და ეფექტურია...
- რა დრო სჭირდება ერთი პროდუქტის შექმნას?
- თუ ვსაუბრობთ უშუალოდ წარმოებაზე, ეს ერთია, მაგრამ სანამ პროდუქტი წარმოებაში ჩაეშვება, ის გადის ფორმულაზე მუშაობის, ტესტირებისა და დაკვირვების ეტაპებს. ზოგჯერ რამდენიმე თვეც კი გვჭირდება იმაში დასარწმუნებლად, რომ ზუსტად ის კონსისტენცია და ეფექტი მივიღეთ, რაც ჩაფიქრებული გვქონდა.
ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ. ვთანამშრომლობთ წამყვან ქსელებთან, ასევე პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე. ამ ეტაპზე უკვე ვყიდით ჩვენს პროდუქციას სომხეთის ბაზარზე და ვემზადებით სხვა უცხოური ბაზრებისთვის. ჩვენი ამბიციაა ქართული ბრენდი საერთაშორისო დონეზე ასოცირდებოდეს ხარისხიან და ნატურალურ მოვლასთან.