„ხელისუფლებასთან დიალოგი აუცილებელია!“ - კვირის პალიტრა

„ხელისუფლებასთან დიალოგი აუცილებელია!“

"დიახ, არსებობს ქართული და ანტიქართული პოლიტიკური ზრახვები­ და პოლიტიკოსები. "ქართული ოცნება" ამ ვითარებაში ანტიქართული­ ძალაა", - ამგვარად უპასუხა პარტია "ლელოს" გენე­რალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იმის შესახებ, რომ "აღარ არსებობს არავითარი პროდასავლური და ანტიდასავლური, არსებობს მხოლოდ ქართული და ანტიქართული - საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ერი და უცხო გავლენით მოხიბლული პროტესტანტი". პაპუაშვილმა ეს მაშინ განაცხადა, როდესაც 2024 წელს წარმოთქმული პატრიარქის სიტყვები გაიხსენა. მისი თქმით, პატრიარქი საუბრობდა გარე გავლენებზე, ეკლესიის დასუსტების მცდელობასა და საზოგადოების იდენტობის საფრთხეებზე. "პატრიარქი ლაპარაკობს იმ გარე ძალებზე, რომელთაც არ სურთ ძლიერი ეკლესია საქართველოში; არ სურთ ეკლესია, რომელიც აერთიანებს ერს, იცავს მის იდენტობას, ამაგრებს მის სულიერ საძირკველს და თუ ეკლესია არ ჩადგება მათი გლობალისტური დღის წესრიგის სამსახურში, ისინი შეეცდებიან მის დანგრევას გაყოფით, დისკრედიტაციით, შეურაცხყოფით, ანტიდასავლური თუ პრორუსული იარლიყების მიკერებით", - ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

- ქართული და ანტიქართული განისაზღვრება იმით, თუ რა სჭირდება ახლა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია გავლენიანი და ძლიერი პარტნიორები, ასევე ეკონომიკის განვითარება, კორუფციის დაძლევა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. აუცილებელია გაძლიერდეს საქართველო, როგორც ევროკავშირისკენ მიმავალი სახელმწიფო, და გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

aqcia-parlamenttan-2-1774797735.jpg

- პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუა­შვილი ევროპარლამენტს საბჭოთა კავშირს ადარებს, ბრიუსელში "პოსტსაბჭოთა პირების" გავლენაზე საუბრობს და მათ კრიტიკას "ქართვ­ელების მოძულე პოლიტიკად" აფასებს.

- ის რეკომენდაციები, რასაც ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს, ქართველ ხალხს სჭირდება. გავიხსენოთ, რა ტიპის რეკომენდაციებზეა საუბარი: სასამართლოს დამოუკიდებლობა, საფინანსო ინსტიტუტებისა და ეროვნული ბანკის ხალხის სამსახურში ყოფნა, პროკურატურის დაცვა პოლიტიკური დაკვეთებისგან. ე.წ. რუსული კანონის პირობებში­ საქართველოში საქმიანობა შეეზღუდა­ ათასზე მეტ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლებიც­ სოციალურ პროექტებში იყვნენ ჩართული. ეს ხალხს დააზარალებს და არა პაპუაშვილს. "ლელოს" მთავარი ინტერესია, ქვეყანა არ მოექცეს იზოლაციაში და საქართველოს მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ უვიზო მიმოსვლა. ეს იქნება მძიმე დარტყმა ეკონომიკურ და უფლებრივ მიმართულებებზე. კრიზისი არსებობს და ეს აღიარებულია, მათ შორის "ქართული ოცნების" მხარდამჭერებშიც. სწორედ ამის გამო ჩვენ წარმოვადგინეთ დოქტრინა, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნება" ვალდებულია დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან როგორც ჩვენთან, ისე სხვა პოლიტიკურ ძალებთან.

- ამ ინიციატივის გამო ხელისუფლების უა­რი,­ ოპოზიციის ნაწილისგან კი კრიტიკა მიიღეთ.­

- დიახ, მაგრამ ალტერნატივა არ არსებობს. "ქართულ ოცნებას" აუცილებლად მოუწევს დიალოგზე წამოსვლა, რადგან კრიზისი უფრო გამწვავდება...

- მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ,­ რომ სინამდვილეში აქციებზე მხოლოდ რამდენიმე ასეული "აკაცუკი" დგას და ეს არ ასახავს საზოგადოების რეალურ განწყობას.

- ეს შალვა პაპუაშვილმა მაშინ თქვა, როდესაც დაინახა, რომ პატრიარქთან დასამშვიდობებლად მთელი საქართველო მივიდა სამებაში. თქვენი გაზეთის საშუალებით ვუსამძიმრებ საქართველოს ამ უმძიმეს დანაკარგს. რაც შეეხება "ოცნებას", ისევ შეეცადა საზოგადოების დაყოფას, თითქოს ერთ მხარეს აქციაზე მდგომები არიან, მეორე მხარეს კი დანარჩენი საქართველო. პაპუაშვილმა სინამდვილეში არ იცის, როგორი განწყობის ადამიანები იდგნენ იქ. ან კი როგორ უნდა დაენახა შუშებდაბურული ავტომობილიდან, რომლითაც ეკლესიის ეზოში შედიოდა დაცვის თანხლებით. ჩვენ ხალხთან ერთად ვიდექით, მათთან კომუნიკაციაც გვქონდა. პირადად მე სამჯერ ვიყავი სამებაში და ყოველ ჯერზე საათობით ვიდექი რიგში. პაპუაშვილს რეალური წარმოდგენა არა აქვს იმაზე, ვინ იდგა რიგებში.

- როგორ აპირებთ ასეთ ვითარებაში ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას?

- ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი დოქტრინა უცვლელია და ამ მიდგომას არ შევცვლით, მიუხედავად იმისა, რომ არა მხოლოდ დიალოგზე მივიღეთ უარი და ოპოზიციამაც გაგვაკრიტიკა, არამედ მეორე დღესვე გაგრძელდა რეპრესიები - ელენე ხოშტარიას ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო წელიწადნახევრიანი სასჯელი მიუსაჯეს, ალეკო ელისაშვილისთვის კი ბრალის დამძიმება სცადეს. კრიზისი უნდა გადაიჭრას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია პროცესის სტაბილიზაცია და იმ მძიმე სანქცირების შეჩერება. თუ ხელისუფლება ამაზე უარს იტყვის, მათი მხარდამჭერები ამას დაინახავენ და არჩევნებზე შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

- რას მიიჩნევთ ოპოზიციის მთავარ შეცდომად?­

- მე შეცდომად მიმაჩნია ბოიკოტი. ეს ავტომატურად ნიშნავს უკან დახევასა და დათმობას. დღესაც პრობლემაა სტრატეგიაზე შეთანხმება. ზოგი მიიჩნევს, რომ დიალოგი და მოლაპარაკება არასწორია, მაშინ როცა კრიზისის გადაჭრა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სჭირდება. მე ვიცი, რომ რიგი ოპოზიციონერები და პარტიები ამ განცხადებების გამო გვაკრიტიკებენ, მაგრამ მაინც ვამბობ, რომ მოლაპარაკება აუცილებელია! ჩვენ ვსაუბრობთ ორ მთავარ საკითხზე: პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ჩვენ ამ პოზიციის ერთგული ვართ, რა შეიცვალა დანარჩენი ოპოზიციის მიდგომაში, მე არ მესმის.

ხათუნა ბახტურიძე