"საქართველოში მივიღეთ დიდი პოლიტიკური ჩიხი“ - კვირის პალიტრა

"საქართველოში მივიღეთ დიდი პოლიტიკური ჩიხი“

ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე­ პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს­ ვესაუბრებით:

- მთავარი საკითხი, რაც ვერ გაგვირ­კვევია, სეკულარიზმს ეხება. მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო სეკულარული ქვეყანა უნდა იყოს, თუმცა რეალურად საპირისპირო სურათს ვხედავთ. ისინი, ვინც ადრე ეკლესიას საერო საქმეებში ჩარევის გამო აკრიტიკებდნენ, ახლა თავად ერევიან. ხშირად ისეთი პირები გამოთქვამენ აზრს, რომლებმაც შესაძლოა პირჯვრის გადაწერაც კი არ იციან.

ფაქტია, პატრიარქის გარდაცვალების­ გამო გაჩნდა ვაკუუმი­ - საქართველოში არ ყოფილა ხელისუფლება,­ რომელსაც არ მოენდომებინოს საპატ­რიარქოს ჯიბეში ჩასმა, არ არსე­ბობდა­ პოლიტიკოსი, რომელსაც არ მოენდომებინოს პატრიარქის მხარდაჭერა, რათა ამის მეშვეობით მრევლზე გასულიყო.

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ვინაიდან ასეთი ავტორიტეტული ხელმძღვანელი აღარ ჰყავს ეკლესიას, ყველა ცდილობს­ ამით ისარგებლოს. არის ხალხი,­ რომელთაც სურთ საპატრიარქოს დასუსტება­. თუ საპატრიარქოს ავტორიტეტი დაეცემა, ამით ვინ ისარგებლებს? მხოლოდ რუსეთი და ასეთ ვითარებაში ძალიან საფრთხილოა ეს ყველაფერი.

რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემაა ეკლესიაში. ის ხომ ამ საზოგადოების ნაწილია - რა პრობლემებიც არის საერო საზოგადოებაში, გადატანილია ეკლესიაშიც და ვინაიდან ის უფრო დახურული სისტემაა, ყველაფერი უფრო მწვავედ ჩანს, მაგრამ არ შეიძლება მათი მოგვარება იმ მეთოდებით, რომლებსაც პოლიტიკაში მივმართავთ­ - ქერტლი რომ აქვს ადამიანს, თავი უნდა წააცალო და მაშინ ქერტლის პრობლემაც მოისპობა?! ეკლესია ერთადერთი ორგანოა, რომლის უფლებამოსილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა აღიარებული, მათ შორის რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელიც პუტინის მონაა, მაგრამ ისიც კი იძულებულია, საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ცნოს, თუნდაც ფორმალურად.

ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუკი საქართველოს ეკლესიაში განხეთქილება მოხდა, ეს ხელს შეუწყობს იმასაც, რომ აფხაზებს დამოუკიდებელ ეკლესიაზე გაუძლიერდებათ პრეტენზია და ეს ძალიან სახიფათოა.­ კარგი იქნება, თუ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თავს დაანებებენ საეკლესიო საქმეებში ჩარევას და მისცემენ სინოდს­ საშუალებას, ნორმალურად და საეკლესიო კანონების თანახმად ჩაატაროს პროცესი. ორმოცი დღე სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ შიდა ვითარება გარე ჩარევებმა დაძაბოს და შიდა განხეთქილებებს უბიძგოს,­ რაც ძალიან ცუდი იქნება.

- ოპოზიციის განცხადებები აჩვენებს, რომ თითქოს ისევ ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ­ წყალს. ახლა მაინც რატომ ხდება ასე?

- ოპოზიციას არა აქვს წარმოდგენა, როგორ მიაღწიოს შედეგს. ხელისუფლებას არ შესწევს ძალა, დასძლიოს პროტესტი...

ოპოზიცია ვერ ახერხებს შეცდომების გაანალიზებას. მათ არა აქვთ საზოგადოებისთვის მისაღები გეგმა­ და ლიდერების დეფიციტს განიცდიან. შედეგად, მივიღეთ ჩიხი - ხელისუფლება ვერ აგვარებს პროტე­სტს, ოპოზიცია კი ვერ ახერხებს პროცესებზე ზემოქმედებას.

ხელისუფლების მთავარი შეცდომა კრიზისის არაღიარებაა. რაც მთავარია, ხელისუფლების პოლიტიკა დასავლეთის მიმართ პრიმიტიულია - სჯერათ,­ რომ პროტესტი გარედან იმართება და დიალოგის ადრესატად არა საკუთარ საზოგადოებას, არამედ­ "პატრონებს" მიიჩნევენ.­ ევროპას ისინი­ ამერიკის­ სატელიტად თვლიან და მთელ იმედს ტრამპის ადმინისტრაციაზე­ ამყარებენ. ფიქრობენ, თუ ლიბერალურ დემოკრატიასა და ევროპაზე იმავე­ რიტორიკას­ გამოი­ყენებენ, როგორსაც ტრამპის გარემოცვა, ამერიკის მხარდაჭერას მოიპოვებენ.

თავის მხრივ, ოპოზიციაც მთელ ენერგიას დასავლეთში ხელისუფლების დისკრედიტაციასა და სანქციების მიღწევას ახმარს. შედეგად, ორივე მხარისთვის მთავარი ადრესატი დასავლური წრეებია და არა ქართველი ხალხი. კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ შიდა დიალოგშია - ორივე მხარემ უნდა დაინახოს საზოგადოების პრობლემები და აღიაროს შეცდომები. სანამ პოლიტიკური აქტორები პრობლემის მოგვარებას მხოლოდ გარე ძალების მეშვეობით ეცდებიან და ხალხს პროცესს მიღმა დატოვებენ, ქვეყანა მუდმივი დაძაბულობისა და გაურკვევლობის რეჟიმში იქნება.

- მაგრამ დიალოგზე რომ არ მიდიან?­

- ქართული პოლიტიკის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებისა­ და ოპოზიციის მესიჯების ადრესატი მხოლოდ მათივე­ რადიკალური მომხრეები არიან. წლების განმავლობაში პოლიტიკურ პროცესს ოპონენტისგან "მტრის ხატის"­ შექმნა ამოძრავებდა.­ ამ სტრატეგიამ შედეგი მოიტანა, საზოგადოება გაიყო, თუმცა ახლა თავად პოლიტიკოსები გახდნენ საკუთარი პროპაგანდის ტყვეები. როდე­საც მხარეები ერთმანეთს "ქვეყნის­ მოღალატეებს" ან "უცხო ქვეყნის აგენტებს" უწოდებენ, დიალოგის დაწყება თითქმის შეუძლებელი ხდება. პოლიტიკურ აქტორებს აქვთ მუდმივი შიში, რომ კომპრომისის შემთხვევაში საკუთარი ამომრჩეველი ღალატში დასდებს ბრალს. სწორედ ეს შიშია ქართული პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი: პოლიტიკური ძალა ჯერ რადიკალურ პროპაგანდისტულ ხაზს ავითარებს, შემდეგ კი ეშინია ამ ხაზიდან გადახვევის, რათა მხარდამჭერები არ დაკარგოს. ამ მოჯადოებულ წრეში ვართ გაჭედილი ყველა - ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და საზოგადოებაც.

დამოკიდებულება, რომ კრიზისი მხოლოდ დასანქცირებით ან ტრამპის ადმინისტრაციასთან გარიგებით მოგვარდება, პრიმიტივიზმია. ქართული პოლიტიკა სწორედ აქამდეა დაყვანილი. არავის უნდა ამ შეკრული წრიდან გამოსვლა, რადგან კომპრომისი მათთვის დიდ პოლიტიკურ დანაკარგთან ასოცირდება. მხარეებს ურჩევნიათ დარჩნენ საკუთარ ნაჭუჭში, ვიდრე გადადგან ნაბიჯი დიალოგისკენ, რადგან ეშინიათ, რომ ამის გამო საკუთარი მომხრეები ჩაქოლავენ.

- სად არის გამოსავალი?

- საზოგადოების პოლარიზაცია და პრინციპი "ვინც ჩემთან არ არის, მტერია" ნორმალური პოლიტიკის გატარებას შეუძლებელს ხდის. დღეს დიალოგის რესურსი არ ჩანს, რადგან ორივე მხარე მხოლოდ გარე ფაქტორებზეა ფოკუსირებული. ხელისუფლება საზოგადოებასთან საუბრის ნაცვლად, ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციას დაუმტკიცოს ერთგულება. სჯერათ, რომ დასავლეთი ყველაფერს გაყიდის ეკონომიკური ინტერესების სანაცვლოდ. სწორედ ამიტომ ცდილობენ ანაკლიის პროექტი თუ "სატრანზიტო დერეფნის" თემა ამერიკელებს მხარდაჭერისა და ძალაუფლების ხელშეუხებლობის გარანტიად მიჰყიდონ.

ოპოზიციაც მთელ ენერგიას დასავლეთში სანქციების ლობირებას ახმარენ. ორივე მხარის ვექტორი გარეთაა მიმართული, რაც შიდა პრობლემებს ვერ აგვარებს.

რუსა მაჩაიძე