სადამდე მივალთ სანიოლის ხელში? - კვირის პალიტრა

სადამდე მივალთ სანიოლის ხელში?

ამაღამ, მგონი, იქნება ქარი, ვაი, დედოფალ ტყემლების ბრალი...

რამ გამახსენა?! მარტის გიჟმაჟმა­ ამინდმა და საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩმა (როცა ამ წერილს ვწერ, ჯერ არ ვიცი, 29 მარტს ლიეტუვაში გამართული მატჩის შედეგი). ვაი, ტყემლების ბრალიო? ტყემლებს რა უჭირთ?! ზოგიერთ ყვავილს მაინც შეინარჩუნებენ. სხვა თუ არაფერი, გაისად ხომ ისევ იყვავილებენ... ჩვენ, ჩვენი გაჭირვებისა ვთქვათ - სამ ათეულ წელზე მეტია, ერთ წრეზე რომ ვტრიალებთ და უშედეგოდ ველით ქართული ფეხბურთის "აყვავებას". არადა, ორი წლის წინ (2024 წლის 26 მარტს) იყო, ქართულმა ფეხბურთმა წლობით ნანატრ შედეგს რომ მიაღწია. ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ და 13 მაისის გვარიანად გაფერმკრთალებული მოგონებაც ახალი თარიღით ჩავანაცვლეთ... ჩვენმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ღირსეულად ითამაშა, მერვედფინალის საგზურიც მოიპოვა და... იმედი გაგვიჩინა, რომ ისტორიული წარმატება ქართულ ფეხბურთს ახალი ენერგიით აავსებდა, თუმცა...

წელიწადზე მეტია, პროგრესის ნაც­ვლად რეგრესს ვხედავთ. ვილი სანიოლის გუნდმა გაანიავა უეფას ერთა ლიგის ჯგუფიდან გასვლის შანსი, პირწმინდად ჩააგდო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი (ერთადერთი გამარჯვება ექვს შეხვედრაში), ზედიზედ წააგო ბოლო ოთხი ოფიციალური მატჩი, ისრაელთან ამხანაგური "თამაშისა" და ბრძოლის ხარისხი კი თავადაც ნახეთ (ვიმეორებ - ეს სტრიქონები ლიეტუვასთან მატჩამდეა დაწერილი). იმედია, კაუნასში გაცილებით უკეთ ვითამაშებთ, თორემ რაც 26 მარტს "მიხეილ მესხის" მინდორზე ვნახეთ (კვარას საუცხოო გოლებს თუ არ ჩავთვლით), ოპტიმიზმის საფუძველს არაფრით გვიტოვებს.

ჩვენი მთავარი წუხილიც ესაა, თორემ ამხანაგურ შეხვედრაში არათუ ფრე, წაგებაც არავის მიაჩნია კატასტროფად. სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია ვხედავთ, რომ საქართველოს ნაკრების ფრანგი მწვრთნელი ვეღარ ახერხებს წარმატების მომტანი სათამაშო სქემისა თუ სტრატეგიის არჩევას (თამაშის გადაწყობის უნარით არც არასდროს ბრწყინავდა) და ფეხბურთელების მოტივირებას ვიღა ჩივის - ბოლო დროს ხელს უმეტესად მათკენ იშვერს...

აი, რა თქვა ვილიმ ისრაელთან მატჩის შემდეგ: "ვფიქრობ, საწყისი ერთი საათის განმავლობაში ბევრი დადებითი რამ ვნახეთ, კარგი ინტენსივობით, მონდომებით ვითამაშეთ. ეს იმაზე საინტერესო იყო, ვიდრე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ვაჩვენეთ. თამაშის სცენარზე დაღლილობამაც იმოქმედა, მაგრამ 2:0 დაწინაურების შემდეგ, მოთამაშეებს მეტი სიდინჯე მართებდათ - არ უნდა აჩქარებულიყვნენ, სქემა უნდა შეგვენარჩუნებინა, უფრო ორგანიზებულად გვეთამაშა. გაკვირვებული ვარ, რატომ თამაშობდნენ იმაზე სწრაფად, ვიდრე იმ მომენტში იყო საჭირო"...

ოღონდ სანიოლს იმაზე არაფერი უთქვამს, რას გულისხმობდა მისი ნახსენები ტაქტიკა, ფეხბურთელებმა ის მართლაც "დაარღვიეს" თუ თავიდანვე გაუჭირდათ გაგება, რას ითხოვდა მათგან მთავარი მწვრთნელი? ჩვენი პოზიციური შეტევების წამოწყებისას, გადრანი/ლოჩოშვილი/ბერიაშვილის მცველთა ტრიო (რომელიც პირველად ვნახეთ და რა გასაკვირია, შეთამაშების პრობლემა ჰქონოდათ) მშვიდად გამოიყურებოდა, მაგრამ როგორც კი მეტოქემ ბურთი და უპირატესობა მოიპოვა, საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზში გაჩნდა რამდენიმე "ნაპრალი", რომლის ამოვსებაში უკანახაზელებს სათანადოდ ვერც ნახევარდაცვა დაეხმარა...

dsc09969-1774809516.jpg

გავიხსენოთ, რა გვითხრა ჩვენი ნაკრების თავკაცმა გასული წლის ნოემბერში, სოფიაში უღიმღამო თამაშით წაგებული მატჩის შემდეგ:

...რომ უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში გვქონდა და რამდენიმე სულელური შეცდომის გამო წავაგეთ.

...რომ ტოპ-ლიგებში არა გვყავს ბევრი ფეხბურთელი. ოპტიმალური ფორმაში არ იყვნენ კვარა, დავითაშვილი, ქოჩორაშვილი. რომ აკლია კვირკველიას მსგავსი, "პიტბულივით" მებრძოლი ფეხბურთელები.

...რომ მოთამაშეებთან კომუნიკაციის პრობლემა არა აქვს და ის ძველებურად იდეალურია, მაგრამ... ფეხბურთელებს "შიმშილს" ვეღარ ატყობს, მათ თვალებში ძველებურ ცეცხლს ვეღარ ხედავს (უკაცრავად, მაგრამ კიდევ ერთხელ დავსვამ უკვე არაერთხელ დასმულ კითხვას - მწვრთნელის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია ფეხბურთელების მოტივირება არ არის?!).

...რომ ბოლო თვეები განსაკუთრებულად რთული გამოდგა და შემადგენლობის ხშირი ცვლილების მიუხედავად, პრობლემები არ გვარდებოდა.

...რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და "მარტში უკეთესი გუნდი ვიყოთ" (აგერ, მარტიც მიიწურა და... რას ფიქრობთ, ვართ უკეთესი გუნდი?!).

...რომ აუცილებლად იპოვიან გამოსავალს, დაბრუნდებიან და უკეთესად ითამაშებენ.

ჰოდა, ნოემბერშიც დავწერე და ახლაც ვიმეორებ, რომ ვილი სანიოლმა ილაპარაკა ყველაფერზე – თავისი პასუხისმგებლობის გარდა!

მარტში უკეთესი გუნდი ვიქნებით, შემოდგომაზე – კიდევ უფრო კარგიო!

გუნდის "უკეთესობისა" რა მოგახსენოთ, მაგრამ თვითონ სანიოლი ნამდვილად არ შეცვლილაL- ისევ ეძებს (ისევ უშედეგოდ): მატჩის დაწყებამდე წარმატებულ ტაქტიკას, ნამატჩევს -–დამნაშავეებს. ისევ ყველაფერს ხედავს... თავისი შეცდომების გარდა. ამის მთავარი მიზეზი კი სწორედ ის "კომფორტის ზონაა", ფრანგის თქმით, ფეხბურთელები რომ ვერაფრით დაეხსნენ, სინამდვილეში კი, ყველაზე მეტად სწორედ მუსიე ვილიზეა ზედგამოჭრილი ოთხწლიანი კონტრაქტის სახით!

მადლობა ვილი სანიოლს ისტორიული შედეგისთვის. მსოფლიო ჩემპიონიც რომ გავხდეთ, ყოველთვის ის იქნება პირველი მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოს ნაკრებმა დიდ ტურნირზე ითამაშა, მაგრამ... დაუვიწყარი წარმატება დაუსრულებელ თანამშრომლობასაც ხომ არ გულისხმობს?! რადგან 13 მაისის სიხარული 26 მარტის ბედნიერებამ გააფერმკრთალა, ახლა, მომდევნო ორმოცი წელიწადიც მხოლოდ "ძველი დიდების" გახსენებით უნდა ვიცხოვროთ?! ევროპის ჩემპიონატზე თამაში ქართული ფეხბურთის ახალი სიცოცხლის დასაწყისი უნდა ყოფილიყო და როცა განვითარების ნაცვლად, ეროვნული ნაკრების რეგრესს ვხედავთ (საკლუბო ფეხბურთზე კარგა ხნის წინ ჩავიქნიეთ ხელი), აუცილებელია ბოლომდე დაველოდოთ შეუსაბამოდ ხანგრძლივი კონტრაქტის დასრულებას?

შესაძლოა ვილი სანიოლი თვითონ ვერ ამჩნევს/არ იმჩნევს, რომ წელიწად-ნახევარზე მეტია, ერთ ადგილს (და უსარგებლო ტაქტიკას) ტკეპნის, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვხედავთ, რომ მისი ფრაზა "სამომავლოდ უკეთესი გუნდი ვიქნებით" სულ უფრო მეტად ემსგავსება პოლიტიკოსების წინასაარჩევნო დაპირებებს? შესაძლოა ვინმემ ზედმეტობა დაგვწამოს - ამხანაგური მატჩის ვერმოგების გამო ამხელა აჟიოტაჟი რა საჭიროაო? საქმეც ის არის, რომ ისრაელთან ფრე და ლიეტუვასთან მოგება/წაგება (ჩემგან განსხვავებით, თქვენ უკვე იცით 29 მარტს გამართული მატჩის შედეგი) კი არაფერს ნიშნავს, არამედ იმის განცდა, რომ 49 წლის ვილი სანიოლმა უკვე კარგა ხნის წინ ამოწურა თავისი შესაძლებლობები საქართველოს ნაკრებში! ივნისში ჩვენი გუნდი კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და იმედია, სექტემბერ-ოქტომბერში გასამართი ოფიციალური მატჩების წინ ზაფხულის ორ მატჩს ახალი მწვრთნელი გამოიყენებს...

რაც შეეხება ისრაელთან მატჩს, მის დეტალურ განხილვას აზრი არა აქვს, მით უმეტეს, უკვე ლიეტუვასაც ვეთამაშეთ. მოკლე რეზიუმე კი ასეთია: არეულ, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე თამაშში გადამწყვეტი აღმოჩნდა ხვიჩა კვარაცხელიას ინდივიდუალიზმი და უმაღლესი კლასი! კვარამ, რომელმაც ნაკრების კაპიტნის სამკლავური დაიბრუნა (მინიმუმ, რამდენიმე წლით), ბევრი იშრომა და ერთმანეთზე უკეთესი ორი გოლიც გაიტანა. ბოლო 5 მატჩში (კლუბი + ნაკრები) ხვიჩას ამდენივე გოლი დაუგროვდა, ისრაელთან შესრულებული "დუბლის" წყალობით კი ქართული ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა 22 სანაკრებო გოლი მოაგროვა, გიორგი მიქაუტაძეს გაასწრო და ახლა, მხოლოდ შოთა არველაძეს (26 ბურთი) ჩამორჩება!

კვარაცხელიას გოლებით მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები გაჩერდა (ამხანაგურ მატჩს შედეგიც "ამხანაგური"A შეეფერებოდა?!), ისრაელმა კი მოუმატა და საბოლოოდ – 2:2.

რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია, საკლუბო წარმატებების პარალელურად, ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული გუნდის ლიდერად, საკვანძო და ყველაზე სასარგებლო/შედეგიან მოთამაშედ რომ რჩება (ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კაპიტნის სამკლავურიც ლოგიკური არჩევანია), მაგრამ სამაგიეროდ, ის არ მოგვწონს, საქართველოს ნაკრები 2-3 მოთამაშეზე დამოკიდებულ გუნდად რომ იქცა და აღარც გუნდურობა ეტყობა და არც მწვრთნელის ხელი...

ვილი სანიოლის წასვლაც ამ მიზეზით მიგვაჩნია გადაუდებელ აუცილებლობად. არა იმიტომ, რომ მისი შემცვლელი პირველივე წელს გვაქცევს მსოფლიო ფეხბურთის გრანდად (საქართველოს ნაკრების სათავეში ვილიზე გაცილებით ძლიერ სპეციალისტებს წაუმტვრევიათ კისერი) - ყველა ვხედავთ (იმედია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებიც), რომ მწვრთნელს და ფეხბურთელებს ერთმანეთის აღარ ესმით და თვითონ ფრანგიც აღარ არის ძველებურად ემოციური.

სადამდე მივედით ვილი სანიოლის თავკაცობით ორი წლის წინ ვნახეთ; და სადამდე მივალთ, თუ ეს თანამშრომლობა დროულად არ დასრულდა, საკითხავი, აი, ეს არის!

ტაქტიკა, გამოცდილება, კომუნიკაციის უნარი - მწვრთნელს ყველა ეს თვისება სჭირდება, მაგრამ...

დროულად წასვლასაც ცოდნა უნდა!