"საგზაო შემთხვევები უვიცობაზე დამყარებული შეცდომებია და საჯარიმო სანქციების გამკაცრებით ამას ვერ ვუშველით“
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. შსს-ს მონაცემებით, გასულ 2025 წელს 5969 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2024 წელთან შედარებით გაზრდილია. 2025 წელს ავარიების შედეგად 469 კაცი გარდაიცვალა, ხოლო 8191 დაშავდა; 2024 წელს დაიღუპა 444 კაცი და დაშავდა 7587. შსს-ს სტატისტიკით, 2025 წელს ყველაზე მეტ შემთხვევაში იყო მოხვევის მანევრის დარღვევით გამოწვეული ავარიები. ჯამში ასეთი 1596 შემთხვევა იყო; დაფიქსირდა შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევის 1319 ფაქტი, ქვეითად მოსიარულის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობის 989 შემთხვევა; დისტანციის დაუცველობამ 886, ხოლო სიჩქარის გადაჭარბებამ 694 შემთხვევა გამოიწვია. ისევ პრობლემაა ავტომობილის მართვა სიმთვრალის დროს. გასულ წელს ასეთი 424 შემთხვევა დაფიქსირდა...
=გასულ კვირას გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის სპირიდონ ტატიაშვილი ემსხვერპლა. მასთან ერთად მანქანაში მყოფი მისი თანასოფლელი ახალგაზრდა მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მკურნალობს. ადგილობრივების თქმით, ავარია სოფელ კვარხითის მიმდებარედ მოხდა. ახალგაზრდა გორიდან სახლში ბრუნდებოდა, როგორც ჩანს, საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავარდა და ბორდიურს შეეჯახა.
"როგორც შევიტყვე, საჭესთან თვითონ მჯდარა, მიხვეულ-მოხვეული გზებია და ეტყობა, რაღაცას შეეჯახა... არადა, ყოველთვის წყნარად დადიოდა, სოფელშიც, ქალაქშიც, ავტობანზეც. გამვლელს უნახავს ავარია, თურმე იცნო ტატიაშვილების მანქანა და დაურეკავს ბიჭის მამასთან. კლინიკამდე ვერც მიიყვანეს ცოცხალი, გზაშივე გარდაცვლილა. მეორე დაშავებულიც ჩვენი სოფლელია, ის ახლა კლინიკაშია. ღმერთმა კარგად ამყოფოს... კარგი ახალგაზრდა გამოგვაკლდა. მშრომელი ბიჭი იყო. როგორც ვიცი ჯარში მსახურობდა, ახალგაზრდა მშობლები ჰყავს და ძნელია მათ სანუგეშოO უთხრა. ვუსამძიმრებ ყველას", - ამბობს დაღუპულის თანასოფლელი.
=26 მარტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 6 პირი, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. საბედნიეროდ, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
=თბილისში 26 მარტს ნაძალადევის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ქვეითად მოსიარულე დაშავდა.
=25 მარტს ისევ ნაძალადევის რაიონში ავტოავარიას ქვეითად მოსიარულე ქალი ემსხვერპლა.
ყველა ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. მართალია, ხელისუფლებამ საგზაო წესების დარღვევაზე ჯარიმები გაზარდა, მაგრამ მაინც დღე არ გადის, ტრაგედიის გარეშე
საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე:
- მთავარი პრობლემა ცოდნის დეფიციტია. გვინდა თუ არა, როგორც კი სახლიდან ფეხს გავდგამთ, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვხდებით. გადავხედოთ სტატისტიკას - მესამე ადგილი უკავია ქვეითად მოსიარულეებზე შეჯახებას. მთელ ცივილიზებულ სამყაროში ამის სწავლება ბაღიდან იწყება: რა არის შუქნიშანი, ზებრა-გადასასვლელი, როგორ უნდა მოვიქცეთ ქუჩაზე გადასვლის დროს და ა.შ.
როცა მართვის მოწმობის აღებაზე ამეცადინებენ მოსწავლეებს, არ არსებობს არანაირი სტანდარტი, ყველა ისე ასწავლის, როგორც მოეპრიანება. მოსწავლეები სწავლობენ იმას, როგორ გავიდნენ გამოცდაზე, რათა როგორმე აიღონ მართვის მოწმობა, და არა იმას, რეალურად რა არის საჭირო. ძალიან კარგია ავტომობილის მართვის გამოცდა ქალაქში რომ უწევთ, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ გამოცდა არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რასაც უნდა პასუხობდეს.
- რას გულისხმობთ?
- შაბლონური წესებია. მაგალითად, თუ 80 არის დადგენილი სიჩქარე და შენ 83-ით მიდიხარ, გეუბნებიან, ვერ ჩააბარე გამოცდაო. ამ წესებს ამოქმედების შემდეგ დახვეწა სჭირდებოდა. მართვის მოწმობას აღება არ ნიშნავს, რომ იციან ავტომობილის სათანადოდ მართვა. უსაფრთხოებას ყურადღებას არავინ აქცევს. არ ვეთანხმები, რომ გაიძახიან, არა გვაქვს შეგნება და ამიტომ არღვევენ წესებსო, შეგნებაც ხომ ცოდნას ემყარება? მე რომ შემიშვან გულის ოპერაციის გასაკეთებლად, რამხელაც არ უნდა მქონდეს შეგნება, მაინც ვერ გავაკეთებ. რაც არ უნდა დიდი ჯარიმები იყოს დაწესებული, ვერაფერს შეცვლის. არ ვიცით წესები და როცა ცოდნა არა გაქვს, შედეგიც შესაბამისია. საჯარიმო სანქციები იზრდება, მაგრამ შედეგს ვერ ვიღებთ, დამრღვევები მაინც არღვევენ წესებს. კი, წესები რომ არ იყოს, ავარიების კატასტროფული ზრდა გვექნებოდა, ეს ყველაფერი ცოტათი ანელებს, მაგრამ არ აჩერებს პროცესს და არ ქმნის მაქსიმალურ უსაფრთხოებას გზებზე. ვიმეორებ - საგზაო შემთხვევები უვიცობაზე დამყარებული შეცდომებია და საჯარიმო სანქციების გამკაცრებით ამას ვერ ვუშველით. ამან ნაყოფი რომ გამოიღოს, მაშინ უნდა იყოს კონკრეტულ დანაშაულზე, საგზაო დარღვევაზე პატიმრობა, თუნდაც 15-დღიანი, რომ იქნებ გაფრთხილდნენ მძღოლები. სხვა შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარი იქნება თუ მეტი, იმდენად ვერ შეცვლის ამინდს, რომ უსაფრთხო გახდეს.
ეს ყველაფერი ანალიზზე უნდა იყოს აგებული. მაგალითად, მოხდა საგზაო შემთხვევა, გადააჭარბა მძღოლმა სიჩქარეს და მორჩა. არადა, იქ ბევრი დეტალია, რაც სტატისტიკისთვის ძალიან საჭიროა, ანუ ხომ არ გამოიწვია ავარია, დავუშვათ, მაშუქების არასწორმა განლაგებამ, ან გზის მოხვევის კუთხის რადიუსმა. მერე რა, რომ სიჩქარეს გადააჭარბა, ბევრი ნიუანსია, რაც საჭიროა ფაქტის გასაანალიზებლად. ამიტომ სტატისტიკა უფრო სიღრმისეული უნდა იყოს. მაგალითად, როცა ტექდათვალიერება დაიწყეს, მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო ოფიციალურად დადასტურებული, როცა ტექნიკურად გაუმართავი მანქანით მოხდა ავარია, მიკროავტობუსის მუხრუჭმა ვერ იმუშავა და დიდი მსხვერპლით დასრულდა. მას შემდეგ ავარიები არ მომხდარა მანქანის გაუმართაობით? სად არის ამის სტატისტიკა? თუ მხოლოდ ერთი შემთხვევა გვაქვს ეს წლები, მაშინ რაღა საჭიროა ტექდათვალიერება?
- ავარიების დიდი ნაწილი შემხვედრ მოძრაობის ზოლში გადასვლით, გასწრების წესების დარღვევისას მოხდა. მაგალითად, ამ მანევრის დარღვევის გამო დაიღუპა 117 კაცი. სიჩქარის გადაჭარბება ისევ დიდი პრობლემაა.
- რას გულისხმობენ მოხვევის მანევრში, გაშიფრული უნდა იყოს - რა ქნა მძღოლმა არასწორად, ბევრჯერ მოუხვია, ჩქარა მოუხვია, მოსახვევში ვერ ჩაეტია, გზაზე გადავიდა, მოსახვევის მანევრში რა ელემენტი შედიოდა და რატომ, ეს არის მნიშვნელოვანი. უნდა დადგინდეს, რატომ მოხდა ავარია, იქნებ ავტომანქანას ზამთრის საბურავი ეყენა და ზაფხული იყო, ზაფხულის ეყენა და, ზამთარი იყო. მოხვევის მანევრის დარღვევით 1596 შემთხვევა რომ ფიქსირდება და სამინისტრო ამბობს, დაღუპულია 117 კაციო, ყველა მათგანს ერთნაირი მანევრი ხომ არ ჰქონდა, ხომ განსხვავდებოდა? უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად ვინ რა შეცდომა დაუშვა, რომ შემდეგ ყველაფერი გაანალიზდეს.
- ყოველდღე შუქდება მედიით მძიმე შემთხვევები, ეს არ აფრთხობს მძღოლებს?
- მათ ამას ვინმე ასწავლის? "პირველ არხს" აქვს ბიუჯეტი, მაგრამ არა აქვს მსგავსი გადაცემები, არადა, შეიძლებოდა ჰქონოდა გადაცემა, სადაც შს სამინისტროს ექნებოდა პროექტი, განიხილავდნენ საგზაო შემთხვევებს და საბოლოოდ გაიგებდა ადამიანი მიზეზს, თუ რამ გამოიწვია კონკრეტული შემთხვევა. ბაღებში არ ვასწავლით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში არ ვასწავლით, სადღაც ხომ უნდა ისწავლოს ადამიანმა?! ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას საგზაო წესებზე წარმოდგენა არა აქვს. თითქმის ყველა თვითნასწავლია ანუ თავის პრაქტიკაზე ააგეს ავტომანქანის მართვის სტილი. როცა ფაქტის წინაშე დადგებიან, როცა სჭირდებათ თავის გადარჩენა, იმ ერთხელაც ვერ აკეთებენ ვერაფერს, იმიტომ, რომ არაფერი იციან.
- გამოსავალი რა არის? როგორც ვიცით, პარლამენტში დიდი ხანია დევს კანონპროექტი, რომელიც ვერა და ვერ მიიღეს.
- გამოსავალია ცოდნა, საგზაო უსაფრთხოება უნდა დავაყენოთ პრიორიტეტად. თუ ეს დღეს დავიწყეთ, 10-12 წელიწადში გვექნება შედეგი. ჯერ კიდევ 20 წლის წინ რომ დაგვეწყო, ახლა ძალიან კარგი შედეგი გვექნებოდა. რატომ აყოვნებს ხელისუფლება, მას უნდა ჰკითხოთ. კანონპროექტი 2019 წელს წარვადგინეთ და დღემდე არაფერი გაკეთებულა. ხელისუფლებას ვურჩევდი, ჯარიმების თანხა მოახმარონ საგზაო წესების სწავლებას, რადგან უცოდინარი მძღოლები გვყავს და ამის შედეგია ეს მძიმე სტატისტიკაც.