"პატრიარქი რომ შემობრძანდა ამ დროს ტკივილისგან გათიშული ვიყავი - ანესთეზიაც კი არ გაუკეთებიათ, ცხვირის ძვლებს ისე მისწორებდნენ..." - რა ისტორიას იხსენებს "შვიდკაცას" წევრი პატრიარქზე
მალე 23 წელი შესრულდება, რაც "შვიდკაცას" წევრები პატრიარქის მგალობლები არიან. ანსამბლის წევრი დავით შიშნიაშვილი გვიამბობს უწმინდესზე, მისი ლოცვის, სიტყვის ძალასა და იმ სასწაულზე, რომელიც
23 წლის ასაკში თავად გადახდა.
- ჩვენი დაახლოება 2003 წელს მოხდა, როდესაც იერუსალიმიდან ღვთიური ცეცხლი ჩამოვიტანეთ. მაშინ ასეთი რამ პირველად მოხდა, უწმინდესის კურთხევით ჩარტერული რეისი დაინიშნა. მანამდე წმინდა ცეცხლი სულ ჩამოჰქონდათ, მაგრამ დაგვიანებით. 2003 წელს მისმა უწმინდესობამ სიონში პირველად რომ თქვა - "ქრისტე აღდგა!" - ხელში უკვე საღვთო ცეცხლი ეჭირა. შემდეგ პატრიარქმა შეხვედრაზე მიგვიწვია. ვისაუბრეთ, ვუგალობეთ... ამავე წელს კაბადოკია და ტაო-კლარჯეთი ერთად მოვილოცეთ, ანტიოქიის და ალექსანდრიის პატრიარქთან ერთად წირვა 400 წლის დაკეტილ ტაძარში ჩატარდა. 2004 წლის გაზაფხულზე, სანამ სამება გაიხსნებოდა, იყო საქართველოს პატრიარქის პირველი და ერთადერთი ვიზიტი ათონის მთაზე.
- უნდა აღვნიშნოთ, რომ ათონის მთაზე 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქართველი პატრიარქი არ ყოფილა...
- დიახ. დიდი ზარ-ზეიმით დაგვხვდნენ. გაიმართა შეხვედრების ოფიციალური და არაოფიციალური ნაწილი. მგალობლებს ჩვენი განცდები გვქონდა, ათონის მთაზე პირველად ვიყავით და თანაც მისი უწმინდესობის დელეგაციაში, იქ შეცდომა გამორიცხული იყო. ქართველები ათონზე ასე ხშირად არ ენახათ და სხვა თვალით გვაკვირდებოდნენ - ზეპირად ვგალობდით თუ ნოტებით, ჩვენს კანონიკურ საგალობლებს ვგალობდით თუ კომპოზიტორის დაწერილს.
სიხარულისა და პასუხისმგებლობის განცდისგან დილის ხუთის ნახევარზე გაგვეღვიძა. ტაძარში შევედით, სადაც საზეიმო წირვა რამდენიმე საათში უნდა დაწყებულიყო. სრულ სიბნელეში, თითქმის არაფერი ჩანდა. მხოლოდ კანდელი ენთო. ტაძარში რომ შევედით, გვეგონა, მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ხომ იცით, თვალი სიბნელეს თანდათან ეჩვევა. მერე დავინახეთ სტასიდზე (სადაც ბერები დგებიან) ვიღაც იდგა ბერის შესამოსლით, დავაკვირდით და ჩვენი პატრიარქია! ადგილზე გავშეშდით. არავინ იცის, იქ რამდენ ხანს ლოცულობდა... სასულიერო პირისთვის მთავარი ხომ მსახურებაა და წირვაში გამოვლინდება, რამდენად დიდ სულიერ სიმაღლეზეა - მას შემდეგ, რაც ათონის მთაზე პატრიარქის წირვა ნახეს, ბერები ამბობდნენ, საქართველოს პატრიარქმა ლოცვა გვასწავლაო...
- უწმინდესი ათონის მთაზე განცდილ ემოციებს თუ გიზიარებდათ?
- მას ემოციების გაზიარება ნაკლებად სჩვეოდა, ყველაფერს თავისთვის ინახავდა.
- დავით, თქვენ უწმინდესის ლოცვის ძალა საკუთარ თავზე გაქვთ გამოცდილი.
- 2005 წელს, ნათლისღების დღესასწაულზე, მომლოცველთა დიდი ჯგუფი წმინდა ნიკოლოზის საფლავზე მიდიოდა. მამა ილიას პატრიარქმა უთხრა, შენ არ წახვიდე, ბიჭებთან ერთად აქ მჭირდებიო. წირვა ყოველთვის დილის 9 საათზე იწყებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში 10-ზეც, მაგრამ იმ დღეს დილის 8 საათზე დაიწყო. პატრიარქს ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავდა მისაღები და ყველაფერი უნდა მოესწრო... წირვიდან მეგობრის ბავშვის ნათლობაზე წავედი. იმ დღეს დედამ მთელი გულით გამაფრთხილა, გეხვეწები, მანქანა დატოვე და საღამოს შინ ტაქსით წამოდიო, ტაქსის 10 ლარიც კი მომცა... სუფრას მივუსხედით, მთელი დღის მშიერი ვიყავი და განსხვავებული სასმისით ღვინო რომ მომაწოდეს, მას შემდეგ აღარაფერი მახსოვს, შესაბამისად, ჭკუაც არ მომეკითხებოდა. თურმე საჭესთან ასეთ მდგომარეობაში დავჯექი. ორი მეგობარი და აჭარელი ნათლული მახლდა, რომელიც იმ დღეს პირველად იყო თბილისში. ავარიის მომენტი საერთოდ არ მახსოვს. ძალიან მძიმედ ვიყავი, პატრული რომ მოსულა, ექიმებისთვის უთქვამს, სამი პირი გადაიყვანეთ და ეს ვიდეოპატრულისთვის დავტოვოთო - მკვდარი ვეგონე. შინაგანი სისხლდენა, ტრავმა, ჩამსხვრეული ცხვირი... გამიმართლა და კარგი რეანიმატოლოგი შემხვდა. ნათლიაჩემი ცნობილი ანსთეზიოლოგია და მაშინ ღუდუშაურში მუშაობდა. წარმოიდგინეთ, იმდენად დალეწილი ვიყავი, თავზე მედგა და ვერ მიცნო. მერე დედაჩემი შემთხვევით დაუნახავს - თამრიკო, შენ აქ რა გინდაო? რომ გაუგია, შოკში ჩავარდნილა... იმ დღეს გამიმართლა. სისხლი რომ დამჭირდა, მეგობრები ყველანი ნასვამები იყვნენ და ლელა წურწუმიას აღმოაჩნდა ჩემი ჯგუფი - დაბალწნევიანმა სისხლი გაიღო და თავად გული წაუვიდა...
მცხეთაში რომ ვგალობდით, იქ ერთი 8 წლის ბიჭი გავიცანით. გუგას ხინკალი უყვარდა ძალიან, თურმე მთელი თვე ფულს აგროვებდა, მეგობარი რომ დაეპატიჟებინა. ჩემი ამბავი რომ გაუგია, ნაგროვები ფულით სულ სანთლები უყიდია და სვეტიცხოველში დაუნთია, ოღონდ დათო გადარჩესო. ღუდუშაურის ეზოში ყველა ლოცულობდა.
20 იანვარს, საღამოს, საპატრიარქოში უთქვამთ, ერთი მგალობელი ცუდად არისო. პატრიარქს მეუფე გერასიმესთვის დაუვალებია, წადი, აზიარეო. მერე სიმონ ჯანგულაშვილისთვის უკითხავს, ვინ არის, აბა, ფოტო მანახეო. ჩვენ ხომ ათონის მთაზე ერთად ვიყავით და სიმონს ფოტო ფერად პრინტერზე ამოუბეჭდავს. პატრიარქს დაუხედავს თუ არა, მეუფესთვის უთქვამს, გაჩერდი, მე უნდა წავიდეო... წარმოიდგინეთ, ორი ურთულესი და ძალიან დამღლელი დღის შემდეგ პატრიარქი რიგით მგალობელთან ღამის 11 საათზე კლინიკაში მოვიდა... იქ დახვდნენ მაშინდელი ხელმძღვანელი მარინა ღუდუშაური და სამედიცინოს რექტორი რამაზ ხეცურიანი. ამ ადამიანების მადლიერი ვარ, მაშინ ჩემს ოჯახს ეკონომიურად არ ულხინდა და არც დაზღვევის პროგრამა არსებობდა. ჩემი მკურნალობის ხარჯი საერთოდ არ გადაგვახდევინეს, როგორც ვიცი, სამედიცინომ და თავად კლინიკამ გაინაწილეს.
ჩემთან ერთად დაშავებული ბიჭი იწვა, რომელსაც ურთულესი მდგომარეობა ჰქონდა. გადადებული იყო, მაგრამ დედამისი აპარატიდან გამორთვაზე ექიმებს ხელს არ უწერდა. რამდენიც არ უნდა დასჭირდეს, ბინას გავყიდიო. ექიმი უხსნიდა, რომ ტვინზე უკვე შეშუპება მიდიოდა და გამორიცხული იყო, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო. დედამისი დედაჩემივით უჭმელ-უსმელი, გაქვავებული იდგა. რომ გაიგო პატრიარქი მობრძანდებოდა, დედაჩემისთვის უთხოვია, გეხვეწები, უთხარი, იქნებ ჩემი შვილიც დამილოცოსო. ეტყობა ეგონა დედაჩემი იცნობდა ან უწმინდესის ნათესავები ვიყავით, არადა, დედაც პირველად ხედავდა უწმინდესს ასე ახლოს...
პატრიარქი რომ შემობრძანდა ამ დროს ტკივილისგან გათიშული ვიყავი - ანესთეზიაც კი არ გაუკეთებიათ, ცხვირის ძვლებს ისე მისწორებდნენ... ხმა ჩამესმა, დავით, ნახე, შენთან ვინ მოვიდაო. თვალები გავახილე და მისი უწმინდესობა დავინახე. ვერ გავიგე, სად ვიყავი, შოკი მქონდა. მინდოდა წამოვმდგარიყავი და უწმინდესის წინ დამეჩოქა. იყავი დავით, იყავი, აბა, როგორ ხარ? კარგად, თქვენო უწმინდესობავ, ვუთხარი და... მერე მამა ტარიელის ხმა გავიგონე, დაწყნარდი, დაწყნარდიო და მაზიარა.... რეანიმაციას თვალი რომ მოვავლე, ვხედავ, ერთ მხარეს რამაზ ხეცურიანი მიდგას, მეორე მხარეს მარინა ღუდუშაური. გონებაში უამრავი კითხვა დამიტრიალდა, სად ვარ, რა ხდება, აქ რა მინდა...
შვიდი მძიმე პაციენტიდან ყველა გადავრჩით. შემდეგ დღეს პალატაში გადამიყვანეს. რეანიმატოლოგებს 4-დღიანი მორიგეობა აქვთ. პირველ დღეს ვინც მიმიღო, შემდეგ მორიგეობაზე რომ მოსულა და იქ ვერ დავუნახივარ, უკითხავს, შიშნიაშვილი მოკვდაო? ისეთ მდგომარეობაში დამტოვა, ვერ წარმოიდგინა, ჩემი პალატაში გადაყვანა თუ შეიძლებოდა...

- რეაბილიტაციის შემდეგ როგორი იყო პატრიარქთან თქვენი შეხვედრა?
- რეაბილიტაცია რთულად გადავიტანე, თითქმის 4 თვე სახლიდან ვერ გავდიოდი. ტაძარში ხელჯოხით მივედი. დამლოცა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მითხრა, დავით, შენ ჩემთან საღამოობით იარეო. ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში პატრიარქს ძილის წინა ლოცვებს ვუკითხავდი. დღე არ ჩამიგდია. არ ვიცი, ეს როგორ მოვახერხე, თან მაშინ მანქანაც არ მყავდა, ტაქსის ფულიც არ მქონდა, მეტროს დაკეტვამდე ვასწრებდი ხოლმე ჩასვლას, თუმცა ყოველთვის ესეც არ ხერხდებოდა...
ამ პერიოდში 4-5-ჯერ მომაყოლა ჩემი გადარჩენის ამბავი, მეკითხებოდა, ისიც (ვინც ყველაზე მძიმედ იყო) გადარჩაო? თითქოს არ სჯეროდა, რომ უფალმა მისი ხელით ეს სასწაული დაუშვა. ამ ხნის განმავლობაში ბევრს ვსაუბრობდით, საოცარი დღეები მქონდა. ზოგჯერ მეგონა პატრიარქი თავის ოთახში იყო, ისვენებდა, მაგრამ მოულოდნელად ბაღში შევხვდებოდი ხოლმე, მოდი, დავით, დაჯექი, მეტყოდა და მერე პირისპირ ვსაუბრობდით...
- გამორჩეულად რა გახსოვთ?
- უზომოდ მზრუნველი იყო. ერთხელ მკითხა, შენ გალობის გარდა კიდევ რა შემოსავალი გაქვსო? თქვენო უწმინდესობავ, პროფესიით ვენეროლოგი ვარ, პაციენტები მყავს-მეთქი. ეგ რატომ აირჩიეო? შაბათს და კვირას რომ ვიგალობო, დრო მაქვს, პაციენტი მე არ მიკვდება და 2 საათის მერე სიმღერისთვის დროც მრჩება-მეთქი. გამომხედა, შენ რა ჭკვიანი ყოფილხარო... მას არავინ არ ავიწყდებოდა, სულ კუთხეში მდგომს გამოიყვანდა და ცენტრში დააყენებდა. გამოცდილებით, გონიერებით ბევრი რამის გამოცნობა შეეძლო. უზომოდ ყურადღებიანი იყო.
მოხევე პაციენტი მყავდა, უწმნდესის ბიძაშვილის შვილი. ვკითხე, ჩვენი პატრიარქი ახალგაზრდობაში როგორი იყო-მეთქი? სნოში მდინარე ჩამოდის, ერთ ადგილზე მასში კლდიდან ხტებიან, სოფელში მხოლოდ ორი ბიჭი ბედავდა გადმოხტომას და ერთი პატრიარქი იყოო.
უწმინდესს სიყვარული ამოძრავდებდა. ვინ ვიყავი? რიგითი ცხვარი, რომელიც დათვრა და შეცდომა დაუშვა. მან კი დატოვა ყველა და ჩემს გადასარჩენად წამოვიდა, როგორც კეთილი მწყემსი. საპატრიარქოდან ღუდუშაურის კლინიკამდე მთელი ქალაქი გამოიარა და ისეთი მადლი მოიტანა, სასწაული მოახდინა.
პავლე მოციქული ამბობს: "მოუკლებლად ილოცვიდეთ!" უწმინდესი შეუჩერებლად ლოცულობდა, ესაა ის, რასაც თავად ვხედავდი. როდესაც გაკეთებულ საქმეებზე ეკითხებოდნენ, უწმინდესი ყველაზე მნიშვნელოვნად შვიდგზის ლოცვის აღდგენას მიიჩნევდა. რამდენი რამ ჰქონდა გაკეთებული და პირველ რიგში ის მლოცველი ბერი იყო... ყველა უყვარდა.
წინანდალში როცა იმყოფებოდა, ბიჭები ხშირად ჩავდიოდით. ერთი შემთხვევა გამორჩეულად მახსოვს. "შვიდკაცას" ერთ-ერთი წევრი დიდ განსაცდელში იყო. წინანდალში პატრიარქს ვუგალობეთ, უწმინდესმა ჩვენს მეგობარს შეატყო, რომ მის თავს რაღაც რიგზე ვერ იყო და ჰკითხა, როგორ ხარო? კარგადო - მიუგო მან. ვიტრაპეზეთ, უკვე თბილისისკენ წამოსვლას ვაპირებდით და მამაო გვეძახის, მობრუნდითო. ვხედავთ, წინანდლის რეზიდენციის წინ კიბეებთან დგას უწმინდესი და გვეუბნება: მე ვიფიქრე, რით დაგამახსოვროთ თავი, ჩემი ჯვარი მინდა გაჩუქოთო... მოიხსნა ჯვარი და იმ მეგობარს დაკიდა, რომელსაც განსაცდელი ჰქონდა. ეს მორიგეობით ყველამ ატარეთო. იმ ჯვარმა უკვე ბევრი სასწაული მოახდინა. ილია მეორე რომ ამას გეტყვის - "ვიფიქრე, თავი რით დაგამახსოვროთ"...
ერთხელ 200 ლარი მაჩუქა, იმ თანხას ტაქსიში ხომ არ დავხარჯავდი. გულით მინდოდა, წმინდა ნიკოლოზის მომინანქრებული გულსაკიდი და შევიძინე. შემდეგ, როდესაც ამის საშუალება მომეცა, ვუთხარი, თქვენო უწმინდესობავ, აი, ნაჩუქარი ფულით შევიძინე, მინდა თქვენგან სამახსოვროდ მქონდეს-მეთქი. წმინდა ნიკოლოზს ემთხვია და მერე გულში მთელი ძალით ჩამიხუტა. ის სითბო არასდროს დამავიწყდება. მაშინ მითხრა: შენ ხომ იცი, რაც დაგჭირდება, ყველაფერი პირდაპირ მე უნდა მთხოვოო. ახლაც ჟრუანტელი მივლის. იმ წუთებში გავიფიქრე, ისეთი რა უნდა დამჭირდეს, რომ პატრიარქი შევაწუხო-მეთქი. დღეს მის სიტყვებს რამხელა ძალა აქვს და სულ სხვაგვარი დატვირთვა... წარმოიდგინეთ, უწმინდესის კანონიზაცია რომ მოხდება, მაინც ხომ მას უნდა ვთხოვო ყველაფერი.
- ის სულ იქნება თითოეული ჩვენგანის დიდი იმედი...
- ხშირად მის ნათქვამს პასუხი შორს, მომავალში ჰქონდა, ისევე როგორც მის ამ სიტყვებს... უცნობი ადამიანები, მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები მის წინაშე ტირილს იწყებდნენ და იცით რატომ? მადლის მდგომარეობას გრძნობდნენ. ექცეოდნენ ისეთ გარემოში, მანამდე რომ არ ყოფილან. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ ადამიანს, კიდევ ბევრი რამ გაახსენდება მისი ნათქვამიდან და ახლა სულ სხვაგვარად აღიქვამს.
თამუნა კვინიკაძე