"ხელისუფლება ცდილობს იმიტაცია შექმნას, თითქოს ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება“
საქართველოში საგარეო კურსის, სუვერენიტეტისა და დასავლეთთან ურთიერთობის შესახებ მიმდინარე დებატები სულ უფრო მეტად იძენს იდეოლოგიურ და პოლიტიკური დაპირისპირების ფორმას. ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიდან გამომდინარე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორი მხოლოდ ტექნიკური არჩევანი არ არის და ის პირდაპირ უკავშირდება ეროვნულ იდენტობას. მისი შეფასებით, დასავლური კურსის "სუვერენიტეტისგან განცალკევებით" განხილვა არასწორი მიდგომაა და ქმნის წინააღმდეგობრივ პოლიტიკურ ლოგიკას.
- არიან ადამიანები, მათ შორის მეც, რომლებიც ქვეყნის დასავლურ კურსს პროქართულად განიხილავენ, ხოლო საპირისპირო კურსს - ანტიქართულად. საგარეო ვექტორი ჩემთვის სუვერენიტეტის ნაწილია. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ჯერ სუვერენიტეტი და შემდეგ ქვეყნის საგარეო კურსიო, ოქსიმორონია. ვექტორი, საითაც მიდიხარ, იდენტობის ნაწილია. მაგალითად, როგორც ადამიანი საკუთარ თავს განსაზღვრავ, რა მიზნები გაქვს, იგივე ლოგიკაა სახელმწიფოზეც. შესაბამისად, საგარეო ვექტორი ერისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია - ეს არის გზა, საითაც ქვეყანა მიდის, როგორც ერთ სივრცეში მყოფი საზოგადოება. კარგია, როდესაც ქვეყანა საკუთარ თავს ეკუთვნის, მაგრამ რიგ შემთხვევაში და ამ კონკრეტულ მოცემულობაში ეს წარმოუდგენელია და, რა თქმა უნდა, ეს კარგად იცის ხელისუფლებამ.
- მაშინ როგორ ახსნით მმართველი გუნდის საუბარს, რომ დასავლური ბიუროკრატია ცდილობს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, რომ დასავლეთში არიან ძალები, რომელთაც არ სურთ საქართველოში ძლიერი ეკლესია და ისინი წლების განმავლობაში აფინანსებენ ძალას, რომელიც ქართულ იდენტობას ებრძვის.
- ეს ცალსახად პროპაგანდის ნაწილია. ის ხალხი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, დამოუკიდებლობას არ განიხილავს პრობლემად ისე, როგორც ამას საზოგადოებაში წარმოაჩენენ. თუ "ქართული ოცნება" ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, რატომ იბრძოდნენ კანდიდატის სტატუსისთვის? რატომ არის კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროპისა და ნატოსკენ სწრაფვა? ეს ჩანაწერები კონსტიტუაციაში რატომ გააკეთა ირაკლი კობახიძემ? დღეს რასაც ხელისუფლება ამბობს, დიდი აბსურდია. ეს არის მცდელობა საკუთარი ნაბიჯები გაამართლონ და საზოგადოებას უთხრან, თითქოს დასავლური გზა აღარ ნიშნავს უკეთეს ცხოვრებას, თან აცხადებენ, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე რჩებიან, მაგრამ რეალურად არ იღებენ პასუხისმგებლობას. ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ევროკავშირის წევრობისკენ მიდიან, მეორე მხრივ კი აკრიტიკებენ იმავე სისტემას. სხვათა შორის, ევროკავშირში არსებული რეგულაციები ხშირად ზრდის ცხოვრების ხარჯს, მაგრამ ამას იღებენ განვითარებული ქვეყნები. ხელისუფლება ცდილობს იმიტაცია შექმნას, თითქოს ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება, მაგრამ არ სურს იმ ინსტიტუციური პირობების მიღება, რაც ამ გზას ახლავს. თუ არ მივდივართ ევროკავშირისკენ, მაშინ უნდა იყოს მკაფიო პოზიცია, მაგრამ დღეს ერთდროულად ორივე მიმართულებით საუბრობენ, რაც ქმნის წინააღმდეგობრივ სურათს.
- შეიძლება ითქვას თუ არა, რომ "ქართულ ოცნებას" განსხვავებული დამოკიდებულება და შესაბამისად, განსხვავებული მოლოდინიც აქვს ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან?
- დიახ, ეს აშკარად ჩანს. შეიძლება ამ მხრივ მეტი პერსპექტივაც იყოს, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონი და კონკრეტულად საქართველო. მე არ ვფიქრობ, რომ თუ ტრამპი საქართველოსთან უფრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას მოინდომებს, ამას რაიმე ან ვინმე შეუშლის ხელს. გასაგებია, რომ ამერიკა და ევროპა ერთი და იგივე არ არის, მაგრამ ჩვენთვის ორივე დასავლეთია - როგორც კულტურულად, ისე პოლიტიკური ღირებულებებით. როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, დასავლეთში მიმდინარე პროცესებსაც სხვა პერსპექტივიდან დავინახავთ - იქნება ეს ამერიკასთან დაკავშირებული საკითხები, ევროკავშირთან თუ დიდ ბრიტანეთთან.
ხათუნა ბახტურიძე