რა მისიით ჩამოვიდა საქართველოში სახდეპის მაღალჩინოსანი - კვირის პალიტრა

რა მისიით ჩამოვიდა საქართველოში სახდეპის მაღალჩინოსანი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს­ წარმომადგენლის პიტერ ანდრეოლის ბოლო ვიზიტი საქართველოში ერთგვარი­ გეოპოლიტიკური აუდიტის მნიშვნელობას­ იძენს - საქართველოს ხელისუფლებას აქცენტი ეკონომიკურ "გადატვირთვაზე" გადააქვს... მაშინ, როცა ვაშინგტონის მთავარი პრაგმატული ინტერესი "შუა დერეფანზე" გადის და ამის დასტურია ანდრეოლის ვიზიტის მარშრუტიც, რომელიც ფოთის პორტში ამერიკული ინვესტიციის დათვალიერებასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე ჩასვლას მოიცავდა, შესაძლოა "ოცნების" სტრატეგიას რაღაც პერსპექტივაც ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, ეს აშშ-ისთვის საკმარისი არ არის, მით უმეტეს, ანაკლიის პორტის მშენებლად ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია დასახელებული, რომელშიც აშშ-ის მიერ სანქცირებული კომპანიაც ფიგურირებს. ფოთის პორტის გაფართოების მხარდაჭერით აშშ ცდილობს საკუთარი ეკონომიკური და სტრატეგიული დასაყრდენის­ შენარჩუნებას,­ მეორე მხრივ, ანდრეოლის შეხვედრები ოპოზიციასა და სამოქალაქო­ სექტორთან ცხადყოფს­, რომ ამერიკული მხარისთვის პრობლემა დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობა და ის პოლიტიკური ვექტორია, რამაც სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური დახმარების გადახედვა განაპირობა. საერთო ჯამში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის რა პერსპექტივა იკვეთება და რა შეცვალა ანდრეოლის ვიზიტმა, ამ სა­კით­ხებზე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქ­ტორს კორნელი კაკაჩიას ვესაუბრებით:

- მისასალმებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტიდან ვიღაც ჩამოვიდა, თუნდაც სამუშაო ვიზიტით. ეს ნიშნავს, რომ აშშ მაინც ცდილობს სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნებას. კარგია, რომ სტუმარი როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. თუმცა ამ ვიზიტის შემობრუნების წერტილად გამოცხადება ნაადრევია. ფრთხილი ოპტიმიზმი­ შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ხელისუფლების მცდელობა, ეს პროცესი სტრა­ტეგიული ურთიერთობის აღდგენად გაასაღოს, ამის ნიშნები ნაკლებად ჩანს. საბოლოო გადაწყვეტილებებს მაინც მაღალ დონეზე იღებენ, მაღალი დონის ვიზიტები კი ჩვენთან აღარ არის, გამომდინარე "ქართული ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკიდან... მიუხედავად ტრამპის კრიტიკული დამოკიდებულებისა ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, რესპუბლიკელებს არ ავიწყდებათ, რომ ეს რიტორიკა ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული. შესაბამისად, ვითარება ვერ გამოსწორდება, სანამ ქვეყანაში ძირეული ცვლილებები არ მოხდება დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში. ეს ვიზიტი უფრო საქმიანი იყო და კონკრეტულ თემებს ეხებოდა, მაგრამ მაინც კარგია, რომ გაიმართა.

აშშ-თან დამოკიდებულებაში ჩვენი მხრიდან ორი მთავარი მოსაზრება იკვეთება: ერთი ის, რომ ტრამპისთვის მარტო საქართველო კი არა, სამხრეთ კავკასიაც არ არის პრიორიტეტული. ეს რეგიონული­ ტურნე შემთხვევით დაიგეგმა, რადგან მას მიაწოდეს იდეა, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების გამო, ფაქტობრივად, უკვე შემდგარი იყო. ასევე­ შემთხვევითი არც ის იყო, რომ ჯეი დი ვენსმა ვიზიტისას საქართველო გამოტოვა. ეს ნიშნავს, რომ ჯერ ერთი, საქართველო აღარ არის აშშ-ისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი; მეორე, ამ ანტიამერიკული რიტორიკის ფონზე აშშ-ის ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პარტია იქნება სათავეში.

მისთვის მიუღებელია ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათ სისტემურ მოწინააღმდეგეებთან, ჩინეთსა და ირანთან მეგობრობს. ამის ნათელი გამოხატულებაა ის, რაც ყოფილმა ელჩმა თავის ბოლო ინტერვიუში თქვა, თუ საქართველო ამ პოლიტიკას გააგრძელებს, ის გახდება "სტრატეგიულად უმნიშვნელოო". ზუსტად ეს ხდება - თვითიზოლაციისა და დასავლეთთან დაპირისპირების შედეგად, საქართველო სტრატეგიულად უმნიშვნელო გახდა და ამის ფასს უკვე ვიხდით. "ქართული ოცნებაც" ბოლოს მიხვდა ამას. ის, რომ ქვეყანას დანიშნული ელჩი არ ჰყავს, სწორედ იმის დიაგნოზია, რომ ჩვენი ქვეყანა სტრატეგიულად უმნიშვნელო გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" ლობისტების მეშვეობით ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციასთან იდეოლოგიური სიახლოვის დემონსტრირებას, ნაკლებმოსალოდნელია იმ სტრატეგიულ დონეზე დაბრუნება, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში გვქონდა.

- ახსენეთ, რომ ამ ვიზიტის მთავარი მახასიათებელი საქმიანი მხარე იყო და არა პირდაპირ პოლიტიკური. ბიზნესინტერესებმა­ რამდენად შეიძლება გადაწონოს ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ისე, რომ დემოკრატიის ხარისხი მნიშვნელოვნად აღარ ჩაითვალოს?

- საქმე სწორედ ის არის, რომ საქართველოს ბევრი "კარტი" არა აქვს შესათავაზებელი. ჩვენ არ გაგვაჩნია ნავთობი ან გაზი, როგორც, მაგალითად, აზერბაიჯანს. მართალია, შეხვედრაზე ანაკლიის პორტზე იყო საუბარი, მაგრამ აქაც ისეთი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, აშკარად არ არის აშშ-ის ინტერესების თანხვედრაში. ყველას გვახსოვს, ვინ გაიმარჯვა ტენდერში - ჩინურმა კომპანიამ. "ოცნება" ახლა მიხვდა ამას და ცოტა ფრთხილად ეკიდება ტრამპის ადმინისტრაციას.

- საქართველოს იმ ქვეყნების სიაში შეყვანა­, ვინც აშშ-ში ტურისტული და საქმიანი ვიზების­ მისაღებად გირაოს იხდის, პოლიტიკურად რას­ ნიშნავს?

- აქ ორი საკითხია: პირველი - როგორც ვიცი, გადაწყვეტილების მიღებისას სტატისტიკას ეყრდნობოდნენ და აკვირდებოდნენ, რომელი ქვეყნის მოქალაქეები რა პროცენტულობით არღვევდნენ კანონს და სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეები­ გამორჩეულები იყვნენ; მეორე­ მიზეზი პოლიტიკურია. საქართველო ძველებურად სტრატეგიული პარტნიორი რომ ყოფილიყო, ალბათ, შეეცდებოდნენ თვალი დაეხუჭათ ამაზე, რადგან პატარა ქვეყანა ვართ და იქ მყოფი ქართველების რაოდენობა არ არის ისეთი მასშტაბური, რომ თვალში საცემი ყოფილიყო. თუმცა, რადგან ქვეყანა სტრატეგიულად უმნიშვნელო გახდა, ვაშინგტონმაც შესაბამისი გადაწყვეტილება­ მიიღო. ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ქვეტექსტი იკითხება - სტრატეგიული ურთიერთობები რომ გვქონოდა, ქართველებთან დაკავშირებული რთული მდგომარეობის შემთხვევაშიც მოძებნიდნენ გამოსავალს. ამის მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, როდესაც ბევრი ქართველის წასვლამ უვიზო მიმოსვლას საფრთხე შეუქმნა. მაშინ პარტნიორები შსს-სთან კომუნიკაციაზე გამოვიდნენ, პოლიციის ატაშეები გაგზავნეს და საკითხი ისე დაარეგულირეს, რომ ქვეყანა არ დაზარალებულიყო. ახლაც მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ...

- ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში უახლოეს პერიოდში რას ელოდებით?

- "ქართული ოცნების" რიტორიკა აშშ-თან დამოკიდებულებაში სხვადასხვა დონეზე გამოიხატა. მაგალითად, ყაველაშვილის ღია წერილები ამერიკის პრეზიდენ­ტისადმი, სადაც იკითხება მთავარი სათქმელი - თქვენ უნდა გვაღიაროთ ისეთებად, როგორიც ვართო. ეს იყო საყვედურნარევი­ გზავნილი, სადაც პარალელი გაავლეს სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან. ხელისუფლება დასავლეთს, ფაქტობრივად, ეუბნებოდა, რომ თუ აშშ და ევროკავშირი თანამშრომლობენ სხვა ავტორიტარებთან, მაგალითად, აზერბაიჯანთან, რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს საქართველოს შემთხვევაშიცო.

მათ ვერ გაიგეს მთავარი განსხვავება - დასავლეთისთვის და, მათ შორის აშშ-ისთვის, საქართველოს ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ის ამ რეგიონში დემოკრატიის ფორპოსტი და დასავლური საყრდენი იყოს. თუ საქართველო არაფრით გამორჩეულ გარიყულ ავტორიტარულ სახელმწიფოდ იქცევა, ბუნებრივია, მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აღარ იარსებებს...

რუსა მაჩაიძე