„ის ღმერთის მოვლენილი იყო!“ - კვირის პალიტრა

„ის ღმერთის მოვლენილი იყო!“

სიონის საპატრიარქო ტაძარში არ წყდება მომ­ლოცველთა რიგი. ილია II-ის განსასვენებლის მოსანახულებლად და სალოცავად ტაძარში უამრავი ადამიანი მიდის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში 22 მარტს დაკრძალეს. უწმინდესის გარდაცვალებით გამოწვეული გულისტკივილი მისივე თაობის აღიარებულმა ხელოვანებმა გაგვიზიარეს.

"დღეს, როცა ადამიანებს სიკეთის მნიშვნელობა აქვთ დაკარგული, პატრიარქი იყო ადამიანი, რომელიც სულ სიკეთეს თესავდა"

გიული ჩოხელი, ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზ-მომღერალი ქალი: - გულჩამკვდარი ვარ. საოცარია, დასაფლავების წინაღამეს როგორ დამესიზმრა, თითქოს კიბეზე ავიდა და ტაძარში შევიდა.­ ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ მასაც­ როგორც ცოცხალს, ისე ვნახულობ. 1991 წელს ორი წიგნი მაჩუქა. ახლა ორივე სასთუმალთან მიდევს და წიგნებს ვესაუბრები, ერთი ლოცვების წიგნია, მეორე იესო ქრისტეს ცხოვრება... უწმინდესი ჩემი უდიდესი მეგობარი იყო, ყველაზე დიდი ადამიანი. როცა ჯაზის გამო უამრავი წინააღმდეგობა მხვდებოდა, მეუბნებოდა, შენი საქმე გააგრძელეო. ფილმი ღვთისმშობლის დაკარგულ ხატზე უწმინდესის კურთხევით გადავიღე.

- გვიამბეთ ამ ფილმის შესახებ...

- ესპანელ ხელოვანს ღვთისმშობლის ხატი აჩუქეს, რომელიც სალოცავად საბერძნეთში ხშირად ჩადიოდა. ერთხელაც, როცა საბერძნეთში უნდა წასულიყო, უთქვამს, ხატს არ წავიღებო, არადა­, სულ თან დაჰქონდა. ალბათ, რაღაც წინათგრძნობა­ ჰქონდა, ღვთისმშობლის ხატი გადამალა,­ ვიღაცას ჩააბარა... საბერძნეთში მყოფს­ დაურეკეს, სასტუმროში მიიტყუეს და სასტიკად აწამეს. მხატვარიც იყო და ამის გამო ხელებიც მოაჭრეს. დილით დამლაგებელს სასტუმროს ნომრის კარი ჩაკეტილი დახვდა, შეამტვრიეს და საზარელი სურათი დახვდათ. ეს ადამიანი სასტიკად ნაწამები იყო. მსურდა ამ სულისშემძვრელ ამბავზე ფილმი გადამეღო და უწმინდესს ვეახელით. მან დაგვლოცა, მხარდაჭერა აღგვიქვა და ფილმი გადავიღე... უწმინდესმა გამიხსნა გზა, ყველა ჩაკეტილი კარი... დღეს, როცა ადამიანებს სიკეთის მნიშვნელობა აქვთ დაკარგული, პატრიარქი იყო ადამიანი, რომელიც სულ სიკეთეს თესავდა.

- ხშირად ხვდებოდით?

- ხშირად შეხვედრას ვერ ვახერხებდი,­ რადგან საზღვარგარეთ მიწევდა ყოფნა. როდესაც უწმინდესზე ფილმი გადავიღე­, საპატრიარქოში დავრეკე და შორენას ვუთხარი, რომ ფილმის ჩანაწერის გადაცემა მსურდა, მაგრამ მიღებაზე უარი გვითხრა... არადა, მართლაც დიდებული ფილმი მაქვს უწმინდესზე. ასე რომ, ვერც შევხვდი და ვერც ფილმის ჩანაწერი გადავეცი. წლები მიდიოდა, ვერ ვნახულობდი, თუმცა გულში მიყვარდა და ამით ვხარობდი...

654418828-1488544122629214-4804231875717244917-n-1774812170.jpg

"ყველა ის ძალა, რომელიც ევროპიდან გვაკვირდება, მიხვდა, რომ ამ ერს უღრმესი და უძლიერესი თვისებები აქვს!"

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი: - პატრიარქის ამ ქვეყნიდან წასვლას, რაც ქართველი საზოგადოებისგან მოჰყვა, სულიერების, სიკეთის, პატივისცემის თვალსაზრისით, უდიდესი რამ იყო ქართველი ერისთვის. რაც ჩვენ ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში, ვფიქრობ, იმდენად უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ყველა უნდა მიხვდეს, რას ნიშნავს სულიერება ქართველ საზოგადოებაში. ყველაფერი, რაც შეიძლება ცივილიზებული სამყაროსკენ სვლა იყოს.

ამით იმის თქმა მინდა, რომ დაიწყონ ისე მოქმედება, როგორც მოაზროვნე ადამიანს შეეფერება. დიალოგი, ურთიერთობის საშუალება უნდა იყოს. პატრიარქი იყო მიმტევებლობის საუკეთესო მაგალითი... და მეორე: ღრმად ვარ დარწმუნებული, ყველა ის ძალა, რომელიც ევროპიდან გვაკვირდება, ხან რომ სჯერათ ჩვენი, ხან კი არა, მიხვდა, რომ ამ ერს უღრმესი და უძლიერესი თვისებები აქვს, როგორც სულიერი, ისე ინტელექტუალური!

"პატრიარქის ნაჩუქარ საგალობლების ნოტებს დღემდე დიდი პატივით ვინახავ"

იმედა კახიანი, მსახიობი: - ისეთი პატრიარქი გვყავდა, სალაპარაკო არ დაილევა... რა უნდა თქვა მასზე, გარდა სიკეთისა და სიყვარულისა?! საპატრიარქოში­ მიგვიღო, როდესაც მე და ჩემს მეუღლეს ქორწინებიდან 50 წელი შეგვისრულდა. მახსოვს, უწმინდესი სავარძელში იჯდა, ჩვენც იქვე ვისხედით, ვუსმენდით, პატარა­ მაგიდაზე ღვინო დადგეს, დაგვლოცა, შემდეგ საგალობლების ნოტები გვაჩუქა, რასაც დღემდე­ დიდი პატივით ვინახავ. სხვა პიროვნება იყო, თავის თავსაც არ ეკუთვნოდა,­ ის ღმერთის მოვლენილი იყო! ხალხის სიყვარული ყველაფერზე დიდია, ახლაც არ წყდება რიგები მის სამუდამო განსასვენებელთან. მისი გარდაცვალება ყველასთვის უდიდესი ტკივილი და დანაკლისია.