როდის ჩაქრება „ცეცხლის ფასი“ - "კოსმოსში გაფრენილი" საწვავის ღირებულება და მთავარი კითხვა: რა ელის საქართველოს?! - კვირის პალიტრა

როდის ჩაქრება „ცეცხლის ფასი“ - "კოსმოსში გაფრენილი" საწვავის ღირებულება და მთავარი კითხვა: რა ელის საქართველოს?!

ირანში საომარმა მოქმედებებმა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ, რომელზეც ნავთობის გლობალური მიწოდების თითქმის 20% მოდის, ნავთობის მსოფლიო ბაზარი უპრეცედენტო შოკის წინაშე დააყენა - თუ რამდენიმე თვის წინ ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა, დღეს "ბრენტის" მარკის ნავთობმა 100-დოლარიანი ნიშნული დიდი ხანია გადალახა და ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზით, კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, შესაძლოა ფასი 150-200 დოლარამდეც ავიდეს. ექსპერტთა წრეებში უკვე საუბრობენ, რომ მსოფლიო ეკონომიკა ახალი, მწვავე რეცესიის ზღვარზეა, რადგან ენერგომატარებლების გაძვირება ავტომატურად იწვევს ინფლაციურ ჯაჭვს წარმოებასა და ტრანსპორტირებაში. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო სტრატეგიული რეზერვების გახსნით ცდილობს დეფიციტის დაბალანსებას, სპეციალისტები აღიარებენ, რომ ჰორმუზის სრუტის სრულფასოვანი ალტერნატივა არ არსებობს.

ამ პროცესებმა, ცხადია, გავლენა საქართველოზეც მოახდინა - საწვავის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა - ბენზინის ფასი 15-30 თეთრით, დიზელის კი 37-59 თეთრით. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესები როგორც გლობალურ ჭრილში, ასევე ლოკალურ დონეზე და საქართველოში რა გავლენას მოახდენს ფასებსა და ეკონომიკაზე, ამ საკითხებზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილესა და "ჯეოქეისის" მრჩეველს ნიკოლოზ ალავიძეს ვესაუბრებით.

- ვიდრე ირანის კონფლიქტი არ ამოიწურება და ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, ნავთობის ფასების ცვალებადობა გარდაუვალია. ამასთან, ეს თავისუფალი ბაზრისა და მიმდინარე პროცესების პირდაპირი შედეგია, ამიტომ რთულია თქმა, ზრდა სადამდე გაგრძელდება. თუმცა დიდ ქვეყნებს, OPEC-ის წევრებსა და მსხვილ მომპოვებლებს, მათ შორის აშშ-ს, აქვთ ინსტრუმენტები, რათა ფასმა 180-200 დოლარს არ მიაღწიოს. ექსპერტების გათვლებით, ნავთობის ასეთი გაძვირება ან თუნდაც გაცილებით დაბალი ნიშნულიც, გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს. ამ საფრთხის მათემატიკური და ეკონომიკური გათვლები არსებობს, ამიტომ მსოფლიოს წამყვანი მოთამაშეები მაქსიმალურად შეეცდებიან პროცესების მართვასა და კონტროლს.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ვითარება მძიმეა და პირდაპირ არის დაკავშირებული სამხედრო მოქმედებებთან, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მხარეების შეთანხმების შემთხვევაში ფასები მყისვე დაუბრუნდება ძველ ნიშნულს.

გლობალური ეკონომიკა ნავთობის 150-200 დოლარამდე გაძვირებას არ დაუშვებს, რადგან ეს ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის კატასტროფული სცენარია. მსხვილ მოთამაშეებს აქვთ რეაგირების მექანიზმები, ამიტომ უკიდურესად ნეგატიური პროგნოზებისგან თავს შევიკავებ.

- რუსეთი, რომელიც სანქცირებულია, ახლა რეალურად სარგებლობს ამ გაძვირებული ფასებით და ეს რა გავლენას იქონიებს თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში?

- რუსეთის ფაქტორი, როგორც პრაგმატული ინსტრუმენტი, დიდი ალბათობით, წინასწარ განიხილებოდა და მისი ჩართულობა მოულოდნელი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მორალურად და ადამიანურად ეს ძალიან მძიმეა, რადგან რუსული ნავთობიდან მიღებული შემოსავალი უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვასა და ომის წარმოებას აფინანსებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სანქცირებულ რუსულ ნავთობს რეალიზაციის საშუალება მიეცა, რაც საკმაოდ პრაგმატული, თუმცა რთული გადაწყვეტილება იყო. ამის ალტერნატივა, მიწოდების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვა, გლობალურ ბაზარზე ფასების კატასტროფულ ზრდასა და მსოფლიო ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას გამოიწვევდა.

მიუხედავად ამისა, ამ პროცესს რუსეთისთვის მხოლოდ მოკლევადიანი ეკონომიკური ეფექტი ექნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ

რუსული ნავთობმოპოვების ინდუსტრია 100%-ით არ დასანქცირებულა - არსებობს რამდენიმე კომპანია, სადაც საერთაშორისო ტრანსნაციონალური კორპორაციები კვლავ ინარჩუნებენ წილებს და ლეგალურად განაგრძობენ საქმიანობას, თუმცა შეზღუდული რაოდენობით.

პოლიტიკურად ეს ვითარება რუსეთისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი ვერ იქნება. როგორც კი ირანის კონფლიქტი დასრულდება და სრუტე გაიხსნება, ბაზარი კვლავ ძველ სტატუს-კვოს დაუბრუნდება. ვიდრე რუსეთი არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს და ომს არ შეწყვეტს, მხოლოდ ნავთობის ფასებით მანიპულირება მის ეკონომიკას მნიშვნელოვან და მდგრად სტიმულს ვერ მისცემს.

- საქართველოში უკვე გაძვირდა ნავთობპროდუქტები. ეს პროცესი რა გავლენას იქონიებს ფასებსა და ეკონომიკაზე?

- ვინაიდან საწვავი ღირებულებითი ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ბენზინისა და დიზელის გაძვირება გარდაუვალ გავლენას ახდენს სხვა პროდუქტებსა და მომსახურებაზე. ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც აისახება როგორც სოფლის მეურნეობისა და პირველადი მოხმარების პროდუქციაზე, ისე ნებისმიერ სერვისზე. საქართველო ნავთობზე 100%-ით იმპორტზეა დამოკიდებული. ნავთობის ღირებულების გარდა, ფასწარმოქმნაზე მოქმედებს მიწოდებისა და ლოჯისტიკის გაძვირებაც. ამას ემატება სავალუტო რისკებიც - ომის დაწყებისთანავე დოლარი, როგორც გლობალური სარეზერვო ვალუტა, გამყარდა. საერთაშორისო ბაზრებზე ასეთ დროს ოქროს ფასი ხშირად იკლებს, დოლარზე მოთხოვნა კი იზრდება, რამაც პირდაპირი წნეხი მოახდინა ლარზეც.

ჩვენი იმპორტი უცხოურ ვალუტაშია, ამიტომ დოლარის გამყარება ფასების ზრდის კიდევ ერთი ნეგატიური მდგენელია. კრიზისი ყოველთვის დაძლევადია, თუ ქვეყანას აქვს შესაბამისი რესურსები, რეზერვები და კეთილგონიერი მმართველობა. რა თქმა უნდა, მარტივად არ ჩაივლის, მაგრამ ამ კრიზისის სიმძიმე პირდაპირპროპორციულია იმ მდგენელისა და კონკრეტული ქვეყნის მმართველობითი ხარისხის, რომლითაც ის იმართება. კვანტური ფიზიკის ცოდნა არა რის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ლოგიკური დასკვნები გავაკეთოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აქედან.

- და რას უნდა ველოდოთ?

- სამწუხაროდ, კარგს არაფერს. ეს პროცესების ერთგვარი ჯაჭვია, რომელიც სავსებით ლოგიკურად ვითარდება.

როდესაც მართვა არაეფექტურია, შედეგად ვიღებთ გადასახადების, ჯარიმებისა და ადმინისტრაციული წნეხის ზრდას.

ფასები "დაჟინებული მზერით" დაბლა არ მიდის. ვნახეთ, რომ კი უნდოდათ ფასები შემაშინებელი სახით დაეწიათ, მაგრამ ამ შემაშინებელი სახით ფასებმა არ დაიკლო და ახლა უკვე საქმე გვაქვს იმპორტირებულ ინფლაციასთან. გარე ბაზრებზე საწვავის გაძვირება პირდაპირ აისახება იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რაც ამ პროცესს შეუქცევადს ხდის. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ეს რეალობაა, რომელსაც ვერც გავექცევით და ვერც ლამაზად შევფუთავთ. შეგვიძლია დავაბრალოთ "დიფ სთეითს", ვიღაც მოგონილ პერსონაჟებს - "გუდიან კაცებს", შეთქმულების თეორიებს და ა.შ., მაგრამ ეს რეალობას არ შეცვლის.

რუსა მაჩაიძე