კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება აშშ-ისრაელისა და ირანის ომი?! - კვირის პალიტრა

კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება აშშ-ისრაელისა და ირანის ომი?!

გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პიტერ ანდრეოლი, რომელიც 26 მარტს შეხვდა "ქართული ოცნების" მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ამასთანავე, ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფ ანდრეოლის ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარეობა გააცნეს - ანაკლიაში მას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა უმასპინძლა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრას ესწრებოდნენ შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის", სს "საქართველოს რკინიგზისა" და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელები. ანდრეოლი ასევე შეხვდა ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს. შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთანაც. "მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის ჩართულობა და მიმდინარე პროცესები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს", - განაცხადეს სამინისტროში. ხელისუფლება, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობს აშშ-თან ურთიერთობების "გადატვირთვასა" და "ახალი ფურცლიდან დაწყებაზე", ცდილობს ეს ვიზიტი საკუთარ პოლიტიკურ წარმატებად წარმოაჩინოს. თუმცა ის ფაქტი, რომ საქართველოში ჩამოსული ამერიკელი მაღალჩინოსანი არ შეხვდა ხელისუფლების უმაღლეს პირებს, ექსპერტების ნაწილის შეფასებით, მიუთითებს, რომ ქვეყანასთან, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი იყო, ურთიერთობის ნორმალიზება მარტივი არ იქნება, მით უმეტეს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელ გიორგი მელაშვილთან:

- მოგეხსენებათ, აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ შეჩერებულია - ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის მიღებული ეს გადაწყვეტილება არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შეუცვლია. ეს მაშინ, როდესაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში აშშ საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი იყო - ამ პერიოდში სამხედრო თანამშრომლობა, საერთაშორისო დონეზე ინსტიტუციური და პოლიტიკური მხარდაჭერა სწორედ ვაშინგტონიდან მოდიოდა. თუმცა ბოლო წლებში "ქართული ოცნების" ანტიდასავლურმა რიტორიკამ და ანტიდემოკრატიულმა ნაბიჯებმა ურთიერთობა მნიშვნელოვნად გააუარესა და შექმნა დისტანცია, რომლის დაძლევაც მარტივი ნამდვილად არ იქნება.

ბოლო პერიოდში "ქართული ოცნება" აქტიურად ცდილობს შტატებთან ურთიერთობის აღდგენას, რაც აშკარად ჩანს, თუმცა ასევე აშკარაა ისიც, რომ მმართველი ძალის საგარეო პოლიტიკა გამოირჩევა ტოტალური არაკომპეტენტურობით და ხშირად არაადეკვატურობითაც. ნათლად დავინახეთ, რომ ირანში ისრაელ-ამერიკის სამხედრო ოპერაციის დაწყებისას "ქართულმა ოცნებამ" შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ისინი უფრო მეტად მხარს უჭერდნენ ირანს, ვიდრე არსებულ კოალიციას. ამ პოზიციამ, რომელიც მოკლევადიან გათვლებზე იყო დაფუძნებული, შეერთებულ შტატებში, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობა გამოიწვია.

ჩვენ ვნახეთ "ქართული ოცნების" არაერთი მცდელობა: აშშ-ში გაიგზავნა სხვადასხვა დელეგაცია; იქ იმყოფებოდა სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, ასევე საპარლამენტო დელეგაცია. საინტერესოა ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც: ამ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება, რის შედეგადაც საქართველო გახდა ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელსაც სავიზო შეზღუდვები დაუწესდა. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მისაღებად სჭირდებათ დაახლოებით 15 ათას დოლარამდე გირაო, ხოლო 10-წლიანი ვიზების მიღების შესაძლებლობა გაუქმდა და ჩანაცვლდა 3-თვიანი ვიზებით.

ამითაც მკაფიოდ გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" მცდელობების მიუხედავად, მათ არ გააჩნიათ საკმარისი პოლიტიკური წონა იმისთვის, რომ ურთიერთობის მნიშვნელოვანი გადატვირთვა მოხდეს - თუნდაც 2022 წლის ნიშნულზე დაბრუნება.

რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტს, დღეს ვაშინგტონისთვის სამხრეთი კავკასია სულ უფრო მეტად იძენს ახალ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში შეერთებული შტატები უკვე აქტიურად არის ჩართული, ხოლო ირანში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები რეგიონს დამატებით სტრატეგიულ დატვირთვას სძენს.

ამ ფონზე საქართველოს როლი კვლავ მნიშვნელოვანია - როგორც სატრანსპორტო დერეფანი, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი რგოლი და შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის ნაწილი. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ აღნიშნული ვიზიტიც.

ამ ვითარებაში აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, დიდი ალბათობით, ორმხრივ ხასიათს შეინარჩუნებს. ერთი მხრივ, ვაშინგტონი გააგრძელებს თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართულებით, ვინაიდან საქართველო კვლავ მნიშვნელოვანი რგოლია, მეორე მხრივ კი ამერიკული ინსტიტუტები უფრო მკაფიოდ და აქტიურად გამოხატავენ შეშფოთებას ქვეყნის შიდადემოკრატიული პროცესების შესახებ. შესაბამისად, დღევანდელი ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს როგორც სტრატეგიულად შენარჩუნებული პარტნიორობა, თუმცა პოლიტიკურად უფრო ფრთხილი და კრიტიკული.

ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვისაუბრია შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. მას ექნება ორი განშტოება: ერთი - ჩრდილოეთის, რომელიც საქართველოზე გაივლის, ხოლო მეორე - სამხრეთის, ე.წ. ზანგეზურის დერეფანი. ეს განშტოებები, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონში ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობის გაუმჯობესებას გამოიწვევს, თუმცა, იმავდროულად, ისინი ერთმანეთთან კონკურენციაშიც იქნებიან.

ამ კონკურენციის გათვალისწინებით საქართველოს მთავარი კონკურენტული უპირატესობა უნდა ყოფილიყო შავ ზღვაზე გასასვლელი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლითაც აშშ იყო დაინტერესებული. გვახსოვს, დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ასევე იმდროინდელი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში და "ქართული ოცნების" ხელისუფლების საჯარო დაპირება, რომ პორტი აუცილებლად აშენდებოდა. თუმცა ამის მიუხედავად, პროექტს განვითარება არ მოჰყოლია. მეტიც, იმ ჩინურ კომპანიასთან, რომელსაც პორტის მართვა უნდა ჩააბარონ, დღემდე ხელშეკრულებაც არ არის გაფორმებული.

ვფიქრობ, ამ მცდელობებს, მათ შორის აღნიშნულ ვიზიტსაც, სერიოზული შედეგი არ მოჰყვება, რადგან, სამწუხაროდ, "ქართულ ოცნებას" აკლია ადეკვატურობა და კომპეტენცია - ჯერ სწორად გააანალიზოს არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და შემდეგ იმოქმედოს რეალობის შესაბამისად.

- როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ის, რომ ამერიკელი წარმომადგენელი ანაკლიაში ჩავიდა და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობით დაინტერესდა?

- როგორც ჩანს, ამ პროექტის მიმართ აშშ-ის ინტერესი კვლავ არსებობს, თუმცა ჯერ გაურკვეველია, რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს მასში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ "ქართულმა ოცნებამ" პროექტი, ფაქტობრივად, ჩინურ მხარეს გადააბარა.

არ გამოვრიცხავ, რომ "ოცნება" ცდილობს აშშ-თან მოლაპარაკებას და მათ შორის ანაკლიის პორტით გარკვეულწილად ვაჭრობასაც, თუმცა იმისთვის, რომ ურთიერთობა რეალურად დარეგულირდეს და ნორმალიზდეს, აუცილებელია ორი ძირითადი წინა პირობის შესრულება: პირველი - ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე უარის თქმა და მეორე - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა.

მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ შეიძლება საუბარი აშშ-თან ურთიერთობის რეალურ გადატვირთვაზე.

სანამ ეს არ მოხდება, ყველა მათი მოჩვენებითი მცდელობა და დეკლარირებული "კონსერვატიზმი" შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან ამერიკულ მხარეს კარგად ესმის "ქართული ოცნების" რეალური პოლიტიკა. ამასთანავე, რესპუბლიკურ პარტიაშიც არსებობენ ჯგუფები, რომლებიც მკაფიოდ ხედავენ, რომ საქართველოში აშშ-ის ინტერესები გაცილებით უკეთ იქნება დაცული არა ავტოკრატიული, არამედ დემოკრატიული მმართველობის პირობებში.

- გასულ კვირას გამოქვეყნდა ორი მნიშვნელოვანი ანგარიში: ერთი ნატოს ყოველწლიური ანგარიში, სადაც საქართველოზეც არის საუბარი, ხოლო მეორე ბრიტანეთის პარლამენტის ანგარიში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მთავრობას მოუწოდებს დაუწესოს ახალი სანქციები "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, ასევე ქართველ კლეპტოკრატებსა და იმ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ.

- ნატოს ანგარიშში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ 2024 წლის შემდეგ საქართველოში დემოკრატიული გარემო მკვეთრად გაუარესდა. ერთადერთი სფერო, სადაც თანამშრომლობა კვლავ გრძელდება, სამხედრო მიმართულებაა - ნატო აგრძელებს ქართული ჯარის მხარდაჭერას. მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ხელისუფლებაში ყოფნისას გამოვლინდა სერიოზული კორუფციული პრობლემები, ნატო მაინც ცდილობს ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, იგივე სურათია - საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის მთავარი წინა პირობა კვლავ რჩება იმ ანტიდემოკრატიული პოლიტიკის შეწყვეტა, რომელსაც "ქართული ოცნება" ატარებს.

რაც შეეხება ბრიტანეთის პარლამენტის ანგარიშს, როგორც ჩანს, ის სანქციები, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაუწესდა სამთავრობო არხებს, "იმედსა" და "პოსტივის", მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. საქმე ის არის, რომ ბრიტანეთი კარგად იცნობს რუსული ჰიბრიდული ომის სპეციფიკას - იმას, თუ როგორ ცდილობს რუსეთი სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სტრუქტურებისა და ინსტიტუტების გამოყენებას სახელმწიფოების მდგრადობის შესასუსტებლად. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება "ქართული ოცნების" პროპაგანდისტული მანქანის გამოყენება საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ.

სამწუხაროა, რომ ვხედავთ "ქართული ოცნების" პროპაგანდის სრულ თანხვედრას რუსულ პროპაგანდასთან - ნარატივები პრაქტიკულად იდენტურია და ემთხვევა იმ გზავნილებს, რასაც ევროკავშირსა და აშშ-ს, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციის მიზნით კრემლი ავრცელებს როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც,

ის, რომ ხელისუფლება აშკარად არ აპირებს უკან დახევას, კარგად ჩანს ელენე ხოშტარიას საქმეზე გამოტანილ განაჩენშიც - ადამიანს ბანერზე წარწერის გამო წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ეს ყველაფერი ქმნის საფუძველს, რომ სანქციები ამ ხელისუფლებისა და მისი პროპაგანდისტების წინააღმდეგ კიდევ უფრო გაფართოვდეს.

"ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა უკვე ჩიხში შეიყვანა - დაზიანებულია არა მხოლოდ პოლიტიკური იმიჯი, არამედ საფრთხის ქვეშ დგას ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია.

- ვერ ავუვლით გვერდს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. ერთი მხრივ, დონალდ ტრამპი ამტკიცებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ ირანი სამხედრო თვალსაზრისით უკვე დასუსტებულია და შეთანხმებას "ემუდარება", მეორე მხრივ კი თავად ირანი უარყოფს დიალოგის არსებობას და მიმდინარე კომუნიკაციებს მხოლოდ "შეტყობინებების გაცვლად" აფასებს. ამ წინააღმდეგობრივი განცხადებების ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი "საბოლოო დარტყმისთვის" სხვა სამხედრო სცენარებსაც ამზადებს, რაც ჰორმუზის სრუტის ირგვლივ ესკალაციის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. რას ნიშნავს მხარეების ასეთი რიტორიკა და რამდენად რეალურია კონფლიქტის უფრო მასშტაბურ ფაზაში გადასვლა?

- ირანში ვითარება უკიდურესად კომპლექსურია. ისრაელ-აშშ-ის სამხედრო ოპერაციის პირველმა და მეორე ეტაპებმა წარმატებით ჩაიარა - მნიშვნელოვნად დაზიანდა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ბირთვული ობიექტები, სარაკეტო სისტემები და სხვა. თუმცა ამ ყველაფერს არ მოჰყოლია რეჟიმის შეცვლა. რთულია დაზუსტებით თქმა, შედიოდა თუ არა თავიდანვე აშშ-ის გეგმაში ირანში რეჟიმის შეცვლა, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ერთ-ერთი სასურველი შედეგი მაინც შეიძლებოდა ყოფილიყო.

ოპერაციის დაწყებამდე შესაძლო სცენარებზე საუბრისას, ძირითადად, სამი ვარიანტი განიხილებოდა:

პირველი - ისრაელი და აშშ შემოიფარგლებოდნენ საჰაერო დარტყმებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ქვეყნის სამხედრო პოტენციალის და მმართველობითი სისტემის გარკვეული კომპონენტების განადგურებას;

მეორე - ამ პროცესს მოჰყვებოდა რეჟიმის ცვლილება;

მესამე - ირანი შესაძლოა აღმოჩენილიყო ხანგრძლივ სირიის ტიპის კონფლიქტში, ანუ მომხდარიყო მისი ერთგვარი "სირიიზაცია".

ამ ეტაპზე ჩანს, რომ პირველი სცენარი ყველაზე რეალისტურია, თუმცა ვითარება შეიძლება შეიცვალოს. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ევროპელმა პარტნიორებმა შედარებით შეზღუდული მხარდაჭერა გამოხატეს ამ ოპერაციის მიმართ, ნაკლებად მოსალოდნელია აშშ-ის მხრიდან ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია ირანში. თუმცა არ არის გამორიცხული მცირე მასშტაბის სამხედრო მოქმედებები, მაგალითად, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

მიუხედავად ოფიციალური უარყოფისა, ფაქტია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თეირანი იძულებულია მსგავსი მკვეთრი განცხადებები გააკეთოს შიდა აუდიტორიისთვის. არსებული ვითარების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მხარეები გარკვეულ ეტაპზე დეესკალაციასა და შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.

ამ დარტყმების შედეგად ირანის რეჟიმმა გარკვეული ტრანსფორმაცია უკვე განიცადა, მას მერე, რაც მისი ლიდერების ნაწილი ლიკვიდირებულია. არ არის გამორიცხული, ვითარება ნაწილობრივ დაემსგავსოს ვენესუელის ვითარებას, სადაც მადუროს გატაცების შემდეგ მართალია რეჟიმი არ შეცვლილა, თუმცა გარკვეულწილად შეიცვალა: გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, ნაწილობრივ გაითვალისწინეს აშშ-ის ინტერესები და ა.შ. საერთო ჯამში, მადუროს მმართველობის პერიოდთან შედარებით, იქ მდგომარეობა გაუმჯობესებულადაც კი შეიძლება შეფასდეს.

არ არის გამორიცხული, ამის მსგავსად აშშ-მა ირანში მოქმედ რეჟიმს მისცეს ევოლუციური ცვლილებების შესაძლებლობა, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას - ჩემი შეფასებით, კონფლიქტი დიდხანს ვერ გაგრძელდება.