ქართული სულგუნის „უცხოური გემო“ - კვირის პალიტრა

ქართული სულგუნის „უცხოური გემო“

"საფრანგეთში სულგუნი თუ გვაქვს სუფრაზე, ოჯახურ გარემოს ქართული ხასიათი უბრუნდება... ", - ამბობს გვანცა ძნელაძე, რომელმაც წლების წინ გადაწყვიტა ყოველდღიურ რაციონში მისი მომზადებული სულგუნი ჩაერთო. სულგუნის მომზადების ვიდეოს სოციალურ ქსელში განთავსებას ქართველი ემიგრანტების დიდი ინტერესი მოჰყვა. საფრანგეთიდან გვანცა ძნელაძე გვესაუბრება:

- გვანცა, სოფელთან ბავშვობიდან გქონდათ კავშირი, რომ ყველის მომზადება გესწავლათ?

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ მამას მხრიდან სოფელი გვაქვს გურიაში და კავშირი მუდამ გვქონდა. ბავშვობაში ხშირად მიწევდა იქ ყოფნა, რაც ძალიან თბილად მახსოვს. ერთი ჩვენი მეზობელი ქალი საოცარ, ძალიან თხელ ხაჭაპურებს აცხობდა, რომლებიდანაც ყველი იღვრებოდა. ჩემთვის ასევე საოცრება და აღმოჩენა იყო მისი გამომცხვარი კეცის მჭადი და ყველი. თუმცა ყველის მომზადებასთან შეხება არ მქონია და არც ინტერესი გამომიჩენია. ყველის მომზადების ტექნოლოგიის შესწავლა მთელი სერიოზულობით უკვე საფრანგეთში დავიწყე და ეს სრულიად ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში.

- ემიგრაციაში როდის წახვედით?

- 2018 წელს ჩემი ახლანდელი ფრანგი მეუღლე გავიცანი. საქართველოში დავქორწინდით, შემდეგ ერთ წელიწადს თბილისში ვიცხოვრეთ და ერთი წლის თავზე გადავწყვიტეთ ოჯახი საფრანგეთში, ქალაქ ლიონში დაგვეფუძნებინა. დღეს ორი შვილი გვყავს. საფრანგეთი ჩვენი ყოველდღიურობაა, მაგრამ ქართული ფესვები, ტრადიციები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მეუღლისა და პირველ რიგში, ჩემთვის. ქართულ გემოებს ჩვენს ოჯახში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

- რატომ გადაწყვიტეთ ქართული სულგუნის მომზადება და როგორ მიხვედით შედეგამდე?

- ამ ქვეყანაში ფანტასტიკური ყველი აქვთ და არჩევანიც ძალიან დიდია, მაგრამ რაც არ უნდა კარგი იყოს ყველი, ქართული გემო მაინც მაკლდა. ქართულ ყველზე, ქართულ გემოებზე ვარ გაზრდილი, ძალიან მენატრებოდა სულგუნი, ხმელი იმერული ყველი... ამან გადამაწყვეტინა როგორმე ქართული ყველი გამეკეთებინა და ოჯახის ყოველდღიურ რაციონში ჩამერთო. თავდაპირველად ხან გამომდიოდა, ხან არა. ძალიან ბევრი კითხვა დავსვი სოციალური ქსელის მეშვეობით, მაინტერესებდა, რა შეცდომას ვუშვებდი. ბევრი დადებითი რჩევა და რეკომენდაცია მივიღე. ძალიან გამიხარდა ასეთი პოზიტიური გამოხმაურება, ამ რეკომენდაციებისთვის უზომოდ მადლიერი ვარ.

მოკლედ, ბევრმა ცდამ გაამართლა და ვფიქრობ, ისეთი შედეგი მივიღე, როგორიც მსურდა. დღეს ძალიან ახლოს არის ქართულ გემოსთან ჩემი მომზადებული სულგუნი.

- საქართველოში დამზადებულ სულგუნსა და მანდ მომზადებულს შორის არის გემოვან თვისებებში განსხვავება?

- რა თქმა უნდა, განსხვავება მაინც არის. ჩვენთან სულგუნი ადგილობრივი რძით მზადდება და სულ სხვა უნიკალური არომატი აქვს. საფრანგეთშიც ძალიან მაღალი ხარისხის რძეა, მაგრამ აქ მომზადებული სულგუნი თითქოს ნაკლებცხიმიანია. რძე ახლომდებარე ფერმიდან მომაქვს. თუ ტექნოლოგიას სრულად დაიცავ, მით უმეტეს, საქართველოდან გამოგზავნილი კვეთი მაქვს, ეს ხელს მიწყობს, რომ ქართულ გემოსთან ახლოს იყოს ჩემი გაკეთებული ყველი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ გემოებთან ძალიან არის მიახლოებული, მაინც მიმაჩნია, რომ განსხვავება ყოველთვის იქნება.

9d3670c3-572a-49d2-81d7-5637c0eb7912-1774722437.jpg

- რამდენად იმოქმედა თქვენი ოჯახის კვების რაციონზე სულგუნმა? საფრანგეთში ხომ ისედაც ბევრია საუკეთესო ყველი.

- სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ სულგუნის მომზადება ძალიან რთულია. გჭირდება დიდი დრო, ყურადღება, სიზუსტე, წყლის ტემპერატურის დაცვა, ყველის მზაობა იმისთვის, რომ სულგუნი გაკეთდეს. ამ ყველაფერს ათვისება სჭირდება. ყოველ ჯერზე, როცა კი სულგუნს ვაკეთებ, სულ მგონია, რომ უფრო კარგი გამომდის. კვლავაც ვხვეწ ტექნოლოგიას, ამდენი რეკომენდაცია ძალიან გამომადგა.

როგორც ვთქვი, აქაური ყველი ძალიან მომწონს, მაგრამ როცა სუფრაზე სულგუნი გვაქვს, ოჯახურ გარემოს ქართული ხასიათი უბრუნდება. როცა სულგუნით მომზადებულ ხაჭაპურს, ყველიან კვერებს თუ უბრალოდ ყველსა და პურს ვჭამთ, ეს გულითად, სასიამოვნო ატმოსფეროს გვიქმნის. ჩვენთვის ეს კულტურული კავშირი ძალიან ემოციურია. ჩემი შვილები გიჟდებიან სულგუნზე.

- უცხოელებს მოსწონთ?

- ჩემს ფრანგ მეუღლეს სულგუნი განსაკუთრებულად უყვარს. საფრანგეთში ვისაც კი გავასინჯეთ და ავუხსენით, რომ ეს ქართული ტექნოლოგიით მომზადებული ქართული ყველია, ყველას ძალიან მოეწონა და დაინტერესდა. ეს ძალიან მახარებს, რადგან ვფიქრობ, რაღაც კუთხით ჩვენს ქვეყანას ვაცნობ უცხოელებს.

- მოთხოვნა თუ იქნება, დაფიქრდებით სარეალიზაციო რაოდენობის მომზადებაზე?

- თუ რეალური, სტაბილური მოთხოვნა გაჩნდება, აუცილებლად ვიფიქრებ. როდესაც სულგუნის შესახებ ვიდეო გამოვაქვეყნე, ქართველი ემიგრანტების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუ მოთხოვნა იქნება, აუცილებლად ჩავერთვებოდი ამაში, თუმცა კი ამ ეტაპზე მხოლოდ ოჯახისთვის ვაკეთებ, ჩემი საყვარელი საქმეა და მიუხედავად იმისა, რომ რთულია, ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა, მომზადების პროცესი იმდენად მსიამოვნებს. მომავალში კი არის შესაძლებელი მცირე წარმოებაზე ფიქრი.