...იქ ყველაფერს სიყვარული  ხელმძღვანელობდა... - კვირის პალიტრა

...იქ ყველაფერს სიყვარული  ხელმძღვანელობდა...

"მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა... თავს ვიხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის, ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და ჩემი გონება: უნდა ემსახუროს იმ სარწმუნოებით, რომლის დაცვისა და შენარჩუნებისათვის, დაწყებული მცხეთაში მაცხოვრის კვართის მოტანიდან, ზღვა სისხლი გაიღო რიცხვით მცირე ჩვენმა ერმა. ქართველი ერი და ქართული ეკლესია მუდამ ერთად იყვნენ ჩვენი სამშობლოს ყველა ძნელბედობის ჟამს", - ეს არის ის სიტყვები,­ რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში წარმოთქვა აღსაყდრებისას. მაშინ საქარ­თველოში მხოლოდ 30 მოქმედი ეკლესია და საპატრიარქოს პატარა შენობა იყო სიონის ტაძართან, ხოლო ბულგარეთის პატრიარქის, მაქსიმ III-ის სტუმრად ჩამოსვლისას თავად მისი უწმინდესობა სთხოვდა ხალხს, სიონში­ რამდენიმე კაცი მაინც მოსულიყო, რომ მაქსიმ III-ს ტაძარში მლოცველი­ დახვედროდა.­ ამასთანავე, წუხდა, საქართველოს­ საპატრიარქოს იმის შესაძლებლობა არა აქვს, მოხუცი სტუმარი სადმე მოასვენოს წირვის შემდეგო.

patriarqi245-770x551-1774812851.jpg

მას შემდეგ 49 წელიწადი გავიდა. დღეს საქართველოში 2000-მდე მოქმედი­ ეკლესია­მონასტერია, ზოგიერთი ამჟამად შენდება,­ ზოგიერთში კი განუწყვეტელი წირვა-ლო­ცვაა - ზეცამდე მუდმივად მიედინება ჩვენი ვედრება გადარჩენისთვის.

ჩვენი პატრიარქი ზეციურ გზაზე თითქმის მთელმა საქართველომ გააცილა, რისთვისაც ხალხი დაუსრულებელ რიგებში იდგა, ხოლო ვინც გაცილება ვერ შეძლო, სანთელი იქ აანთო, სადაც იდგა და გულმხურვალედ ილოცა. როგორც აღმოჩნდა­ და არავინ ელოდა, მისმა უწმინდესობამ თავის ხალხში (განურჩევლად სარწმუნოებისა)­ უხილავად ქსოვა სიყვარულის ქსელი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა - ერთიანი ღირსებით ქვეყანა გააერთიანა და გულში მთელ ქვეყანას გადარჩენის იმედი ჩაუსახა. ამოასუნთქა მთელი ერი: როდესაც ყველანი სიყვარულის დეფიციტზე ვლაპარაკობდით, როდესაც აგრესიითა და სიძულვილით ერთმანეთს გულებს­ ვუხეთქავდით, როდესაც ახალგაზრდობის მომავალს ვეღარ ვხედავდით, პატრიარქის გარდაცვალებამ ცხადყო, რომ ერთიანობის განცდაც გვქონია, გლოვის ღირსებაც, ახალგაზრდობაც საიმედო გვყოლია და მისი მომავალიც, რისი შექმნისთვისაც ამ ერთ კაცს, საქართველოს პატრიარქს მთელი ცხოვრება უმოღვაწია თავისი უმძიმესი ტვირთითა და მძიმე ჯვრით.

15-1024x683-1774812851.jpg

5-1774812851.jpg

როგორ უნდა აიხსნას, რომ უწმინდესის სამებაში გადასვენების­ დღეს სკოლები­ და უნივერსიტეტები მოწო­დების გარეშე დაცარიელდა­ და პატრიარქს სამუდამო გზაზე ის ახალ­გაზ­რდობა­ აცილებდა, რომლისაც ხშირად არ გვჯეროდა? როგორ უნდა აიხსნას, რომ პატრიარქი მთელმა საქართველომ 24-საათიანი გლოვითა და საათობით რიგში დგომით იგლოვა, მათ შორის სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებმაც? წარმოიდგინეთ, როგორ უყვარდათ და პატივს სცემდნენ ჩვენს პატრიარქს, რომ მუსლიმანებმა უწმინდესის პატივსაცემად ისეთი უდიდესი დღესასწაულის აღნიშვნაც გადადეს, როგორიც ბაირამობაა. როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა ამხელა სიყვარულის შენება ბევრის სულიერი დაცემის პარალელურად?! მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, ვისაც 50 000 ნათლული ჰყავს, ვისაც ამდენი ბავშვის გულწრფელი ცრემლი მიაცილებდა...

1-1774812852.jpg

ძველი მლოცველები, რომლებიც პატ­რიარქის­ აღსაყდრების დროს თითო­-ოროლად იყვნენ ტაძრებში, ჰყვებოდნენ,­ რომ როდესაც პატრიარქი ათეულიწლობით ჩაკეტილი ტაძრების კარს აღებდა (თან ახალგაზ­რდობა მიჰყავდა დასასუფთავებლად და თუ საჭირო იყო, გოგონებსაც აძლევდა ამბიონზე ასვლისა და მისი დალაგების უფლებას), ამის შემდეგ ამ სოფლებში­ უამრავი ადამიანი გროვდებოდა­ დღესა­სწაულებზე. ხალხი გულით ელოდა და უსაზღვრო მადლიერებით იმსჭვალებოდა­ იმ ადამიანის მიმართ, ვინც წლობით დადუმებული ეკლესიები გაუხსნა: უფალთან სიახლოვის მოთხოვნილება ხომ ადამიანის­ გენეტიკური­ თვისებაა. ამ ადგილებში მორიგ მისვლაზე კი პატრიარქს ყველა თაობა ეგებებოდა, მით უფრო, რომ უწმინდესს ისეთი გული, ღიმილი და სითბო ჰქონდა,­ დავიწყება შეუძლებელია. პატრიარქს ის სიყვარული და სიმართლე ჰქონდა, რომელიც სიძულვილსა და სიბნელეს აპობდა... ამიტომაც იყო, რომ გლოვის წვიმიან­ დღეებშიც არ შეწყვეტილა ქოლგების რიგი, დანარჩენები სველდებოდნენ და მაინც ჯიუტად, ფეხმოუცვლელად იდგნენ პატრიარქისთვის პატივმისაგებ რიგებში... ამ რიგებში სიმჭიდროვის გამო სუნთქვა ჭირდა, მაგრამ იყო პატრიარქის ნაქსოვი უხილავიდან ხილულად ქცეული "სიყვარულის ჰაერი", რომელიც გვაიძულებდა ერთმანეთზე ზრუნვას, წყლის ცოცხალი ჯაჭვით მიწოდებას, გაღებულ ფანჯრებში ბავშვების ანგელოზებივით დგომას, ხალხისთვის წყლის მისაწოდებლად... ეს უჩვეულო ერთიანობის შეგრძნებას აჩენდა!.. ეს იყო ბევრი­ სახელდაურქმეველი განცდა, რომელმაც მანძილიც გააქრო დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ საქართველოს შვილებს შორის და მათ სამშობლოში დაბრუნება მოაწყურა. ქართველები დედამიწის ყველა კუთხიდან წერდნენ: "ღმერთო, როგორი ლამაზია გაერთიანებული ჩვენი ერი და რა იქნება სულ რომ ასე ვიყოთ"; "დღეს გამიჩნდა იმედი, რომ არ გადავშენდებით"; "ერთ მუშტად შეკრულ გაერთიანებულ საქართველოს გაუმარჯოს! ამაზე ძვირფასი რა შეიძლება იყოს!"; "ეს საქართველოს ახალი ისტორიაა და იმედია, არ დავივიწყებთ, რა შეგვძლებია"; "ღმერთო, არ დაშალო ჩემი ხალხის ერთობა, ასე მხარდამხარ გვამყოფე მუდამ და ვერც ერთი მტერი ვერ მოგვერევა"; "როგორ მიყვარხართ, ასეთებად დაბადებულო ქართველებო. ეს რა სასწაული მოახდინა ჩვენს თავზე პატრიარქმა"; "კიდევ ერთი სასწაულის მომსწრე გამხადა უფალმა, ყველას თვალებში დახმარების და თანადგომის სურვილია"; "რაღაც სხვა ხდება, ვიდრე მხოლოდ ერთი მართალი კაცის გარდაცვალებაა. ალბათ, ამ სხვა რაღაცას დროის გასვლასთან ერთად დაერქმევა სახელი. ამდენი ცრემლი არ იქნება ამაო. ეს ის ცრემლია, რომელიც პატრიარქის გულიდან ნაქადაგებ რწმენას და სიყვარულს ჩვენში კეთილ ნაყოფებს გამოიღებს. გასრულდა ,,მზიანი ღამე"”და რწმენისა და იმედის განთიადს დაუდო საფუძველი"; "ეს ერი არასდროს დამარცხდება და არ გადაშენდება".

images-5-1774812851.jpg

როგორც ამბობენ, უკანასკნელად უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში 23 ნოემბერს მიბრძანდა. როდესაც ტაძრიდან მიბრძანდებოდა, დაცვას უბრძანა: "კარი გააღეთ, ხალხმა დამინახოს!" ამიტომ მართლაც გავაღოთ კარი და დავინახოთ: რაც უწმინდესის გარდაცვალებით მოხდა, ეს მართლაც სხვა რამ არის, თუ არადა, გავა დრო და დავინახავთ, მაგრამ აუცილებლად დავინახავთ არა სიძულვილის, არამედ სიყვარულის სახელით, და როგორც ჩვენი უწმინდესი ამბობდა, "მიყვარხარ, საქართველოვ", რადგან კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ არასოდეს გადავშენდებით.