ყველაზე „გიჟი“ ფეხბურთელი - კვირის პალიტრა

ყველაზე „გიჟი“ ფეხბურთელი

პოლ გასკოინი, მეტსახელად "გაზა", ინგლისის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა 1988-1998 წლებში, სადაც 57 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ის იყო იმ გუნდის წევრი, რომელმაც მეოთხე ადგილი დაიკავა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ნახევარფინალში დასავლეთ გერმანიასთან მატჩში მიღებული ყვითელი ბარათის შემდეგ, მან ცრემლები ვერ შეიკავა, რადგან ინგლისის გამარჯვების შემთხვევაში ფინალს გამოტოვებდა.ასევე დაეხმარა გუნდს ნახევარფინალამდე მისვლაში ევროპის 1996 წლის ჩემპიონატზე, სადაც შოტლანდიის წინააღმდეგ მისი გატანილი გოლი 2013 წელს შეფასდა როგორც "ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში".

კარიერის გვიან პერიოდში და განსაკუთრებით დასრულების შემდეგ, გასკოინს მენტალური და ემოციური პრობლემები ჰქონდა. მძიმე ალკოჰოლიზმის გამო ის არაერთხელ დააპატიმრეს ან იძულებითი მკურნალობა მიუსაჯეს. მისი ბრძოლა ამ პრობლემასთან ხშირად ხდებოდა ბრიტანული მედიის განხილვის საგანი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ სცადა ალკოჰოლის გარეშე ცხოვრება, რეაბილიტაციის პროგრამები მხოლოდ დროებით შედეგს იძლეოდა. ამ პრობლემებმა დაასრულა მისი სამწვრთნელო კარიერაც - მას შემდეგ, რაც 2005 წელს გაათავისუფლეს Kეტტერინგ თოწნ-ის მწვრთნელობიდან, ის ფეხბურთში აღარ დაბრუნებულა.

შემტევ ნახევარმცველად მოთამაშე, კრეატიულ და ტექნიკურად ძალიან ნიჭიერ ფლეიმეიკერს პოლ გასკოინს შეეძლო როგორც გოლების გატანა, ისევე საგოლე მომენტების შექმნაც ზუსტი პასების, ძლიერი დარტყმისა და თავით თამაშის წყალობით. მას ჰქონდა სისწრაფე, ფიზიკური ძალა, ბალანსი და შესანიშნავი დრიბლინგი, რაც საშუალებას აძლევდა დაეცვა ბურთი, გაესწრო მოწინააღმდეგეებისთვის და გაეძლო ფიზიკური ორთაბრძოლებისთვის. ასევე იყო ზუსტი საჯარიმო და პენალტის შემსრულებელი. თუმცა ზოგჯერ არასტაბილური და პოზიციურად სუსტიც იყო.…

ის არ იყო უბრალოდ სანახაობრივი მოთამაშე - მისი კრეატიულობა გადამწყვეტი იყო ჩაკეტილი თამაშების მოსაგებად. გარი ლინეკერი გასკოინზე ამბობდა: "ის იყო ყველაზე ბუნებრივად ნიჭიერი ტექნიკური ფეხბურთელი, ვისთანაც მითამაშია და ვისაც ჰქონდა თავხედობა და თავდაჯერებულობაც, რაც ფეხბურთელისთვის აუცილებელია. ის თამაშობდა მხოლოდ თამაშის სიყვარულისთვის".

სტივენ ჯერარდმა გასკოინი თავის გმირად დაასახელა, ხოლო გარეთ საუთგეითმა თქვა: "არსებობენ ძალიან კარგი ფეხბურთელები და შემდეგ ტოპ-ფეხბურთელები. ჩემს პერიოდში ინგლისის ნაკრებში პოლ გასკოინს, პოლ სკოლზსა და უეინ რუნის სხვებზე ცოტა მეტი კლასი ჰქონდათ". ყოფილმა Newcastle United-ის მოთამაშემ ლი კლარკმა დაამატა: "გაზას ყველაფერი ჰქონდა - დრიბლინგი, მეტოქეების მოტყუების უნარი, ისეთი პასები, რომლებიც თითქოს ნემსის ყუნწში გადიოდა. საოცარი გოლები გაჰქონდა". მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს თქმით, ის იყო "აგრესიული, ფიზიკურად ძალიან ამტანი, იმავდროულად, ტექნიკურად გამორჩეული - ყველაფერი ჰქონდა, რაც ტოპ-ფეხბურთელს სჭირდება".

1996 წლის ივლისში გასკოინმა იქორწინა თავის დიდი ხნის მეგობარ ქალზე, შერილ ფეილსზე, რომელთანაც დაახლოებით ექვსი წელი იყო. მოგვიანებით მან აღიარა, რომ ქორწინების პერიოდში შერილზე ძალადობდა. ისინი 1999 წლის დამდეგს განქორწინდნენ. 2009 წელს შერილმა გამოსცა წიგნი My Life Surviving Gazza ("ჩემი ცხოვრება და გადარჩენა გასკოინისგან"). გასკოინსა და შერილს ჰყავთ ვაჟი, რეგანი, ასევე იშვილა შერილის ორი შვილი მისი პირველი ქორწინებიდან.

paul-gascoigne-main-1774808888.jpg

არასდროს იქნება კიდევ ერთი პოლ გასკოინი - გამანადგურებელი სული, რომელსაც თაობები აღმერთებდნენ. თუმცა შეიძლება ეს უკეთესიც იყოს: მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო ამდენი ავტოსაგზაო შემთხვევის, სროლების, ფრინველებთან ჩხუბისა და სხვა ისტორიებიდან თავის დაძვრენა.

საოცარი პოლ გასკოინი თავიდანვე ვარსკვლავობისთვის იყო დაბადებული. 17 წლის ასაკში, 1985 წელს, ის დაეხმარა Newcastle United-ს ახალგაზრდული თასის მოგებაში - მიღწევა, რომელიც მას შემდეგ აღარ გაუმეორებიათ. "მე და გაზა 10 წლიდან პირველ გუნდამდე ერთად ვთამაშობდით, - უთხრა ჯო ალონმა FFT-ს, - როცა ახალგაზრდული თასი მოვიგეთ, ვფიცავ, თითქმის ყველა გოლი განსაკუთრებულად აღნიშნა. ზოგჯერ თითქოს "მახინჯი იხვის ჭუკი" იყო - ცოტა ზედმეტი წონა ჰქონდა და რამდენიმე დღით ადრე ჯეკ ჩარლტონი გაშვებითაც კი ემუქრებოდა. მაგრამ ფინალში ყველაზე ლამაზ გედად გადაიქცა. ვიკარიჯ-როუდზე 4:1 მოვიგეთ და უოტფორდის პრეზიდენტი ელტონ ჯონი გასახდელში შემოვიდა მოსალოცად. გაზა აბაზანიდან შიშველი წამოდგა და სკანდირებდა: "ელტონ, გვიმღერე რამე!"

ადრეული ასაკიდანვე დაუმეგობრდა ჯიმი გარდნერს, რომელსაც "ხუთმუცელას" ეძახდა მისი მოზრდილი სხეულის გამო. ისინი ახლო მეგობრებად დარჩნენ მთელი კარიერის განმავლობაში - "ხუთმუცელა" ხშირად ხდებოდა მისი ხუმრობების მსხვერპლი. "ერთხელ ჯიმის მეგობრებმა საიდანღაც არბალეტი მოიტანეს, ჯიმიმ თავზე ვაშლი დაიდო და მითხრა, მე უნდა მომარტყაო. შემდეგ საჰაერო თოფიც ვიშოვეთ. ჯიმი დაახლოებით 20 იარდზე იდგა, შარვალი ჩამოწეული ჰქონდა და მის შიშველ უკანალს ვესროდი. ყოველი მოხვედრისთვის 25 გირვანქას ვუხდიდი. ბოლოს მისი უკანალი სარწყავს დაემსგავსა".

coli-serili-1774808888.jpg

ყოფილმა მცველმა ჯონ ანდერსონმა გაიხსენა: "სპონსორობით ახალი მანქანა მისცეს - ის პირველი ფეხბურთელი იყო, ვისაც კომპანიის მანქანა ჰყავდა. ერთ დღეს, როცა გაზა ტრავმირებული იყო და სხვები ვარჯიშობდნენ, მან მგზავრის სავარძლის ქვეშ თევზი დამალა. როცა თევზი ლპებოდა, სუნი სულ უფრო ძლიერდებოდა, მაგრამ პიტერმა ვერ გაიგო, საიდან მოდიოდა. საშინელი სუნი იყო. მანქანა რამდენჯერმე წაიყვანა სერვისში, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს, სანამ ერთ დღეს სრული წმენდა არ ჩაუტარეს და იქ უამრავი მატლი ნახეს".

მირანდინია, პირველი ბრაზილიელი ინგლისში, სწრაფად დაუმეგობრდა გაზას და მალევე გახდა მისი ხუმრობების მსხვერპლიც. ერთხელ გასკოინმა დააჯერა, რომ ოთხშაბათს ინგლისურად ჭანკდაყ ერქვა, შემდეგ კი მისი მანქანა ითხოვა და მინდორში დააზიანა. "მეორე დღეს მირანდინიამ მანქანა მთხოვა, - გაიხსენა გაზამ, - წავიყვანე და ვაჩვენე ღობეში გაჭედილი, უკანა ბორბლები თითქმის წინას ეხებოდა".

"ერთ საღამოს ჯულიან დიქსი გადამეკიდა, ქალაქში წავიდეთო, - წერს გასკოინი ავტობიოგრაფიაში, - არ მინდოდა, მაგრამ არ მასვენებდა. მეორე დღეს, როცა ეძინა, სამაგიერო გადავუხადე. ფეიერვერკი ვიყიდე, მის აბაზანაში შევედი, დიდი პეტარდა ავანთე და ავაფეთქე. წარმოუდგენელი ხმა იყო. მერე ოთახში შევვარდი ყვირილით: "ევაკუაცია! ბომბის აფეთქება!" - დიქსი შიშველი გამოიქცა დერეფანში".

"ტოტენჰემში" მისი კაპიტანი გარი მაბუტი იხსენებს: "მე დიაბეტი მაქვს, ამიტომ თამაშის შემდეგ ავტობუსში ადრე ავდიოდი ინიექციებისთვის. ერთხელ ნემსით ვიჯექი და გაზამ მკითხა: "რას აკეთებ?" ავუხსენი, მაგრამ, მგონი, ეგონა, დიაბეტი ცნობილი მოკრივე იყო. ვუთხარი, დღეში ოთხჯერ უნდა გავიკეთო ინიექცია-მეთქი, და მითხრა, "რაო, ყოველდღე? მთელი ცხოვრება? თუ მხოლოდ ფეხბურთის დროს?" ვუპასუხე: "მთელი ცხოვრება", მან კი თქვა: "მთელი ცხოვრება... ალბათ, ვერ ითმენ, როდის მოკვდები!".

ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტესთან ერთად ჯგუფში იყო და იტალიაში ყოფნა იდეალური შანსი გახდა, რომ გაზას ფარაონებისთვის მიებაძა. "აუზთან ვისხედით, როცა არეულობა დაიწყო, - იხსენებს სტიუარტ პირსი, - გაზა შიშველი იყო, ტუალეტის ქაღალდი მუმიასავით გადაიხვია და აუზში გადახტა. ქაღალდი ზედაპირზე ამოტივტივდა, გაზამ ერთი სიგრძე გაცურა, მერე კი ამოვიდა შიშველი და ოთახისკენ წავიდა. გაითვალისწინეთ, იქ მხოლოდ ფეხბურთელები კი არა, ხალხიც იყო".

Rangers FC-ში გადასვლა წარმატებული აღმოჩნდა. ის 28 წლის იყო, თუმცა ბევრს ეჭვი ეპარებოდა მის ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაში. ზოგისთვის ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ სინამდვილეში მან კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაატარა. მისი გოლები და ასისტები "რეინჯერსში" მართლაც წარმოუდგენელია: საუკეთესო ფორმაში მყოფი გაზა ნახევარმცველებს უსწრებს, მცველებს ატყუებს, ორივე ფეხით გააქვს გოლი... ნამდვილი სიამოვნება იყო ამის ნახვა, მაგრამ მისი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი, ალბათ, ჰიბერნიანის წინააღმდეგ იყო. მისი სპრინტის შემდეგ დარტყმა ასცდა, მაგრამ გაზამ მსაჯის, დუგლას სმითის ჩამოვარდნილი ყვითელი ბარათი აიღო და თავისებურად დაუბრუნა - თავადვე უჩვენა გაკვირვებულ მსაჯს. სმითმა ეს ხუმრობა არ მიიღო და გასკოინი გააფრთხილა, მეორე ტაიმში კი გაზამ ოთხი მცველი მოატყუა და გოლი გაიტანა.

ნიკოლოზ თევდორაშვილი