სტრატეგიული შეცდომები, რომლებიც ისრაელ-აშშ-ს ირანთან დიდ ომში გახვევს?! - კვირის პალიტრა

სტრატეგიული შეცდომები, რომლებიც ისრაელ-აშშ-ს ირანთან დიდ ომში გახვევს?!

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელ-აშშ-მა ერთობლივი ძალებით ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშები მიიტანეს ირანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და მნიშვნელოვან სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტებზე. მას შემდეგ მთელი თვის განმავლობაში საჰაერო დარტყმები არ შეწყვეტილა და ყველაფერი იქით მიდის, რომ ამ ფართომასშტაბიან საჰაერო ოპერაციას მალე სახმელეთო ბრძოლებიც დაემატოს ჯერ სპარსეთის ყურეში ირანული კუნძულების დასაპყრობად, რათა გაიხსნას ჰორმუზის სრუტე ნავთობტანკერების თავისუფალი ნაოსნობისთვის.

ირანი გულზე ხელდაკრეფილი, ბუნებრივია, არ ზის და ბალისტიკური რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით საპასუხო მტკივნეულ საჰაერო დარტყმებს აყენებს როგორც ისრაელის ქალაქებს, ისე ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებს და სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკის ობიექტებს. ეს საჰაერო დაპირისპირება იქითკენ მიდის, რომ გადაიზარდოს სრულფასოვან ფართომასშტაბიან ომში, როდესაც საბრძოლო მოქმედებები ერთდროულად წარიმართება ჰაერშიც, ხმელეთზეც და ზღვაშიც. შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთი გაეხვევა ისეთ დიდ ომში, რომლითაც რუსეთ-უკრაინის მეხუთე წელს მიმდინარე უდიდესი ომიც კი გადაიფარება.

ძნელი დასაჯერებელია, რომ სიტუაციის ასეთ განვითარებას ელოდნენ ისრაელისა და აშშ-ის ხელმძღვანელობა, როდესაც 28 თებერვალს ირანზე ერთობლივი საჰაერო დარტყმების გადაწყვეტილება მიიღეს, მაშინ რაში შეცდა ნეთანიაჰუ-ტრამპის წყვილი? დავიწყოთ თავიდან, ვის რა ჩანაფიქრი ჰქონდა და რისი მიღწევა სურდა:

პირველი - ისრაელის სტრატეგიულ ჩანაფიქრში შედიოდა ირანის უმაღლესი ხელისუფლების ფიზიკური განადგურება, რათა ირანში დაემხო აიათოლების რეჟიმი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მუდამ ემუქრებოდა ისრაელს სახელმწიფოებრიობის სრული განადგურებით;

მეორე - ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამებისთვის მძიმე ზიანის მიყენება ასევე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა თელ-ავივისთვის, თუმცა ეს მხოლოდ ზუსტი საჰაერო დარტყმებით შეუძლებელია, სამაგიეროდ, აიათოლების რეჟიმის ჩამოშლა და ირანში ახალი ხელისუფლების დამყარება, რომელიც უფრო ლოიალური გახდებოდა ისრაელის მიმართ, თავად მოხსნიდა ირანული "ბირთვული ბომბისა" თუ ბალისტიკური რაკეტების საფრთხეს;

მესამე - ნეთანიაჰუ დარწმუნებული იყო და ტრამპიც დაარწმუნა, რომ ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეისა და რიგი სამხედრო-პოლიტიკური ფიგურების ფიზიკური ლიკვიდაციის შემდეგ ირანის ქალაქების ქუჩებში ოპოზიციურად განწყობილი მილიონობით ირანელი ისევ გამოვიდოდა და ისინი შეასრულებდნენ ერთგვარი "სახმელეთო ძალების" როლს, რომელიც გააგრძელებდა აიათოლების რეჟიმის დემონტაჟს;

მეოთხე - ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ შეძლო ამ სამხედრო კამპანიაში ერთობლივ მონაწილეობაზე აშშ-ის პრეზიდენტის დაყოლიება, რადგან ამ უკანასკნელს სჯეროდა, რომ ეს მის პოლიტიკურ კარიერაში ისეთივე გამარჯვებით აისახებოდა, როგორც ვენესუელის პრეზიდენტის მოტაცება. ყველაფერი კი ისე არ წავიდა, როგორც თელ-ავივსა და ვაშინგტონში იმედოვნებდნენ, რადგან თეირანმა "ბრჭყალები" გამოაჩინა;

მეხუთე - ისრაელ-ამერიკული პირველი საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეისა და კიდევ 40-მდე მაღალჩინოსანი პოლიტიკოსისა და სამხედროს ლიკვიდაციის მიუხედავად, ირანის ხელისუფლება არ ჩამოიშალა და დაიწყო მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან ობიექტებზე ბალისტიკური რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების მასობრივად გაშვება;

მეექვსე - მიუხედავად სულიერი ლიდერის დაღუპვისა, ირანის ქალაქებში ქუჩებში ოპოზიციურად განწყობილმა მოსახლეობამ მასობრივად გამოსვლა ვერ გაბედა, ალბათ, იმიტომ, რომ იანვრის დასაწყისში ქუჩებში "ბასიჯის" მიერ დემონსტრანტების დახვრეტების შემდეგ შეშინდა. შესაბამისად, ჩაიფუშა ნეთანიაჰუს იმედი, რაშიც ის დაჟინებით არწმუნებდა ტრამპს;

მეშვიდე - ირანის ხელისუფლებამ, რომელზეც გავლენის სადავეები ბევრად უფრო რადიკალურად განწყობილმა ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" ჩაიგდო, ბალისტიკური რაკეტების გაშვებაზე უფრო მომგებიან ხერხს მიაგნო სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად - ფაქტობრივად, ჩაკეტა სპარსეთის ყურიდან გასასვლელი ჰორმუზის ყურე, რითაც დაბლოკა ასობით ნავთობტანკერი და რეალურად გავლენა მოახდინა მთელი მსოფლიოს ცხოვრებაზე ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდის სახით;

მერვე - თეირანის ხელშია კიდევ ერთი გლობალური ზემოქმედების ბერკეტიც, კერძოდ, იმენელი ჰუსიტების ჩართვა წითელი ზღვიდან ადენის ყურეში გასასვლელი ბაბ-ელ-მანდების სრუტის ჩასაკეტად, რის შემდეგაც საზღვაო ნაოსნობა შეწყდება სუეცის არხშიც. იემენელმა ჰუსიტებმა უკვე გაუშვეს ბალისტიკური რაკეტა ისრაელისკენ. შესაბამისად, ბაბ-ელ-მანდების სრუტის ჩაკეტვა ყოველდღეა მოსალოდნელი.

ამ ყველაფრიდან ჩანს, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო-პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს ისრაელისა და აშშ-ის ხელისუფლებებმა, როდესაც მიიღეს საჰაერო შეტევების გადაწყვეტილება ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აიათოლების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი რეჟიმის ჩამოსაგდებად. აიათოლების რეჟიმის დამხობა ვერ მოხერხდა, პირიქით, ის უფრო გაძლიერდა, რადგან ირანის მართვაში მეტი გავლენა მოიპოვეს უფრო რადიკალურად განწყობილმა "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" გენერლებმა, რომლებიც არ აპირებენ დათმობაზე წავიდნენ. შესაბამისად, ამ ომს შემდგომი ესკალაციისა და გახანგრძლივების უდიდესი პერსპექტივა აქვს, რაც არ აწყობთ ვაშინგტონში. საქმე ის არის, რომ რამდენიმე თვეში აშშ-ში შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელზეც ტრამპის მოწინააღმდეგე დემოკრატებს გამარჯვების დიდი შანსი ექნებათ, რადგან ამერიკელ ამომრჩეველში იმატებს უკმაყოფილება პრეზიდენტ ტრამპის შიდა და გარე პოლიტიკის გამო, რამაც ირანთან ომი, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა და შესაბამისად, მილიონობით ამერიკელი მძღოლისთვის საწვავის ფასის მნიშვნელოვანი გაზრდა განაპირობა.

დღეს სწორედ ნავთობზე ფასების როგორმე შენარჩუნებაა თეთრი სახლის მთავარი თავსატეხი, რისთვისაც ის თეირანს ომის შესაწყვეტად შემდეგ პირობებს უყენებს: ჰორმუზის სრუტის, როგორც "თავისუფალი საზღვაო ზონის", ღიაობის შენარჩუნება; რაკეტების პროგრამის შეზღუდვა რაოდენობისა და მოქმედების დიაპაზონის თვალსაზრისით; რაკეტების მხოლოდ თავდაცვის მიზნით გამოყენების შეზღუდვა; უკვე დაგროვილი ბირთვული პოტენციალის დემონტაჟი; ბირთვული იარაღის შეძენის ნებისმიერ ამბიციაზე უარის თქმა; ირანის ტერიტორიაზე ბირთვული მასალის გამდიდრების აკრძალვა; ყველა გამდიდრებული მასალის გადაცემა ატომური ენერგიის სააგენტოსთვის მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად; ნატანცში, ისპაჰანსა და ფორდოუში ბირთვული ობიექტების განადგურება; გამჭვირვალობა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონტროლი ირანში მიმდინარე მოვლენებზე; რეგიონში შეიარაღებული მარიონეტული ჯგუფების გამოყენების სტრატეგიის მიტოვება; შეწყდეს მარიონეტული დაჯგუფებების დაფინანსება და შეიარაღება ახლო აღმოსავლეთში.

ამ პირობების შესრულების შემთხვევაში აშშ ირანს ჰპირდება: ყველა სანქციის გაუქმებას; ამერიკულ დახმარებას ბუშერში სამოქალაქო ბირთვული პროგრამის ხელშეწყობასა და განვითარებაში; სანქციების ხელახალი დაწესების საფრთხის გაუქმებას.

ირანიდან კი საპასუხო მოთხოვნებს აყენებენ: ისრაელ-აშშ-ის საჰაერო დარტყმების სასწრაფოდ შეწყვეტა; სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ამერიკული სამხედრო ბაზების გაყვანა; რეპარაციის გადახდა დაბომბვებით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად; ჰორმუზის სრუტეში გავლისას ირანისთვის საფასურის გადახდა თითოეული გემისგან, როგორც ეგვიპტეს აქვს დაწესებული სუეცის არხში; ირანისთვის ყველა საერთაშორისო სანქციის მოხსნა; ისრაელის მხრიდან სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლასთვის" ცეცხლის შეწყვეტა; ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გაგრძელება.

ირანის მოთხოვნები საკმაოდ "აპეტიტურია", რაზეც არც აშშ წავა და მით უმეტეს, არც ისრაელი, ისევე როგორც თეირანი არ აპირებს შეასრულოს ვაშინგტონის მკაცრი მოთხოვნები. შესაბამისად, ყველაფერი იქით მიდის, რომ ომმა ხმელეთზე გადაინაცვლოს, რადგან პენტაგონი ამზადებს სადესანტო ოპერაციას ირანის კუთვნილი კუნძულების ნაწილის დასაპყრობად და ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, რისთვისაც ირანისკენ უკვე დაძრულია ხუთი ათასამდე საზღვაო ქვეითი, ათასამდე მედესანტე და ათი ათასამდე ქვეითი მებრძოლი. თუმცა ირანულ კუნძულზე გადასხმული ამერიკელი სამხედროები მაშინვე გახდებიან ირანის რაკეტებისა და არტილერიის სამიზნე ახლომდებარე სანაპიროდან, რაც გაზრდის მსხვერპლის რაოდენობას ამერიკელ ჯარისკაცებში, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს პროტესტის ტალღას თავად აშშ-ში.

ასევე დაგაინტერესებთ: ირანის ომი ციდან მიწაზე „ეშვება“ - ტრამპიც პუტინივით მრავალწლიან „ომის ჭაობში“ ჩაეფლობა?

რით ჰგვანან და რით განსხვავდებიან ირანისა და უკრაინის ომები

30 რაკეტა პირადად აიათოლასთვის - როგორ მოკლეს ირანის სულიერი ლიდერი: უნიკალური სპეცოპერაციის დეტალები

სენსაციური შედეგით დასრულებული ნატოს წვრთნები, რომელმაც შესაძლოა, დიდი ტრაგედია მოიტანოს - როგორ და რით აშინებს პუტინის რუსეთი ევროპას

მაგრამ როგორ უნდა "ამოძვრეს" ტრამპი ირანთან ომის "ჭაობიდან", რომელშიც ჯერ ნეთანიაჰუს დაჯერებით "შეტოპა" და ახლა თანდათანობით უფრო და უფრო ეფლობა.

ამ ომის კიდევ ერთ მონაწილეს კი, ისრაელს, თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს და არ აწყობს ომის მალე დამთავრება, რადგან ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ის დრო, სანამ აშშ ომშია ჩართული და ერთობლივი ძალით გააგრძელონ ირანისთვის რაც შეიძლება დიდი ზიანის მიყენება. ირანთან ომის ესკალაციის მცდელობაზე ისიც მიუთითებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ნატოს წევრი ევროპის ქვეყნების ჩართვასაც მოითხოვს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად დაგეგმილ სამხედრო ოპერაციაში - დონალდ ტრამპის განცხადებით, ის იმედგაცრუებულია, რადგან ნატო აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომში არ დაეხმარა.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს არ სურს შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემა - წინასწარ შეუთანხმა თუ არა თანაალიანსელ ევროპულ ქვეყნებს, როდესაც ისრაელის თხოვნით ირანზე ერთობლივ საჰაერო თავდასხმას გეგმავდა? რა თქმა უნდა, არ შეუთანხმებია, მაგრამ ახლა, როდესაც "საქმე გაფუჭდა", ის ევროპელების დახმარებას და ირანთან ომში ჩაბმას კატეგორიულად მოითხოვს.

რაც შეეხება ირანს, ის შეიძლება მივიჩნიოთ ისრაელ-აშშ-ის სამხედრო აგრესიის ერთგვარ მსხვერპლადაც, თუმცა საქმე მთლად ასეც არ არის, რადგან სწორედ ირანის აიათოლების რეჟიმმა ათასობით "შაჰიდის" ტიპის კამიკაძე-დრონი მიაწოდა აგრესორ რუსეთს უკრაინის დასაბომბად და თავადაც აგრესორი ქვეყნის მოკავშირეა. ისე კი უკრაინელებიც ჩაერთვნენ ირანთან ომში - ირანულ-რუსული "შაჰიდ/გერანების" ჩამოგდების უზარმაზარ გამოცდილებას სამასამდე უკრაინელი სამხედრო ახლა სპარსეთის ყურის ქვეყნების ცის დასაცავად იყენებს ირანული "შაჰიდების" შეტევების მოგერიებისას.