„ფასების ზრდა გადასახადების შემცირებით უნდა დაბალანსდეს“ - კვირის პალიტრა

„ფასების ზრდა გადასახადების შემცირებით უნდა დაბალანსდეს“

რამდენიმე კვირის წინ ხელისუფლება პროდუქტებზე ფასების გაიაფებას აანონსებდა და ამისთვის პარლამენტში კომისიაც კი შექმნა. ახლა შეუძლებელია თქმა, ეს კომისია ფასების გაიაფებას რამდენად შეუწყობდა ხელს, რადგან მსოფლიოში ირანის კრიზისის გამო ნავთობზე ფასები გლობალურად გაიზარდა, რაც ყველაფერზე აისახა. რამდენად ადეკვატურად გაძვირდა საქართველოში პროდუქცია, რა ზომების მიღებაა ახლა აუცილებელი და რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ, ამ საკითხებზე ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანს ვესაუბრებით.

- აქ რამდენიმე ძირითადი ფაქტორი მოქმედებს. პირველია ადგილობრივი მომარაგების სისტემა - სასურსათო ობიექტებში პროდუქციის მიწოდება ხდება სატრანსპორტო საშუალებებით. შესაბამისად, როდესაც საწვავის ხარჯი იზრდება, ეს ავტომატურად იწვევს თვითღირებულების ზრდას, რაც შემდეგ პირდაპირ აისახება ფასში. მეორე ფაქტორია ტრანსპორტირების, ანუ იმპორტის ხარჯები. ასეთ დროს გადაზიდვები ძვირდება იმავე მიზეზით, რადგან იქაც სხვადასხვა ტიპის საწვავია საჭირო. გარდა ამისა, როდესაც რისკები იზრდება, ტრანსპორტირების ღირებულებაც მატულობს, რაც იმპორტის ნაწილში ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მესამე ფაქტორი უფრო სამომავლო ზრდას ეხება, ვიდრე მეყსეულს. ფერმერებისთვის ახლა ხვნა-თესვის პერიოდია და დიზელზე მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია. საწვავზე ფასის მატება ნიშნავს, რომ ამ სეზონის პროდუქციის თვითღირებულება გაიზრდება. ადგილობრივ პროდუქტებზე ფასების ზრდა უფრო მეტად ზაფხულსა და შემოდგომაზე აისახება. მეოთხე - კრიზისის დროს ყველა გამყიდველი თუ იმპორტიორი ცდილობს თავი დაიზღვიოს და შესაძლო რისკებს ფასში წინასწარ ასახავს. თუ გაყიდვები შემცირდა, იმპორტი გაძვირდა ან ვალუტა გაუფასურდა, ბიზნესი ამ დანაკარგებს ფასების ზრდით აკომპენსირებს. ზოგად არასტაბილურობას სწორედ ფასებით გადაზღვევა ახასიათებს. ამას ემატება მომსახურების სექტორიც. სტუმარმასპინძლობის ობიექტებში ან სარესტორნო ბიზნესში თუ ტურისტების კლების გამო მოთხოვნა მცირდება, ბიზნესი ამის დაბალანსებას ფასების მატებით ცდილობს. ნაკლები მოთხოვნის პირობებში ფასების ზრდით ხდება შემცირებული შემოსავლების ერთგვარი დაზღვევა. ამ ფაქტორების ერთობლიობა საბოლოოდ ფასებზე აისახება. როდესაც ამდენი მიმართულებით იზრდება ხარჯი, ეს ჯაჭვური რეაქციით ყველა სექტორს გადაეცემა და საბოლოოდ ყველაფერი ძვირდება.

- ბოლო დღეებში განსაკუთრებით გაძვირდა წამლებიც და აქაც იგივე ფაქტორები მოქმედებს? წამლები დღეს და გუშინ ხომ არ შემოუტანიათ?

- იდეაში, წამალსა და, პირობითად, იმპორტირებულ რძეს შორის სინამდვილეში არანაირი განსხვავება არ არის. შეიძლება ვცდები, მაგრამ მაინც არა მგონია, წამლების მომარაგება უფრო უხვი მარაგებით ხდებოდეს, ვიდრე, პირობითად, იმპორტირებული რძის პროდუქტების, ან სხვა რომელიმე საქონლის შემთხვევაში. ვფიქრობ, წამლებისთვისაც ზუსტად იგივე მექანიზმები მოქმედებს და მოლოდინებიც ისეთივე უნდა გვქონდეს, როგორიც სხვა პროდუქტების შემთხვევაში.

- მოსახლეობისთვის ფასების წნეხის ასარიდებლად რა მექანიზმები არსებობს.

- აქ გარკვეულ დონეზე სახელმწიფოს ჩარევაა საჭირო. ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეამცირა საგადასახადო განაკვეთები აქციზზე, მაგალითად, ბენზინზე, რათა როგორმე შეაკავონ ფასების ზრდის დინამიკა. ქაღალდზე, როგორც ახლა "ოცნება" გვიმტკიცებს, ყველაფერი ისე იდეალურად არის, წესით, სახელმწიფოს არ უნდა უჭირდეს მსგავსი ზომების მიღება. მას შეუძლია, პირობითად, მოიკლოს საგადასახადო შემოსავალი და გადასახადების შემცირებით დააბალანსოს ან გაანეიტრალოს ფასების ზრდა. "ქართულ ოცნებას" ბოლო ორი წელია ბიუჯეტში შემოსავლების აკრეფის პრობლემა აქვს. ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ მაინც უნდა იმოქმედოს, რათა ფასების ზრდამ ეკონომიკას მძიმედ არ დაარტყას.

ყველა ელოდება, რომ ეს კონფლიქტი მალე დასრულდება და ყველაფერი საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება, მაგრამ ბევრი ქვეყანა უკვე ემზადება სხვა სცენარისთვის. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ამ კუთხით არაფერი კეთდება.

რუსა მაჩაიძე