„დიახ, ჩვენ გვინდა, გადავიბაროთ ქვეყნის მართვა“ - კვირის პალიტრა

„დიახ, ჩვენ გვინდა, გადავიბაროთ ქვეყნის მართვა“

"უზრდელობაში ნამდვილად არ შეგეჯიბრები, მაგრამ ხომ იცი: "მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო", - ასე უპასუხა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ­ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერების დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შალვა პაპუაშვილმა სატელევიზიო ეთერში ვაშაძის განცხადება შეაფასა ოპოზიციური ალიანსის შესაძლო მართვის გადაბარებაზე და აღნიშნა, რომ "სამი პ" - პატიოსანი, პროფესიონალი, პატრიოტი - პოლიტიკური კონტექსტიდან ამოგლეჯილად ჟღერს და ირონიულად დაამატა,­ რომ "პ"-თი დაწყებული სიტყვებით თამაში შესაძლოა სხვა მნიშვნელობების გაგრძელებაც იყოს.

- ყველა ადამიანი რეალობას საკუთარი ხედვით აფასებს და ჩვენი ნათქვამი­ ყოველი სიტყვა ჩვენს პიროვნებას წარმოა­ჩენს. სამწუხაროდ, "ოცნების" ხელწერა დღეს არის მუქარა, შანტაჟი და სიცრუე. როდესაც ვეკითხებით, რატომ იძარცვება ქვეყანა და რატომ იპარავენ ბიუჯეტიდან ფულს? ისინი გვპასუხობენ, "აბა ომი გინდათ?" კითხვაზე, რატომ ინგრევა სოფლები, რა ხდება ტყიბულის მუნიციპალიტეტში,­ რატომ ჩადის სოფელი კურსებში მიწაში,­ პასუხია, "თქვენ აგენტები ხართ"; ვეკითხებით, რატომ შეჩერდა ევროკავშირთან ურთიერთობა? პასუხია, "თქვენ უსამშობლოები ხართ"; ვეკითხებით, რატომ ჩასვეს ჭიათურელი მაღაროელები ციხეში? პასუხია, "აკაცუკები ხართ". ობიექტურ კითხვებზე­ პასუხების ნაცვლად გვესმის შეურაცხყოფა­ და ცილის­წამება. საქმე გვაქვს რამდენიმე ათეულ გაბოროტებულ ადამიანთან, რომლებმაც მიიტაცეს ხელისუფლება და სიცრუით, მუქარითა და სიძულვილით ცდილობენ საზოგადოების დაპირისპირებას, რათა შეინარჩუნონ ძალაუფლება და ქვეყნის­ ძარცვის შესაძლებლობა. ამ "სკამის მოყვარულთა კლუბის წევრებმა" ეკლესიისა­ და პატრიარქის თემაც კი პოლიტიკური დაპირისპირების საგნად აქციეს. პატრიარქმა არაერთხელ სცადა დაპირისპირებული საზოგადოების შერიგება. მისი გარდაცვალებით გამოწვეულმა ტკივილმა ისე შეკრა ქართველი ერი, იფიქრებდი, რომ სიცოცხ­ლეში დაწყებული საქმე მიიყვანა ბოლომდე. ესენი კი რას აკეთებენ? ძლივს ერთ მუშტად შეკრულ ერს ისევ ყოფენ და აპირისპირებენ.

- თქვენმა პარტიამ განაცხადა, რომ პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის პრეროგატივაა­ და პოლიტიკური ჩარევა დაუშვებელია. თუმცა მანამდე პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ჩაერიოს პროცესში, რასაც ვერ იტყოდა ოპონენტებზე.

- გადახედეთ ქართულ საინფორმაციო ველს, ჩვენს ერთ განცხადებასაც კი ვერ ნახავთ, რომელიც ამ პროცესში ჩარევას გულისხმობდეს. გადართეთ "ოცნების" პროპაგანდისტულ არხებზე და ნახავთ, როგორ ცდილობენ ყველაფრის გამოყენებას დაპირისპირების გასაღრმავებლად. ხომ ნახეთ, რა იკადრა პაპუაშვილმა? საპროტესტო აქციებზე მხოლოდ რამდენიმე ასეული "აკაცუკი" დგას, ხოლო ჩვენს მხარეს მილიონობით ქართველიაო. გამოდის, მეც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ, იმიტომ, რომ მეც იმ ხალხთან ერთად ვიდექი,­ ვინც სამების ეზოში იდგა. იმ დღეებში იქ იდგა ყველა, ხელისუფლების მხარდამჭერიც და ოპოზიციის მხარდამჭერიც. არაერთ საეკლესიო პირს ვთხოვე, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვისაც მოეცათ საშვი, რათა ამ დღეს მაინც ერთად მდგარიყვნენ ქართველი პოლიტიკოსები, მაგრამ უარი მივიღეთ. ამით არაფერი დამკლებია, ხალხთან ერთად ვიდექი, მაგრამ სახელმწიფოებრივად თუ ვაზროვნებთ, სწორედ ამ დღეს უნდა გვეჩვენებინა ერთიანობა.

- დავუბრუნდეთ იმ საკითხს, რის გამოც პაპუაშვილმა გაგაკრიტიკათ. როგორ აპირებთ ხელისუფლების გადაბარებას, მაშინ როდესაც ოპოზიციას ისევ არა აქვს ხალხის ნდობა, ქუჩაში არსებული პროტესტი კი სუსტდება?

- ხელისუფლება დღეს ძალაუფლებას საზოგადოების დაყოფით ინარჩუნებს. ამიტომ ჩვენი მიზანია ეროვნული მობილიზაცია, მათი გაერთიანება, ვისაც სურთ სამართლიანობა, ევროპული მომავალი, ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი ოჯახები. ამ მიზნით შევქმენით ოპოზიციური ალიანსი და პარალელურად ეროვნული საბჭო, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს აერთიანებს. 31 მარტიდან დავიწყებთ მუშაობას, რომლის მიზანია ეროვნული მობილიზაცია, ჩიხიდან გამოსვლა და დემოკრატიული განვითარების აღდგენა. მართალია, ჩვენი რესურსები შეზღუდულია, მაგრამ აუცილებელია ჩაკეტილი წრის გარღვევა. ჩვენი მიზანია რეალური ალტერნატივის ფორმირება საზოგადოებასთან ერთად. უნდა ჩამოვაყალიბოთ ძალა, რომელიც შეძლებს ქვეყნის მართვის გადაბარებას და სამართლიანობის დამკვიდრებას.

- ერთიან სტრატეგიაზე სხვა ოპოზიციონერებიც საუბრობენ, თუმცა პოზიციების შეთანხმება მაინც ვერ ხერხდება.

- ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ალიანსშია გაერთიანებული. ჩვენთან მხოლოდ რამდენიმე პარტია არ არის, მაგრამ იმედია, შემოგვიერთდებიან ან ჩვენ შევუერთდებით. სხვათა შორის, პირველად ხდება, რომ ოპოზიციური თანამშრომლობა წერილობით შეთანხმებაზე დგას და არა მხოლოდ ზეპირ განცხადებებზე.

ხათუნა ბახტურიძე