ზალუჟნის „წინასწარმეტყველება“ ანუ ვინ მოიგებს მესამე მსოფლიო ომს?!
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი და ამჟამად ამ ქვეყნის ელჩი დიდ ბრიტანეთში ვალერი ზალუჟნი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს როგორც უკრაინაში, ისე დასავლურ პოლიტიკურ-სამხედრო წრეებში. რამდენიმე დღის წინ მას ჰქონდა ძალიან საინტერესო გამოსვლა, რომლის დროსაც ახსნა, თუ რატომ იწვევს თანამედროვე კონფლიქტები ძველი მსოფლიო წესრიგის კრახს და როგორ უნდა ადაპტირდნენ დემოკრატიული ქვეყნები, რომ დიდი საშიშროება თავიდან აიცილონ.
ზალუჟნის თქმით, მოვლენები, რომლებიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში დაიწყო, არ ჩერდება და ისინი აგრძელებენ ძველი მსოფლიო წესრიგის ნგრევას. პლანეტაზე ერთმანეთს ორი გეოპოლიტიკური სისტემა უპირისპირდება: 1. ავტორიტარული ნიშან-თვისებების მქონე ქვეყნები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან საკუთარი გეოპოლიტიკური წონით; 2. დემოკრატიები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ პრივილეგირებული როლი მიიღეს ეკონომიკასა და უსაფრთხოებაში. ყოფილი სარდალი გულისხმობს იმას, რაც ქართველებისა და უკრაინელებისთვის ძალიან ნაცნობია, ოღონდ კომფორტის ზონიდან არ გამოვიდნენ და, რიგი ქვეყნები ყოველნაირად თავს არიდებენ კონკრეტულ მოქმედებებს და მხოლოდ "შეშფოთება-აღშფოთებით" იფარგლებიან.
"სხვათა შორის, ეს სიტუაცია კიდევ ერთ ქვეყანას "დაეწია", რომელმაც ახლო აღმოსავლეთში ძალის გამოყენება გადაწყვიტა და მოსალოდნელი მხარდაჭერის ნაცვლად, "შეშფოთება" მიიღო", - მიანიშნებს ზალუჟნი ტრამპის ამერიკაზე.
უკრაინელი სამხედრო/დიპლომატის თქმით, დღეს ძველი გეოპოლიტიკური ფორმაციის ნგრევაში ჩართული არიან აშშ, რუსეთი, ჩინეთი და ირანი. თითოეული სახელმწიფო თავისი ტაქტიკით მოქმედებს - საკუთარი ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
"ახლო აღმოსავლეთში, სანამ ამერიკა ხელმძღვანელობს მოძველებული დოქტრინით და ძვირად ღირებული დიდი სიზუსტის იარაღით ურტყამს სამხედრო ობიექტებს, ირანი კარგად აყენებს კომბინირებულ დარტყმებს ინფრასტრუქტურას. სწორედ ამ ინფრასტრუქტურის დაცვაა დღეს შეუძლებელი", - ამბობს ზალუჟნი.
მისი თქმით, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ცვლის საერთაშორისო უსაფრთხოების ხასიათს. დრონების სისტემა ხელმისაწვდომია ყველა ქვეყნისა და ორგანიზაციისთვის. მათ დიდი ეკონომიკური ზარალის მიყენება შეუძლიათ ამა თუ იმ სახელმწიფოსთვის და ტრადიციული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები არაეფექტურია.
მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სახელმწიფოების დაცვის არქიტექტურის გადახედვა. ტექნოლოგიებისა და თანამედროვე შეიარაღების ქონა არ არის დამოუკიდებლობის გარანტია. ძალა ნიშნავს, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს აქვს ნება და შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში იომოს (რა თქმა უნდა, შესაბამისი ლოგისტიკითა და მართვის სისტემით). დემოკრატიულ ქვეყნებს მოუწევთ ომი საკუთარი თავისთვის - ამ ომში ადამიანები თუ არა, ტექნოლოგიები მაინც იქნებიან ჩართული.
ზალუჟნის აზრით, დემოკრატია დამოკიდებულია პოლიტიკურ ლეგიტიმურობაზე, საზოგადოებრივ კონსენსუსსა და საბიუჯეტო კომპრომისებზე (ანუ თავდაცვისთვის შესაბამისი ხარჯების გამოყოფაზე). ამის გარეშე მთავრობების ქმედებები "შეშფოთების" იქით არ მიდის, რაც, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ქვეყანას საგარეო საფრთხეებისგან არ დაიცავს.
"რა თქმა უნდა, არავინ აკნინებს იმ დიდ დახმარებას, რომელსაც ევროპა და ბრიტანეთი უწევენ უკრაინას. თუმცა უსაფრთხოების საკითხი უფრო გლობალურად დგას. ნებისმიერი განცხადებები "გადამწყვეტი ქმედებებისთვის" შიდა კონსენსუსისა და კონკრეტული ეფექტური გადაწყვეტილებების გარეშე, საბოლოო ჯამში, ისევ "შეშფოთებად" იქცევა", - ამბობს ზალუჟნი.
უკრაინელი სამხედრო/დიპლომატის აზრით, ევროპისა და ბრიტანეთისთვის საზოგადოებრივი კონსენსუსის პოვნა უფრო ძნელია, განსაკუთრებით, მილიონობით ემიგრანტის საკითხზე. თუმცა დემოკრატიულ ქვეყნებს უნდა ესმოდეთ, რომ ავტორიტარულ რეჟიმებს ამჟამად უპირატესობა აქვთ, რადგან მათ არ სჭირდებათ საზოგადოების კეთილგანწყობა ამა თუ იმ საკითხის გადაჭრისას.
"დემოკრატიებმა სწრაფად უნდა იპოვონ პასუხები ამ კითხვებსა და მუქარებზე. უნდა გადაფასდეს შეკავების, თავდაცვისა და მოკავშირეობის სტრატეგიები. გაფლანგული წლები ჯერ კიდევ არ ნიშნავს დაკარგულ შესაძლებლობებს, თუმცა დაყოვნება აღარ შეიძლება", - ამბობს ზალუჟნი.
მოკლედ, ვალერი ზალუჟნიმ, ფაქტობრივად, პირდაპირ თქვა, მესამე მსოფლიო ომი თუ დაიწყო, ავტორიტარული ქვეყნები გაიმარჯვებენო.

უნდა გაიგონ თუ არა ეს გაფრთხილება საქართველოშიც
საქართველოში აგერ უკვე რამდენი ხანია, საზოგადოებრივი კონსენსუსი არ არის არც ერთ საკითხზე - ჯანდაცვით დაწყებული და სპორტით დამთავრებული, პოლიტიკაზე აღარაფერს ვამბობთ. გასაგებია, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა გადაურჩა დიდ საგარეო რყევებს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ჩვენ გარშემო ორი დიდი ომი მიმდინარეობს და როგორ და რა სცენარით განვითარდება მოვლენები, არავინ იცის.
ზალუჟნის რომ არ ეთქვა, ისედაც ცნობილია - თუ დემოკრატიული ქვეყანა ხარ, ვერც ერთი ცალკე აღებული ხელისუფლება, როგორი ეფექტურიც არ უნდა იყოს, ვერ გაუმკლავდება საგარეო საფრთხეებს, თუ არ იქნა საზოგადოებრივი კონსენსუსი და ერთიანობა. ერთიანობა არა რომელიმე პარტიის ან ფიგურის გარშემო, არამედ იდეის ირგვლივ - ჩვენ, ქართველებს, და საქართველოში მცხოვრებ სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს, გვაქვს სახელმწიფო, რომელიც ეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ეს სახელმწიფო ჩვენი დასაცავი და მოსაფრთხილებელია. პარალელური საქართველოები არ არსებობენ. საფრთხე ყველასთვის საფრთხეა და თუ ერთმანეთზე გადაკიდებულები სახელმწიფოს დავაზარალებთ, დავზარალდებით ყველანი, მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა.
ჩვენს უახლეს ისტორიაში ამის ყველაზე კარგი მაგალითია აფხაზეთის ომი - უფრო ზუსტად, რუსეთ-საქართველოს ომი. პოლარიზებულმა და პოლიტიკურ ბანაკებად დაყოფილმა საზოგადოებამ ვერ გაითავისა, რომ ეს ყველას ომი იყო, რომ თუ აფხაზეთს დავკარგავდით, ყველანი დავკარგავდით, ქართველი მეომრების დამარცხება ყველას დამარცხება იქნებოდა... საბოლოოდ, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ...
რა უნდა გაკეთდეს და ვინ როგორი ნაბიჯი უნდა გადადგას პოლარიზაციის დასრულებისთვის, ეს სხვა სტატიის თემაა.
ამასობაში რუსეთიდან საინტერესო ამბები ისმის.
პუტინი ბიზნესს "არეკეტებს"?!
მოსკოვში კრემლის ბინადარი ვლადიმირ პუტინი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, პუტინმა მათ უთხრა, რომ მანამდე გააგრძელებს უკრაინაში ომს, სანამ მთლიანად არ დაიპყრობს დონბასის ოლქს. მისი თქმით, ის თავის დროზე თანახმა იყო "დემილიტარიზებული ზონის" შექმნაზე, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან უკრაინამ ეს იდეა "წითელ ხაზებად" გამოაცხადა.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, პუტინმა მოუწოდა სხვადასხვა ბიზნესმენს, რომ "შემოწირულობა" შეეტანათ რუსეთის ბიუჯეტში, რათა ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა სტაბილური ყოფილიყო და ასევე, ომის გაგრძელებას საფრთხე არ შეჰქმნოდა. იდეა, რომ "ქვეყნისთვის მძიმე დროს" ბიზნესმენებისთვის ფული "შეეწერათ", "როსნეფტის" ხელმძღვანელ იგორ სეჩინს მიუწოდებია პუტინისთვის წერილობით.
წყაროების ცნობით, მილიარდერმა სულეიმან ქერიმოვმა შეხვედრაზევე თქვა, რომ ის შემოწირულობის სახით 100 მილიარდ რუბლს გაიღებდა. იმავე თანხის დასადებად მზად არის მეტალურგიის მაგნატი ოლეგ დერიპასკა. კიდევ ერთ ბიზნესმენს გამოუთქვამს სურვილი, რომ ომისთვის ფული შეეწირა, თუმცა თანხა არ დაუსახელებია.
ახლა ვნახოთ, როგორია კრემლის ვერსია. პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარყო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ბიზნესმენებს რამე სთხოვა.
"სიმართლე ის არის, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, რომ საჭიროდ მიიჩნევს სახელმწიფოსთვის ძალიან, ძალიან მსხვილი თანხის გამოყოფას. ეს მისი ოჯახის გადაწყვეტილება იყო. ეს ინიციატივა იმით დაასაბუთა, რომ შეხვედრის მონაწილეების უმრავლესობამ ბიზნესი 90-იან წლებში დაიწყო და ეს დაკავშირებული იყო სახელმწიფოსთან. ამიტომაც ბევრი საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს, რომ მსგავსი შემოწირულობა გაიღონ. ეს არ იყო პრეზიდენტ პუტინის ინიციატივა, მაგრამ მან, რა თქმა უნდა, ამ იდეას სრულად დაუჭირა მხარი", - თქვა დმიტრი პესკოვმა.
თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი ვერსიაა სარწმუნო: ის, რომ პუტინმა ბიზნესმენებს ფულის დაყაჭვა მოსთხოვა, თუ ის, რომ ოლიგარქებს უცბად გაახსენდათ, როგორ იშოვეს ფული 90-იან წლებში სახელმწიფოს დახმარებით (რაც თავისთავად კრიმინალია), სინდისმა შეაწუხათ და ომის ყულაბაში მილიარდების შეტანა გადაწყვიტეს?!
რა თქმა უნდა, ოლიგარქების მონანიება ზღაპარია. თუ ვინმემ ამ შეხვედრაზე მართლაც თქვა, რომ თავისი ინიციატივით გამოემშვიდობებოდა მილიარდებს, ეს, დიდი ალბათობით, წინასწარ შეთანხმებული სპექტაკლი იქნებოდა - კრემლში ხომ ამის დიდოსტატები არიან.
გიორგი კვიტაშვილი