„პოლე ჩუდესი“ და „ბრიყვთა ქვეყანა“ ანუ არის თუ არა მოსალოდნელი რუსეთში „ინტერნეტის რევოლუცია“
გახსოვთ ლეონიდ იაკუბოვიჩი? ახალგაზრდა თაობას, ალბათ, არ ემახსოვრება, თუმცა 90-იანელებს აუცილებლად. გადაცემა "პოლე ჩუდესი" პოპულარული იყო მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოში. იაკუბოვიჩმა პუტინს აჯობა ერთ ადგილზე მუშაობის ხანგრძლივობით. კერძოდ, მას "პოლე ჩუდესი" 1991 წლიდან მიჰყავს (შეცვალა პოპულარული რუსი ჟურნალისტი ვლად ლისტევი, რომელიც 1995 წელს მოკლეს და ეს მკვლელობა დღემდე ბურუსით არის მოცული) ანუ იაკუბოვიჩი ერთ ადგილზე 35 წელია მუშაობს (პუტინი რუსეთს "სულ რაღაც" 26 წელია მართავს). კიდევ ის ვიცით ლეონიდ იაკუბოვიჩზე, რომ უყვარს საქართველო და ქართველები, თუმცა ის ჩვეულებრივი კონფორმისტია - არც საქართველო-რუსეთის ომისას ამოუღია ხმა და არც პუტინის არმადების უკრაინაში შეჭრისას.
ეს სტატია, რა თქმა უნდა, არ არის ლეონიდ იაკუბოვიჩზე. წერილი ეხება იმას, თუ როგორ შეაღწია კრემლის პროპაგანდამ ყველგან და ყველაფერში, თან პროპაგანდა ასეთია - რაც ცუდია, სინამდვილეში კარგია.
რუსეთში ინტერნეტს ანელებენ, სატელეფონო ინტერენეტს კი საერთოდ ზღუდავენ. ეს განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვეს მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა დიდ ქალაქებში და წარმოიდგინეთ, საპროტესტო აქციებსაც კი მართავენ. გარდა ამისა, რუსეთის მოსახლეობას აიძულებენ მაქსიმალურად გადავიდეს ადგილობრივ მესენჯერ "მაქსზე", რაც არ უნდათ - არავის სურს, რომ მისი თითოეული ნაბიჯი ეფ-ეს-ბემ გააკონტროლოს. ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა ამაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ - ალბათ, რუსები დეპეშებს და ცხენიან ფოსტას დაუბრუნდებიან და პუტინი უფრო ახალგაზრდულად იგრძნობს თავსო.
ინტერნეტის შენელების ოფიციალურ მიზეზად ასახელებენ დრონებისა და კიბერშეტევების საფრთხეს. ასევე, კრემლში ამბობენ, რომ რუსული "სუვერენული ინტერნეტის" შექმნა სურთ, სინამდვილეში კი ამის მიზეზია რუსეთის მოსახლეობის მოწყვეტა ალტერნატიული აზრისგან, ობიექტური ინფორმაციისგან (რომლის დიდ ნაწილსაც საზღვარგარეთ გაქცეული რუსი ჟურნალისტები ქმნიან), პირველ რიგში, უკრაინის ომთან დაკავშირებით.
მოკლედ, ამუშავდა კრემლის პროპაგანდა ზემოხსენებული სქემით - რაც ცუდია, კარგია. ჰოდა, პლატფორმად გამოიყენეს ლეონიდ იაკუბოვიჩის "პოლე ჩუდესი". ამ გადაცემაში ბავშვებმა შეასრულეს სიმღერა, "ჩვენ არ ვსხედვართ ინტერნეტში, არ გვჭირდება ტელეფონები, ეზოში ვთამაშობთ და ძალიან კარგად ვგრძნობთ თავსო". პროპაგანდის ასე გათავხედება თავად რუსებისთვისაც კი შოკი იყო. შემდეგ მიჰყვა და მიეწყო: რუს დეპუტატთა ჯგუფმა ინტერნეტი ლამის მთავარ მტრად გამოაცხადა, რომელიც თურმე რუსებს გამრავლებაში ხელს უშლის. აქეთ დუგინმა შუალედური გამოსავალი "მოძებნა" - ინტერნეტი მხოლოდ შემოდგომა-ზამთარში ჩავრთოთ, დანარჩენი პერიოდი ჩვენმა მოქალაქეებმა იმოგზაურონ რუსეთში და დატკბნენ ჩვენი ქვეყნის ბუნებითო. სხვა პროპაგანდისტები შეტევაზე გადავიდნენ - ვინც ინტერნეტზე პროტესტს გამოთქვამს, ფრონტზე ვუკრათ თავი, სამშობლო განსაცდელშია, რა დროს ინტერნეტიაო.
ალექსეი ტოლსტოის ზღაპარში "ოქროს გასაღები ანუ ბურატინოს თავგადასავალი" "პოლე ჩუდესი" მდებარეობს "ბრიყვთა ქვეყანაში" (სტრანა დურაკოვ). იქ ბურატინოს ორი აფერისტი ოქროს მონეტებს ჩაამარხვინებს - ოქროსმონეტებიანი ხე ამოვა და გამდიდრდებიო (თავად რუსები ამტკიცებენ, რომ "ბურატინოს თავგადასავალი" არის იტალიელი კარლო კოლოდის ზღაპრის "პინოქიოს თავგადასავლის" ლიტერატურული გადამუშავებაო, თუმცა ზოგიერთის აზრით, რუსმა მწერალმა, უბრალოდ, იდეა მოიპარა).
კრემლის პროპაგანდას, როგორც ჩანს, რუსეთი მართლაც "ბრიყვთა ქვეყანა" ჰგონია (პუტინი და მისი დამქაშები იმდენი წელია ტყუიან, რომ ბურატინოსავით ცხვირი რომ ეზრდებოდეთ, უკვე მარსთან იქნებოდა მიღწეული). თუმცა, ალბათ, თავად რუსებმა და იქ მცხოვრებმა სხვა ეროვნების ადამიანებმა უნდა დაადასტურონ, რომ ასე არ არის.
ისე, ინტერნეტის გამო რუსეთში ისეთი ამბებია, მსგავსი არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემის დროს. გამოიწვევს ეს პუტინის რეჟიმის რყევებს?! ვნახოთ... თუ არადა, დღეს ინტერნეტს გააუქმებენ, ხვალ კი, ალბათ, ბატონყმობას აღადგენენ.
პუტინის ხველების პოლიტიკური ანალიზი
როდესაც ვლადიმირ პუტინი 8 მარტის დღესასწაულს ქალებს ულოცავდა, აუტყდა ხველა და პრესსამსახურს სთხოვა/უბრძანა, რომ თავიდან ჩაეწერათ. ეს უხერხული ვიდეო კრემლის ოფიციალურ "ტელეგრამ არხზე" მოხვდა, მაგრამ 20 წუთში წაშალეს. თუმცა თავისთავად ეს ფაქტი უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ მკაცრ პროტოკოლს. პუტინის ნებისმიერი მიმართვა ჯერ იწერება, შემდეგ რედაქტირდება და მერე ეთერში უშვებენ და მთელ ამ პროცესს სხვადასხვა აბრევიატურიანი სპეცსამსახურების ათი თვალი და ყური უყურებს. "დეილი ტელეგრაფმა" ეს ამბავი გააანალიზა. გთავაზობთ ამ საინტერესო სტატიის ეპიზოდს:
"ერთ-ერთმა რუსმა ბლოგერმა ლევ ვერშინინმა ივარაუდა, რომ ვიდეოჩანაწერი შეიძლება ვიღაცამ განგებ გამოაქვეყნა ვლადიმირ პუტინის იმიჯის შელახვისა და მისი ავტორიტეტისთვის ძირის გამოსათხრელად: "ნებისმიერი, ვისაც კი ოდნავ მაინც აქვს წარმოდგენა კულისებში პროცესებზე, დამიდასტურებს, რომ ასეთი რამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო. კრემლის პრესსამსახურში არ შეიძლებოდა საჯაროდ გამოსაქვეყნებელი მასალა წინასწარ არ შეემოწმებინათ. ამ მხრივ ძალიან მკაცრი წესები არსებობს. სისტემური თვალსაზრისით, ასეთი შეცდომის დაშვება ბუნტის მსგავსი ფაქტია".
დენის კაზანსკი, უკრაინელი ჟურნალისტი, ვარაუდობს, რომ "ვიღაცებმა პრეზიდენტის პრესსამსახურში ვიდეორგოლი საჯაროდ სპეციალურად გაუშვეს. ალბათ, იმიტომ, რომ ყველას მოჰბეზრდა ავადმყოფი და დაჩაჩანაკებული მოხუცი. პუტინი ცდილობს თავი ახალგაზრდად წარმოაჩინოს, ძლიერ ლიდერად... და ამ დროს ვიღაც ისეთ ვიდეორგოლს აქვეყნებს, რომლის თანახმად, პრეზიდენტის იმიჯი ილახება".
ვლადიმირ პუტინის ვიდეოკლიპის ნახვას ლეონიდ ბრეჟნევთან შედარება მოჰყვა, რომელიც საბჭოთა კავშირის ლიდერი იყო 1964-1982 წლებში და რომელიც სიცოცხლის ბოლო პერიოდში გაუგებრად ლაპარაკობდა და საჯარო გამოსვლების დროს აზრი უწყდებოდა.
ბრიტანელმა ისტორიკოსმა მარკ ალმონდმა ვლადიმირ პუტინის ვიდეოჩანაწერის პასუხად სოციალურ ქსელში ასე დაწერა: "1982 წელს საბჭოთა ტელევიზიამ "შემთხვევით" აჩვენა, თუ როგორ კითხულობს ბაქოში ყოფნის დროს ლეონიდ ილიჩი რამდენჯერმე ერთი და იმავე ტექსტს მანამ, ვიდრე ვიღაცის ხელმა ნაბეჭდი ფურცლის გვერდი არ შეცვალა. ეს იყო პარტიის გენერალური მდივნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დავრდომილების აშკარა ნიშანი. ლეონიდ ბრეჟნევი იმ დღიდან ორი თვის შემდეგ მიიცვალა. როგორც ჩანს, ვიღაცამ საბჭოთა კავშირის მოსახლეობას და მსოფლიოს სიგნალი გაუგზავნა".
ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დიდი ხანია ჭორებისა და მოარული ხმების საგანია. რამდენჯერმე დაუმტკიცებლად გაჟღერდა, რომ მას პარკინსონის დაავადება აქვს, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი იტანჯება, რომ მუცლის ღრუს, სისხლის და კუჭქვეშა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, რომ თითქოს რამდენჯერმე გულიც გაუჩერდა და ამ ყველაფერს ნევროლოგიური დარღვევებიც ემატება.
მაგრამ როგორც დასავლეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ვლადიმირ პუტინი მძიმე ავადმყოფს არ ჰგავს. როგორც თვითონ პრეზიდენტმა განაცხადა, მისი ჯანმრთელობის "საიდუმლო" ფიზიკურ ვარჯიშებშია. პუტინმა ერთხელ წაიტრაბახა კიდეც, ერთ დროს მეგობრებმა კიბორგი შემარქვეს მტკიცე ჯანმრთელობისა და ამტანობის გამოო.
კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტი ღამით მხოლოდ რამდენიმე საათით იძინებს და საერთოდ არ სარგებლობს შვებულებებით. შარშან, სექტემბერში, პესკოვმა სახელმწიფო მასმედიის წინაშე თქვა: "გულწრფელად რომ გითხრათ, ზოგჯერ ჩემთვის გაუგებარია, საიდან აქვს მას ამდენი ძალ-ღონე".
ითვლება, რომ რუსეთის პრეზიდენტს თავისი სიცოცხლის დღეგრძელობის პრობლემა ძალიან აფიქრებს. არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომლის თანახმად, თავის ჩინელ კოლეგა სი ძინპინს ეუბნება, რომ "ადამიანის შინაგანი ორგანოების გადანერგვა უწყვეტად და მუდმივად შეიძლება, რის შედეგადაც ისინი ახალგაზრდავდებიან და თითქმის უკვდავებიც კი ხდებიან".
2024 წელს ვლადიმირ პუტინმა ახალი ეროვნული პროექტი გამოაცხადა, რომელიც ცნობილია სახელწოდებით: "ჯანმრთელობის შენარჩუნების ახალი ტექნოლოგიები" და რომელიც ითვალისწინებდა დიდი ინვესტიციების ჩადებას იმ კვლევა-საქმიანობაში, რომელიც მიმართულია ადამიანის ორგანიზმის უჯრედთა დაბერების თავიდან ასაცილებლად და დღეგრძელობის უზრუნველსაყოფად, ნეიროტექნოლოგიებისა და სხვა ინოვაციების განვითარებისათვის.
როგორც რუსული ოპოზიციური გამოცემა "მედუზა" იტყობინება, მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მაღალჩინოსანმა წყარომ პროექტს აგდებულად "დაბერებული პოლიტბიუროს ახირებები" უწოდა.
არის ინფორმაცია, რომ მიხაილ კოვალჩუკმა, პუტინის ახლო მეგობარმა, მილიონობით დოლარი მიიღო სახელმწიფოსაგან, "უკვდავების უზრუნველყოფის" მიზნით დაგეგმილი კვლევებისათვის შინაგანი ორგანოების გადანერგვის გზით.
მარია ვორონცოვამ, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთმა ქალიშვილმა, 2025 წელს გრანტი მიიღო იმ პროექტის სარეალიზაციოდ, რომელიც უჯრედების განახლებასა და ჯანმრთელ დღეგრძელობას ითვალისწინებს", - ნათქვამია სტატიაში.
გიორგი კვიტაშვილი