"მანქანა სიმაღლიდან ხევში გადავარდა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები გურჯაანში მომხდარ ტრაგედიაზე?
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაშენში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში მყოფი კიდევ ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა და ისინი გურჯაანის კლინიკაში სასწრაფოს ბრიგადამ გადაიყვანა.
როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, შემთხვევა დღეს, საღამო ხანს, სოფელში არსებული სამების ეკლესიის მიმდებარედ მოხდა. როგორც ჩანს, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ხევში რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მომხდარით შეძრულები არიან ადგილობრივები. როგორც ჩვენთან საუბარში ერთ ერთი ადგილობრივი ამბობს, გარდაცვლილი და დაშავებულები მათი სოფლის მაცხოვრებლები არ არიან, ისინი გურჯაანიდან არიან.
“ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ღმერთმა ყველას გვაშოროს ასეთი ტრაგედიები. როგორც შევიტყვე, გარდაცვლილი მამამაკაცი არის გურჯაანიდან, ალიკა პეტრიაშვილი, ასევე დაშავებულია მანქანაში მყოფი ორი ადამიანი, ისინიც გურჯაანელები არიან. როგორც ვიცი, ერთი უფრო მძიმედ იყო, ახლა გადაყვანილები არიან კლინიკაში. ეს ტრაგედია დატრიალდა სოფლის თავში, იქ არის ფაცხები, საქეიფო ადგილი, ტყიანი ადგილია, ლამაზი ბუნება და ხშირად საქეიფოდ მოდიან ხოლმე. იმ ტერიტორიაზე სიმაღლიდან ხრამშია გადავარდნილი “ნივა”, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. რამ გამოიწვია ეს ავარია, ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ახლა აქ უამრავი ადამიანია მოსული, ყველა უწყებიდან არიან და ავარიის მიზეზს ისინი დაადგენენ. ვერც იმას გეტყვთ სიჩქარის გადაჭარბება იყო თუ არა ავარიის მიზეზი. ჩვეულებრივი მოწესრიგებული ხრეშიანი გზა არის, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა მანქანა ეტყობა და გადავარდა ხრამში. საღამო ხანი იყო, რომ დამირეკეს და მითხრეს, მანქანა არის ხევში გადავარდნილიო. ადგილზე რომ მოვედი, ეს მძიმე სურათი დამხვდა.
სასწრაფოს მიყავდა დაშავებულები. ეს ტერიტორია მათთვის უცხო არ იქნებოდა, კონკრეტულად უნდა იცოდე ადამიანმა ეს ადგილი, სხვანაირად იქ ვერ მოხვდები. ცენტრალური გზა მახლობლად არ არის. ხევიდან გახდა მანქანა ამოსაყვანი. ამ ხევს დიდი სიღრმე აქვს. მინდა სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილის ოჯახს ამ დიდი ტრაგედიის გამო. დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
(სპეციალურად საიტისთვის)