GMO პროდუქტების საიდუმლო - კვირის პალიტრა

GMO პროდუქტების საიდუმლო

გენმოდიფიცირებული (GMO) სურსათის ავკარგიანობაზე ბევრს კამათობენ. ამგვარი პროდუქტი პირველად 1994 წელს აშშ-ში გამოჩნდა. ათიოდე წლის შემდეგ აშშ-ში დათესილი სიმინდის, ბამბისა და სოიის დაახლოებით 90% გენმოდიფიცირებული იყო. დღესაც GMO კულტურები არაერთ ქვეყანაშია გავრცელებული. რა სარგებელი ან რა ზიანი მოაქვს გენური ინჟინერიით შექმნილ სურსათს ადამიანისთვის? - ამ შეკითხვით მივმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ნუტრიციოლოგ ბელა ყურაშვილს:

- გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებში გენეტიკური მასალა შეცვლილია. გენური ინჟინერია გამოიყენება გენმოდიფიცირებული მცენარეებისა და მათგან დამზადებული პროდუქტების შესაქმნელად, ასევე, ცხოველთა ჯიშების გამოსაყვანად. გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან აწარმოებენ წამლებს, ვაქცინებს, ცხოველთა საკვებს, ქსოვილებს, პარფიუმერიულ ნაწარმს და სხვა პროდუქტებს... ბიოტექნოლოგიის მნიშვნელოვანი მიმართულებაა­ მისი გამოყენება სოფლის მეურნეობაში. ამ გზით მიღებული საკვები პროდუქტების მოსავლიანობა გაცილებით მაღალია, მავნებლების წინააღმდეგ უფრო მდგრადები არიან და ნაკლები აგროქიმიკატი სჭირდებათ.

- ამავე მეთოდით შექმნეს ბრინჯის სპეციალური სახეობა - "ოქროს ბრინჯი" და იმედი აქვთ, რომ ის ადამიანებში რკინის დეფიციტს აღმოფხვრის. ესე იგი, GMO -ს სურსათს სარგებლის მოტანაც შეუძლია?

- რა თქმა უნდა. სწორედ ამ მიზნით შეიყვანეს თეთრი დათვის გენი ვაშლში. შედეგად, ეს მცენარე ყინვისადმი გამძლე გახდა და დღეს ამ ვაშლს ჩრდილოეთის ქვეყნებში გემრიელად მიირთმევენ და საბედნიეროდ, ჯერ დათვად არავინ გადაქცეულა. იაპონელმა მეცნიერებმა ისპანახის გენი ღორის ორგანიზმში შეიყვანეს და ასეთ დასკვნამდე მივიდნენ: ტრანსგენური ღორის ხორცი თავისუფალია ადამიანისთვის საზიანო მრავალი ნივთიერებისგან. ატლანტის ოკეანის ორაგულში ზრდის ჰორმონის გენი ჩანერგეს და ერთი წლის შემდეგ ამ თევზების უმრავლესობა ზომით 2-6-ჯერ აღემატებოდა სხვა ორაგულებს. მიმდინარეობს ყინვაგამძლე კამბალას გენის შეყვანა ორაგულში, რაც მრეწველებს საშუალებას მისცემს, ორაგული ჩრდილოეთის რეგიონებშიც გაამრავლონ. გენეტიკურად მოდიფიცირებული პამიდორი აშშ-ში პირველად 1994 წელს გამოჩნდა და მერე ეს მეთოდი ფართოდ გავრცელდა. დღესდღეობით ამგვარი პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნებია: აშშ, არგენტინა, კანადა, ჩინეთი და ა.შ. ამ ქვეყნებში მოჰყავთ სოიის, სიმინდის, ბამბის და სხვა გენმოდიფიცირებულ მცენარეთა ჯიშები.

- საქართველოშიც შემოიტანეს გენმოდიფიცირებული სიმინდი, მაგრამ ვერ გაიხარა.

- იმიტომ, რომ ადგილობრივმა ჯიშებმა აჯობა, თუმცა გენმოდიფოცირებული მცენარე ხშირად გადაუვლის ხოლმე ადგილობრივ კულტურებს და მერე ნიადაგმა წლობით უნდა დაისვენოს, რათა ფერმერმა იმ ადგილზე ახალი პროდუქცია მოიყვანოს. გენური ინჟინერიის მიზანი ისეთი მცენარეების შექმნაა, რომლებიც სარეველებისა და ქიმიკატების მიმართ გამძლენი იქნებიან. აშშ-ში 1993 წელს მიიღეს კოლორადოს ხოჭოს მიმართ მდგრადი კარტოფილი, აგრეთვე, მწერებისადმი მდგრადი ბამბა და მარცვლეული. მცენარეებში სპეციალურად ნერგავენ სხვადასხვა ვირუსის გენებს, რომ უფრო ამტანები გახდნენ ვირუსული დაავადებების მიმართაც. ასე შეიქმნა გენმოდიფიცირებული კარტოფილი, გოგრა, პაპაია, ბრინჯი...

სამწუხაროდ, გენმოდიფიცირებულ პროდუქციას დადებითთან ერთად, უარყოფითი თვისებებიც აქვს. მრავალწლიანმა კვლევამ აჩვენა უარყოფითი გავლენა, რომელიც გენური ინჟინერიით მიღებულ ორგანიზმებს აქვთ არა მარტო ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ გარემოზეც: ტრანსგენური ინჟინერიით მიღებული მცენარეები შეიძლება სარეველებად გადაიქცნენ და ცუდი გავლენა იქონიონ ეკოსისტემაზე. ორგანიზმების შემცველი საკვები შეიძლება ტოქსიკური და კანცეროგენური იყოს, ასევე უცნობ ალერგენებსაც შეიცავდეს. აშშ-ში გენური ინჟინერიით მიიღეს სინთეზური ნივთიერება, რომელმაც ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. ამ ამინომჟავამ გამოიწვია სერიოზული ეპიდემიური დაავადება - ეოზინოფილია მეალგიური სინდრომით. სამწუხაროდ, 1512 ასეთი შემთხვევიდან 38 სიკვდილით დამთავრდა. თანამედროვე მეცნიერების მიზანი გენური ინჟინერიის უარყოფითი მხარეების შესწავლა და შემსუბუქებაა. ამ მიზნით შეიქმნა კარტახენის ოქმი, რომელიც 2003 წლიდან მოქმედებს. ოქმი კონტროლს აწესებს გენმოდიფიცირებული პროდუქციის გავრცელებასა და იმაზე, რომ სურსათში GMO ორგანიზმების რაოდენობამ დასაშვებ ზღვრულ რაოდენობას არ გადააჭარბოს.

- ჯანსაღ სურსათს არაფერი სჯობს...

- რა თქმა უნდა, უმჯობესია ადამიანმა ჯანსაღი პროდუქტი მიიღოს, მაგრამ

ისეთი დრო დადგა, როცა სოფლის მეურნეობაში მეცნიერების ჩარევა აუცილებელია: მცენარეებს იმდენი დაავადება, ვირუსი თუ მავნებელი უჩნდება, რომ თუ არ მივეშველეთ, სურსათი აღარ გვექნება. თუ მცენარეები აღარ იქნებიან, ცხოველებიც დაიღუპებიან და საკვების დეფიციტი შეიქმნება. მეცნიერებმაც ეს გზა იპოვეს, რათა მსოფლიო შიმშილისგან იხსნან.

აფრიკის მოსახლეობა ჩივის, რომ ყავა ცოტა მოდის, რომ ფასი დაბალია და ყავის პლანტაციებს ავჩეხთო. ამის გამო მსოფლიოში ყავაც გაძვირდა, კაკაოც და შოკოლადიც. არავის გაუკვირდება, თუ ეს ტენდენცია სხვა მცენარეებზეც გავრცელდება. ამიტომ გვალვაგამძლე მცენარეთა ჯიშების გამოყვანა გენური ინჟინერიის ერთ-ერთი ამოცანაა. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე უარი თქვა GMO პროდუქტებზე, თუმცა მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის, კანადაში, ჩინეთში, არგენტინასა და ავსტრალიაში, ამგვარ სურსათზე შეზღუდვები არ მოქმედებს. რაც შეეხება, ევროკავშირს, იქ ეტიკეტირების მკაცრი წესები იქნა შემოღებული.

როდესაც სურსათს ვყიდულობთ, ეტიკეტზე აუცილებლად უნდა ეწეროს: „GMO-ს გარეშე", ან „GMO ორგანიზმებისგან­ თავისუფალი". ცუდია, რომ ეს წარწერა ეტიკეტზე ისეთი წვრილი ასოებითაა დაწერილი, არ ჩანს. ამიტომ სასურველია, ეტიკეტზე მკაფიოდ ჩანდეს, ეს პროდუქცია გენმოდიფიცირებულია თუ არა.

გენმოდიფიცირებული სურსათი ბევრად იაფია, ვიდრე ბუნებრივი. ამიტომ, ვინც სიიაფეს ანიჭებს უპირატესობას, იაფს შეიძენს, ვინც ბუნებრიობას - შედარებით მეტს გადაიხდის. ნებისმიერ შემთხვევაში მომხმარებელს არჩევანის უფლება არ უნდა წავართვათ.

ხათუნა ჩიგოგიძე