„ახლა უწმინდესი იქიდან გვლოცავს ყველას, მათ შორის, მათაც, ვინც „კვირის პალიტრიდან“ იმ ქვეყნად გადაინაცვლა“
საქართველოს პატრიარქი წმინდანთა ზეციურ სამყოფელს შეუერთდა. ამიერიდან ზეციდან ველოდებით მის მფარველობასა და ნუგეშს. Aარ დააყოვნებს ეს ნუგეში, რადგან თავად დაგვიბარა: როცა აღარ ვიქნები, მთხოვეთ და დაგეხმარებითო. სასწაულია, რომ გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო ბევრმა Iირწმუნა მისი მისია - ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ დროში ერის გამთლიანება და გაძლიერება, თუმცა ხალხმა სიცოცხლეშივე დაიწყო მის გარშემო შემოკრება: ზოგმა ხილულად და შეხებით, ზოგმა უხილავად, სულიერად.
მათ, ვინც "კვირის პალიტრა" შექმნა, კარგად იცოდნენ, რომ "პირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და იგი იყო ღმერთი", რაც ნიშნავდა იმას, რომ ქაღალდზე დატანილი სიტყვები უნდა ყოფილიყო მართალი და ღმერთთან ახლოს.
გაზეთის პირველი მთავარი რედაქტორი, ქალბატონი ლალი გუნთაიშვილი, თავად იყო ამ გზის გამკვალავი და სიმბოლო მათთან ერთად, ვინც გაზეთის პირველ ფურცლებს წერდა. მასაც უყვარდა თავისი ქვეყანა დიდი სიყვარულით - ხან თვალზე ცრემლით, ხანაც სიამაყითა და სიხარულით, გაჭირვებულთა დახმარებით...
ასე დადგა ფეხზე "კვირის პალიტრა" და ამ გზის დასაწყისიდან მალევე მიიღო პატრიარქის დალოცვა და სიყვარული.
პატრიარქთან რედაქციის პირველი წევრების შეხვედრა ერთგვარად საკრალური იყო ათასწლეულების მიჯნაზე: 2000-იანი წლების დასასრულს, როდესაც ნგრევისა და სიღატაკის კვალი მკვეთრად აჩნდა ჩვენს ქვეყანას, "კვირის პალიტრა" ცდილობდა ხალხისთვის გულწრფელი, თბილი სიტყვა მიეწოდებინა და იმედით აევსო, რისთვისაც საპასუხო სიყვარულსაც იღებდა და ნელ-ნელა შემომატებულ ათასობით მკითხველსაც.
...იმ დღეს პატრიარქს თითქმის სრული "კვირის პალიტრა" ეახლა. მათ შორის ჩვენი გაზეთის პირველი მთავარი რედაქტორი, ქალბატონი ლალი გუნთაიშვილი, მისი შვილები, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს გაზეთს; ასევე მეგობრები - "კვირის პალიტრის" პირველი თანამშრომლები, ცოდნისა და ერთგულების ნიჭით დაჯილდოებული ქალბატონები. მათი მოგონება ამ დღეზე უცვლელად ინახავს სიყვარულს, რაც პატრიარქისაგან მიიღეს და "კვირის პალიტრას" დღემდე მოჰყვება.
ზამთრის იმ დილას, როდესაც მოახლოებული იყო პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების დღეები, კვირისპალიტრელები პატრიარქს შეხვდნენ და მისგან დაუვიწყარი სითბო წამოიღეს. მის უწმინდესობას მართლაც ღვთისგან მონიჭებული უდიდესი მადლი ჰქონდა, რომ შემხვედრისთვის არა მხოლოდ მისი დალოცვის ძალა გამოეტანებინა, არამედ მისი ხელების სითბოც, რაც არავის არასოდეს დაგვვიწყებია.
"პატრიარქის ლოცვის ძალა დღემდე მოჰყვება "კვირის პალიტრას"
პირველპალიტრელები პატრიარქთან შეხვედრას ასე იხსენებენ:
სალომე ნიკოლეიშვილი: - პატრიარქთან შეხვედრის დაგეგვმას ყოველთვის ახლდა პატარა სირთულე, რადგან ბევრს სურდა მისი დალოცვა, თუმცა, როდესაც "კვირის პალიტრის" რედაქტორი დაუკავშირდა საპატრიარქოს, მაშინვე გვითხრეს, მობრძანდითო. ხალხს უკვე უყვარდა ჩვენი გაზეთი და ეს პატრიარქმაც იცოდა...
არ იყო ადვილი იმ პერიოდში გაზეთის შექმნა, როდესაც არც შუქი იყო, არც სითბო, არც ფართობი გვქონდა დიდი. გაზეთი ხანდახან კიბეზე ჩამომსხდრებსაც შეგვიდგენია, მაგრამ ხალხის სიყვარული იყო და ეს იცოდა უწმინდესმაც. ყველას უდიდესი მოწიწება გვქონდა მის მიმართ.
დაინახავდი თუ არა, მისდამი ისეთი მოწიწებით აივსებოდი, თითქოს რაღაც უხილავი ძალა გეუბნებოდა, მდუმარე ყოფილიყავი, რომ მისგან წამოსული მადლი შეგეგრძნო.
თავადვე გეხმარებოდა, რომ განდობოდი და გულში ნადები ამოგეთქვა. ყველა, რა თქმა უნდა, ვერ გავესაუბრებოდით, მაგრამ ქალბატონმა ლალი გუნთაიშვილმა თქვა ჩვენი სათქმელი და მის უწმინდესობას ისიც უამბო, თავად როგორ მივიდა რწმენასთან. ეს გზა არ იყო ადვილი... თუმცა, "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი თავისი ცხოვრების წესით იყო ქრისტიანი და სიკეთის გამცემი. ამას ყველა მასთან შემხები გრძნობდა და ამიტომაც ბევრს უყვარდა.
როდესაც ლალი ლაპარაკობდა, ცრემლები უბრწყინავდა თვალებში და პატრიარქის თვალებშიც ცრემლი დავინახე... იმ დღეს რა დამავიწყებს, მისი უწმინდესობა ძალიან მოეფერა მასაც და ჩვენც, ყველა სათითაოდ დაგვლოცა და გამოგვიშვა. ვხედავ, რომ ამ ლოცვის ძალა დღემდე მოჰყვება "კვირის პალიტრას".
"პატრიარქს ულამაზესი მცენარე ვაჩუქეთ, ძალიან გაიხარა და ჩვენც კიდევ უფრო გავიხარეთ"
მანანა ჯანელიძე: - იმ დღეს ყველანი აღელვებული ვიყავით პატრიარქთან შეხვედრით. მის უწმინდესობას რა ტვირთი, რა მისიაც ჰქონდა ქვეყნის წინაშე, ეს ყველა ჩვენგანმა იცოდა და გრძნობდა. დიდი მოწიწებით მივეახლეთ, პატრიარქის დალოცვასაც ველოდით და მისთვის საჩუქარიც მომზადებული გვქონდა.
რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ უწმინდესის გული სიხარულით გაგვეთბო, ამაზე კვირისპალიტრელებს ბევრი ფიქრი არ დასჭირვებიათ, რადგან იცოდნენ, მისი უწმინდესობა რა რუდუნებით უვლიდა საპატრიარქოს ბაღს. ამიტომ ულამაზესი და ეგზოტიკური მცენარე ვაჩუქეთ. ძალიან გაიხარა პატრიარქმა და ჩვენც კიდევ უფრო გავიხარეთ.
ახლა უწმინდესი უკვე ზეციურ სამყოფელშია, იქიდან გვლოცავს ყველას, მათ შორის, მათაც, ვინც "კვირის პალიტრიდან" იმ ქვეყნად გადაინაცვლა. დარწმუნებული ვარ, მისი ლოცვა ყველას ისევ გაგვაძლიერებს.