ლამაზად შეფუთული საწამლავი
სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში 13-დან 15 წლამდე ასაკის 40 მილიონი ბავშვი ნიკოტინის ტყვეობაშია. "ვეიპების" პოპულარობა მოზარდებში 9-ჯერ აღემატება ზრდასრულთა მაჩვენებელს. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 2026 წლის მთავარ თემად "მიმზიდველობის ნიღბის ჩამოხსნა" გამოაცხადა. კამპანია პირდაპირ ამხილებს ინდუსტრიის სტრატეგიას: პროდუქციის მუდმივი რებრენდინგი ახალი თაობის მოსატყუებლად, რათა ბაზარზე მომხმარებელთა წყვეტა არ მოხდეს. ინდუსტრია "ინოვაციური" შეფუთვით ცდილობს გვერდი აუაროს რეგულაციებს - სინთეზური ნიკოტინი, არომატიზებული ბალიშები (პოუცჰეს) და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები (ელექტრონული სიგარეტი, ვეიპი, გასახურებელი თამბაქო) სწორედ ის იარაღია, რომლითაც დამოკიდებულების ახალ ტალღას ქმნიან.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენელთან, ეკა ლომიძესთან ერთად განვიხილეთ, როგორ მუშაობს თამბაქოს მექანიზმი, როგორ ყალიბდება ნიკოტინდამოკიდებულება.
- ნიკოტინი ერთ-ერთი უძლიერი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა. შესაბამისად მითია, თითქოს მისი შემცველი რაიმე პროდუქტი ამშვიდებს მომხმარებელს. წამებში აღწევს ტვინამდე და იწვევს თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტებზე მიჯაჭვულობას. ამასთან, ძლიერი კარდიოტოქსინია და ყოველდღიურად ანგრევს მწეველის გულსისხლძარღვთა სისტემას.
- ელექტრონული სიგარეტი (ვეიპი) და გასახურებელი თამბაქოც (აიქოსი) დამოკიდებულებას იწვევს?
- ორივეში ნიკოტინი მაღალი კონცენტრაციითაა და ძალიან სწრაფ და ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. რადგან სულ ხელში უკავიათ და მუდმივად ეწევიან, რთული ქცევითი მიჯაჭვულობაც ვითარდება და თავის დანებება ჩვეულებრივ სიგარეტზე მეტად უძნელდებათ. მოწევასაც უფრო იოლად იწყებენ. კომპანია "ფილიპ მორისმა", აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციაში (FDA) "აიქოსის" , როგორც "მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს ნაწარმის" დასარეგისტრირებლად დამალა 56 მავნე ნივთიერება, რომელთაგან 22-ის დონე 200%-ით (ორჯერ) მეტი იყო, ხოლო 7 მათგანის კონცენტრაცია 1000%-ით (ათჯერ) აღემატებოდა სტანდარტული კვამლის მაჩვენებლებს. გასახურებელი თამბაქო წარმოქმნის სრულიად ახალ ტოქსიკურ ნაერთებს, რაც ჩვეულებრივ სიგარეტში არ გვხვდება. მწარმოებლის მიერ "დავიწყებული" ქიმიური ნივთიერებების დიდი ნაწილი ტოქსიკოლოგიურად ჯერ შეუსწავლელია. შესაბამისად, უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ეს პროდუქტი ნაკლებად მავნეა, ჯანმრთელობაზე მისი გრძელვადიანი გავლენა უცნობია... რაც შეეხება ელექტროსიგარეტს, ახალგაზრდებში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ, მომხიბვლელად შეფუთულ საწამლავად მიიჩნევა, რომელიც მალევე იწვევს ფილტვის შეუქცევად დაავადებას, ე.წ. პოპკორნის ფილტვს (მაობლიტირებელი ბრონქიოლიტი). შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას, არომატიზატორს, დიაცეტილს, რომლის შესუნთქვა იწვევს ბრონქიოლების ნაწიბუროვან ცვლილებებს და შესაბამისად ხველას, სუნთქვის გაძნელებას, სხვა ცვლილებებს. ელექტრონული სიგარეტების ორთქლში აღმოჩენილია მრავალი მავნე ქიმიკატი და მძიმე მეტალი, მათ შორის: ფორმალდეჰიდი, აცეტალდეჰიდი, აკროლეინი, ნიკელი, ტყვია, კადმიუმი და სხვ.
ბოლო წლებში მრავალი შემთხვევაა, სადაც ახალგაზრდები, რომლებიც იყენებდნენ ელექტრონულ სიგარეტებს, განიცდიდნენ ფილტვის კოლაფსს და სხვა მწვავე რესპირატორულ დაავადებებს. ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტებს დასჭირდათ ფილტვის ტრანსპლანტაცია.
საგანგაშოა, რომ საქართველოში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება გაორმაგდა და 14%-ს გადასცდა.
მოზარდებში ნიკოტინი აფერხებს ყურადღების, სწავლისა და იმპულსების კონტროლის უნარს. იწვევს მუდმივ შფოთვას და გაღიზიანებას. ადამიანი კარგავს თავისუფლებას და ემოციურად ნივთიერებას ეჯაჭვება. უმრავლესობა მოწევას 13-18 წლის ასაკში იწყებს, ელექტრონულ სიგარეტს სინჯავენ 8-9 წლის ასაკში. ინდუსტრია სწორედ ამ ჯგუფს უმიზნებს ხილისა და ტკბილეულის არომატებით შეფუთული მოსაწევი საშუალებების რეკლამირებით. მოწევის დაწყების ძირითადი მიზეზებია: თანატოლებზე გავლენა და "აღიარების" სურვილი; ილუზია, რომ მოწევა "მოდურია"; სოციალურ მედიაში არსებული აგრესიული რეკლამა, რომელიც საქართველოში 2018 წლიდან აკრძალულია, მაგრამ სამწუხაროდ, ცნობადი სახეები არ ერიდებიან კანონის დარღვევას და ბავშვების ამ ნარკოტიკზე დამოკიდებულებისკენ წაქეზებას.
- რაში გამოიხატება დამოკიდებულების პირველი ნიშნები და თავის დანებების რა გზები არსებობს? საქართველოში არსებობს ასეთი სახელმწიფო პროგრამები?
- მთავარი ნიშანია მოწევის ძლიერი სურვილი და თუ დროულად ვერ მოწევ, ფიზიკური ან ემოციური დისკომფორტი გექმნება. ასევე: სულ უფრო მეტი ღერი გინდა მოწიო და საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობებს არღვევ. ნიკოტინთან ბრძოლა ინდივიდუალურია და შეიძლება დამოუკიდებლად ან სპეციალისტების დახმარებით. მოწევა შეგიძლია გადააგდო დამოუკიდებლად, მყისიერად უარი თქვა. მოერიდო გამაღიზიანებლებს, რაც მოწევის სურვილს აღვიძებს (მაგ. ყავა, ალკოჰოლი, სტრესი). დაიწყო ფიზიკური აქტივობა. რეგულარული ვარჯიში ორგანიზმს ბუნებრივი დოფამინის გამომუშავებაში ეხმარება, რაც ნიკოტინური შიმშილის (ე.წ. ლომკის) სიმპტომებს საგრძნობლად ამსუბუქებს.
არსებობს ნიკოტინჩანაცვლებითი თერაპია - სპეციალური საღეჭი რეზინები, პლასტირები ან სპრეი ორგანიზმს ეხმარება ლომკის გარეშე ნიკოტინის დოზის ეტაპობრივ შემცირებაში. გამოიყენება პრეპარატებიც, რომლებიც ბლოკავს ტვინში ნიკოტინის რეცეპტორებს და აქრობს მოწევის სურვილს (ზოგიერთი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება). ასევე კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია გვეხმარება მოწევასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ჯაჭვების გაწყვეტაში.
მოწევისთვის თავის დანებება თითქმის შეუძლებელია იზოლაციაში. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრების, მეგობრებისა და კოლეგების მხარდაჭერას. გარემოცვამ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანს, არ შექმნას მაცდური სიტუაციები და გაამხნევოს რთულ მომენტებში.
ჩვენს რეალობაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია. ერთი წელია საერთოდ არ მოქმედებს (მანამდეც მთელი რიგი შეფერხებებით მოქმედებდა) საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც საზოგადოების ამ კუთხით განათლებასაც უზრუნველყოფდა, ხალხს ახალი პროდუქტების მავნებლობის შესახებაც ინფორმაცია მიეწოდებოდა.
მოწევისთვის თავის დანებების მსურველთათვის მოქმედებს უფასო სახელმწიფო ცხელი ხაზი - 116 001. ეს არის პლატფორმა, სადაც კვალიფიციური სპეციალისტები ეხმარებიან დამოკიდებულების დაძლევის გეგმის მომზადებაში. ასევე არსებობს მობილური აპლიკაცია: "თავს ვანებებ".
თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება ამ სერვისების დაბალი ცნობადობა, რადგან ქვეყანაში არ არსებობს აქტიური საინფორმაციო კამპანია, რომელიც მწეველებს ამ შესაძლებლობის შესახებაც შეახსენებდა.
კესარია ხოსიტაშვილი