„ფორმალური გაერთიანების გამო არ ვაპირებთ საკუთარი პოლიტიკური იდენტობის დათმობას“
"როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის ავტორიტეტულ დასკვნას სასამართლო არარელევანტურად აცხადებს, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ იურიდიული დავა - ეს არის პოლიტიკური არჩევანი", - ამბობს "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, პარტიის ლიდერ გიორგი გახარიას ადვოკატი ბერდია სიჭინავა და აღწერს პროცესს, რომლის მიხედვითაც, ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებული ანგარიში სასამართლომ არ გაითვალისწინა.
- სისხლის სამართლის საქმეში გახარიასთან დაკავშირებით არსებობს არაერთი ტომი, რომელშიც თავმოყრილია მრავალფეროვანი მასალა, მათ შორის არაერთი შეფასებითი დოკუმენტი. საქმეს თან ერთვის როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, აგრეთვე პროფესიული ანგარიშები, რომლებიც სწორედ შეფასებითი ხასიათის დოკუმენტებია. არგუმენტი, თითქოს შეფასებითი დოკუმენტი არ შეიძლება დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, არარელევანტურია. მსგავსი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგენდეს მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე მასალას, ვინაიდან ისინი შეიცავს ანალიზს და მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, მათ შორის შესაძლო პოლიტიკური მოტივაციის არსებობაზე. რაც შეეხება უშუალოდ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს, ეს არის საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მოქმედი ორგანიზაცია. აღნიშნული ანგარიში, როგორც დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების მომზადებული დოკუმენტი, რელევანტურია, პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველო ეუთოს წევრია და ასეთი ანგარიშები ჩვენთვის სავალდებულო მნიშვნელობის მატარებელია, მეორე - ანგარიში არ ეხება ზოგად საკითხებს; მასში პირდაპირ არის განხილული კონკრეტული საქმეები, მათ შორის გიორგი გახარიასთან დაკავშირებული საქმეები, 20 ივნისისა და ჩორჩანის ეპიზოდები. ანგარიშში მითითებულია, რომ მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა ატარებს პოლიტიკური მოტივაციის ნიშნებს. ამასთანავე, შეფასებულია ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა, სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე და მათი პოლიტიკურ ვერტიკალში მოქცევა, და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეც უსვამდა ხაზს, რომ საქართველო ეუთოს წევრია და ეს ანგარიში ავტორიტეტულია, თუმცა ამავე დროს ამტკიცებდა, თითქოს მას მტკიცებულებითი მნიშვნელობა არ გააჩნია, რაც წინააღმდეგობრივი პოზიციაა, მით უმეტეს, როდესაც ანგარიშის კონკრეტულ, მაგალითად, 161-ე პარაგრაფში პირდაპირ არის საუბარი გიორგი გახარიას საქმეზე მიმდინარე სისხლისსამართლებრივ დევნაზე. სასამართლომ ეს დოკუმენტი არარელევანტურად მიიჩნია, რაც, წარმოადგენს უპრეცედენტო შემთხვევას, როდესაც სახელმწიფომ, ფაქტობრივად, ეუთოს ანგარიში უგულებელყო. ამ ანგარიშს თან ერთვის სახელმწიფოს პოზიციები სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის 20 ივნისისა და ჩორჩანის საქმეებზე. თუმცა სასამართლო პროცესზე პროკურორებს, სამწუხაროდ, არ ჰქონდათ არც ამ ანგარიშის არსებობის და არც მასში ასახული სახელმწიფო პოზიციების შესახებ სათანადო ინფორმაცია. შეუძლებელია, ერთი მხრივ, აღიარებდე დოკუმენტის ავტორიტეტულობას, ხოლო, მეორე მხრივ, საერთოდ არ განიხილო ის მართლმსაჯულების პროცესში. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ სახელმწიფო არ აპირებს ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულებას.
- როგორ შეიძლება აისახოს ეს გადაწყვეტილება საქმის შემდგომ მიმდინარეობაზე.
- შიდასამართლებრივი მექანიზმების ფარგლებში აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდება საბოლოო, შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, როგორც შიდა, ისე საერთაშორისოს, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება. ჩვენი პოზიცია უცვლელია: მიმდინარეობს გიორგი გახარიას პოლიტიკური მოტივით დევნა, რაც ასახულია ეუთოს ანგარიშშიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ თავად ეუთოც იყოს ინფორმირებული, რომ მისი ანგარიშის იგნორირება ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ოპოზიცია დასუსტებულია ან სხვადასხვა ბერკეტით კონტროლდება, რეალურად ეს მიდგომა კონტრპროდუქტიულია. ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, შეუძლებელია, ერთი მხრივ, ცდილობდე ოპონენტების დევნას და მეორე მხრივ, საზოგადოებას სთხოვდე საკუთარი ლეგიტიმურობის აღიარებას. ის, რასაც დღეს ვხედავთ, ადამიანების დაკავება უმნიშვნელო მიზეზებით, პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა მიუღებელია საზოგადოების ფართო ნაწილისთვის, მათ შორის ხელისუფლების ამომრჩევლისთვისაც. ეს ბუნებრივად აისახება პოლიტიკურ პროცესებზე. ჩვენი მიზანი არ არის რევოლუციური გზით ცვლილებები. ჩვენი მიზანია პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი არ დარჩეს ვიწრო წრეში, არამედ გავიდეს ფართო საზოგადოებაში.
- როგორია თქვენი პოზიცია ერთობლივი სტრატეგიის აუცილებლობაზე.
- სინამდვილეში არ არსებობს უნივერსალური ფორმულა, რომლის მიხედვითაც პარტიათა გაერთიანება ავტომატურად ნიშნავს წარმატებას. "ერთიანობის ფორმულა" ხშირად პრაქტიკაში იმედგაცრუებით მთავრდება. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოლიტიკური იდენტობა და არ ვაპირებთ მის დათმობას ფორმალური გაერთიანების გამო. თუმცა არსებობს საკითხები, სადაც პოზიციები თანხვედრაშია, მაგალითად, ახალი არჩევნების აუცილებლობა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ჩვენი მიზანია საზოგადოების დარწმუნება, რომ არსებული კურსი ქვეყნისთვის ჩიხია როგორც შიდა პოლიტიკის, ისე საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ჩვენი სტრატეგია ეფუძნება არა ფორმალურ გაერთიანებებს, არამედ ამომრჩეველთან კომუნიკაციას და მათთვის რეალური სურათის დანახვებას.
ხათუნა ბახტურიძე