ჯიუტი ქართული ვაზი! - კვირის პალიტრა

ჯიუტი ქართული ვაზი!

მესხეთი, ძირძველი საქართველო, სადაც თითქოს დრო გაჩერდა და აღარ იძვრის; თითქოს ათასწლეულები სულ იმას გეუბნება, რომ მიხვიდე, ეზიარო და დადუმდე. აქ დუმილი უფალთან ლაპარაკია და კიდევ იმ ათასწლოვან წინაპართანაც, რომელიც, ალბათ, გოლიათი იყო, ტონიანი ლოდებით მიწის ზემოთ ციხეები და მიწის ქვეშ დარანები რომ ააშენა, რათა აქედან არ წასულიყო, აქაურობა არ დაეთმო. თითქოს შენც იმას გეუბნება, არ გაბედო და აქედან არსად წახვიდეო! ასეთი ფიქრები მესმის, მესხეთში ვარ და თანაც გულს დარდით მივსებს, მათ რომ ვერ დავემსგავსე. მათ შორის, ვერც შრომაში გოლიათობით. ისიც კი ვერ გამიგია, როგორ აიტან-ჩაიტანეს ამ დალოცვილებმა ამხელა ლოდები ან ციხეებზე, ან დარანებში, სადაც გადამალული ბავშვები და ქალები ომის შემდეგ გამოდიოდნენ და მესხეთის სახელით სიცოცხლეს აგრძელებდნენ. მერე კი თავიდან ძლიერდებოდნენ: პურს თესავდნენ, ვაზს უვლიდნენ და ღვინოს წურავდნენ. აბა, გამოიცანით, სად - ქვის საწნახლებში, რომელთაგან იმდენი ყურძნის წვენი­ იწურებოდა, მთელ მესხეთს ამარაგებდა. იცის თუ არა ეს საწნახლები მსოფლიომ, რომელმაც ქართული მეღვინეობა და ქვევრი კაცობრიობაში ყველაზე უძველესად აღიარა, ამას ვერ გეტყვით, დაე მომავალში გაიგონ, თუმცა ძალიან მსიამოვნებს, რომ მესხური ქვის საწნახლები თითქმის ექსკლუზიური თემაა, ნაკლებად ცნობილია და ერთმა ჭკვიანმა მესხმა მომითხრო. კერძოდ, ახალქალაქელმა კუკური მეტრეველმა, რომელიც ამ მხარის ცოცხალი ენციკლოპედიაა და მგონი, წინაპრის გაგრძელებაც. სხვას მის მსგავსად არავის შემოუვლია მთელი მესხეთი და მათ შორის, ქვის საწნახლებიც, რომლებიც მესხეთის საოცრებაა. თუმცა მხოლოდ იქ დგას, სადაც ქვა იყო და ხე ნაკლებად ხარობდა. მართალია, ხის სურნელებას სხვა ძალა ჰქონდა, მაგრამ არც ქვა ჩამოუვარდებოდა, მილიონობით წლის წინ მესხეთში ამოხეთქილი ვულკანი ლოდებად იქცა და მესხ კაცს ციხესიმაგრიდან საწნახლის ჩათვლით, ყველაფერი ააშენებინა.

kvis-sacnaxlebi-varziastan-axlos-1774814710.jfif

- ბატონო კუკური, მესხეთში რომ ქვის საწნახლები იყო შემორჩენილი, ცნობილია, მაგრამ ამდენი თუ იქნებოდა, არ მეგონა. შესაძლებელია თუ არა მათი უძველესობა მიემატოს ქართული ღვინისა და ქვევრის ასაკს და მსოფლიოში პირველ საწნახლებად დადგინდეს?

- ქართული ღვინო 8000 წლის ასაკით შევიდა მსოფლიო მეღვინეობის ისტორიაში, თუმცა მესხური საწნახლები შეიძლება მეტი ხნისაც იყოს. სავარაუდოდ, მაშინ გამოთალეს, როდესაც შენდებოდა მესხეთის ციხეები და დარანები. ჩემი აზრით, საქართველოში და მათ შორის მესხეთშიც ღვინო და საწნახელი იმ დროიდან არსებობდა, როდესაც აქ მესხების წინაპრები დასახლდნენ. ზოგის აზრით, ვაზი სწორედ მესხეთიდან გავრცელდა საქართველოში, რასაც ბევრი რამ უწყობდა ხელს, მათ შორის აქაური კლიმატი და ტერასების დამუშავების ოსტატობა. უძველეს დროში და ჩემს მახსოვრობაშიც ვარძიის მიდამოებსა და მის გარშემო სოფლებში ბევრი ვაზი იყო გაშენებული, რომელიც 90-იან წლებში გაქრა და საბედნიეროდ, ისევ ბრუნდება. ჰოდა, აი, სწორედ სადაც ვაზი იყო, თუ ახლომახლო მოიპოვებოდა ქვის უზარმაზარი ლოდი, სწორედ მას ამუშავებდნენ საწნახლად. ზოგ სოფელში საწნახლები პირდაპირ ვენახში იყო ჩადგმული, ყურძენი იწურებოდა და ჭურჭლით მიჰქონდათ ღვინო ჭურებამდე; ან სადაც ქვის საწნახლები იდგა, ქვის მარანიც სწორედ იქ იყო აშენებული, მით უმეტეს, არ იყო ძნელი ვულკანური ქვის დამუშავება.

- ახლა წარმოვიდგინე ტონიანი ტევადობის­ საწნახელში როგორ დგებოდნენ მესხები და წურავდნენ სხვადასხვა ჯიშის ყურძენს. რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც ცნობილია,­ სოფელ ჭაჭკარში შემორჩენილი საუკუნოვანი ვაზია.

- სოფელ ჭაჭკარში შემორჩენილ ვაზის ჯიშს "თამარის ცრემლები" ჰქვია. არა მხოლოდ მესხეთში, ტაო-კლარჯეთშიც, ოშკისა და სხვა ტაძრებისაკენ რომ მიდიხარ, გზად უამრავ უძველესი ჯიშის ვაზს დაინახავ. 400 წელია ხარობს იქ დალოცვილი ქართული ვაზი.

- ჯიუტი ქართული ვაზი! როდესაც მესხები ყურძენს ქვის საწნახელში წურავდნენ, ბადაგს, ალბათ, ქვის ნაწილებიც მიჰყვებოდა.

- ალბათ, მაშინ ღვინის დაწურვა ვერ იქნებოდა ისეთი "გამოპრანჭული" და ღვინოსაც მიჰყვებოდა პაწაწინა ნაწილაკები ქვის საწნახლებიდან. ის ნაწილაკები პირიქით შეუწყობდნენ ხელს ღვინის დაწმენდა-დამუშავებას! მესხური საწნახლების ტევადობას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ, ტონობით ღვინო ერთდროულად იწურებოდა და ინახებოდა ქვევრებში. ვარძიაში 25 მარანია და როგორ შეიძლებოდა დანარჩენ ტერიტორიაზე მარნები და ქვის საწნახლები არ ყოფილიყო! ქვა უკვდავია და ჯიუტად მიგვითითებს, რომ მესხეთში უძველესი ვაზის ჯიშები კვლავ უნდა აღორძინდეს.