„ეს შენობა მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების ნაგებობა კი არა, ხეობის ისტორიის ნაწილია“
"ნინო ჩოხელის სახელობის ფასანაურის საუბნო საავადმყოფო" - ეს არის იმ აბრაზე ამოტვიფრული ტექსტი, რომელიც ფასანაურელებმა რამდენიმე ათეული წლის წინ დაამზადეს, მაგრამ დანიშნულების ადგილზე დღემდე ვერ დაკიდეს. როგორც ფასანაურის მკვიდრი, ორგანიზაცია "თემი და ვეტერანების" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურა ჩიტაური ამბობს, საუბნო საავადმყოფო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში აშენდა, მისი ყოფილი მთავარი ექიმის, აწ განსვენებული ნინო ჩოხელის, დიდი ძალისხმევით და წლების განმავლობაში ემსახურებოდა მთიულეთ-გუდამაყრის მოსახლეობას. დღეს საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს, თუმცა შენობის კონსტრუქცია მყარია და არაერთხელ აღმოჩენილა გასხვისების ობიექტთა ნუსხაში, ფასანაურელებს კი მნიშვნელოვნად მიაჩნიათ შენობისთვის ძველი ფუნქციის დაბრუნება. ამის შესახებ ზურა ჩიტაური გვესაუბრება.
- ფასანაურში, რომელიც გუდამაყრის ხეობებისთვის ბუნებრივი ცენტრია, დღემდე არ არის სრულფასოვანი სამედიცინო ცენტრი, მოსახლეობას მხოლოდ ვაგონის ტიპის ამბულატორია ემსახურება ოდესღაც უნიკალური საავადმყოფოს შენობის წინ. არ გვაქვს არც ექოსკოპიის, არც რენტგენის აპარატურა. უახლოესი სამედიცინო სერვისი დუშეთშია, რომელიც დაახლოებით 55 კილომეტრითაა დაშორებული, ამიტომ მცხეთაში ან თბილისში წამოსვლა გვირჩევნია. რეგიონს ემსახურება მხოლოდ ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა. ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანი სასწრაფო დახმარების მოლოდინში გარდაცვლილა. გარდა იმისა, რომ რეგიონს სჭირდება სრულფასოვანი სამედიცინო ცენტრი, ვფიქრობთ, ეს სივრცე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვეტერანების სარეაბილიტაციო ცენტრადაც. თავად აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ და ვიცი, რა მდგომარეობაშია ბევრი ჩემი თანამებრძოლი, ბევრი მათგანი დეპრესიამ იმსხვერპლა, ვერ შეძლეს საზოგადოებაში ადაპტაცია. ასეთი ცენტრის არსებობა მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნებოდა. შესაძლო საგანგებო თუ საომარი ვითარების შემთხვევაში, ფასანაურის ყოფილი საავადმყოფოს ამოქმედება შეძლებს დააკმაყოფილოს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო საჭიროებები, მშვიდობიან პირობებში კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას.
- აშკარაა, რომ მთავარი ექიმის, ნინო ჩოხელის როლი განსაკუთრებული იყო ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში.
- ნინო ექიმი ყველასთვის პატივსაცემი ქალი იყო, ცდილობდა ეს ცენტრი თაობებისთვის შეენარჩუნებინა. პირადად მიმართა მან ედუარდ შევარდნაძეს და სწორედ მისი ძალისხმევით აშენდა ეს უნიკალური საავადმყოფო, რომელიც ამჟამად ცარიელია. შარშან მოვახერხეთ და კეთილი ადამიანების დახმარებით, თოვლისა და ქარისგან დაზიანებული სახურავი კაპიტალურად შევაკეთეთ, გავარემონტეთ ქალბატონი ნინოს კაბინეტიც და მისი სახელობის აბრაც გავაკარით. დანარჩენი შიდა სივრცე განადგურებულია. ეს შენობა მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების ნაგებობა კი არა, ხეობის ისტორიის ნაწილია. მე პროფილაქტიკური მედიცინის სპეციალისტი ვარ და სანიტარიულ სადგურში ვმუშაობდი. გუდამაყრის ხეობა ეკოლოგიურად სუფთა სივრცეა, აქ ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობა არ არის, რაც ქმნის უნიკალურ პირობებს სამკურნალო მცენარეების მოსაყვანად და შესაგროვებლად. მოსახლეობას, რომელიც მეცხვარეობითა და მესაქონლეობით არის დაკავებული, შეუძლია ამ რესურსის გამოყენებაც, რაც მათ ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს.
- თქვენ მითხარით, რომ შენობის სასტუმროდ გადაკეთება სურთ.
- ათწლეულებია სხვადასხვა პირი ცდილობს ამ შენობის სასტუმროდ გადაკეთებას. ეს ინფორმაცია კულუარულად ვრცელდება ხოლმე. პანდემიის დროს შეგვატყობინეს, რომ შენობის გასხვისება იგეგმებოდა და გადაწყვეტილება საკრებულოს უკვე მიღებული ჰქონდა, არადა, მოსახლეობასთან არაფერი შეთანხმებულა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გადაწყვეტილება ონლაინგამოკითხვის საფუძველზე მიუღიათ, რაც ფორსმაჟორულ ვითარებას დაუკავშირეს. მოსახლეობის ძალისხმევით გაყიდვა გადაიდო. მსგავსი პრეცედენტები მანამდეც იყო. ახლა გვითხრეს, უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის განთავსებას აპირებენო. მივესალმებით, ჩვენს ხეობაში ცოდნის კერა თუ იქნება, მაგრამ ხომ შეიძლება ამისთვის სხვა ნაგებობა ააშენონ.
- როგორც მივხვდი, რაიონში სხვა საგანგებო სერვისების პრობლემებიც არის?
- პრობლემა მრავლად გვაქვს. სახანძრო მხოლოდ თუშეთშია, რომელიც ჩვენგან მოშორებითაა და რთული უღელტეხილია გადასავლელი. ხანძრის შემთხვევაში მოსახლეობა მხოლოდ ერთმანეთის იმედად ვართ. განსაკუთრებულს რას ვითხოვთ? - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, უსაფრთხო გარემოს და იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს. ჩვენ უკვე დუშეთის ორ მერს გამოვგლიჯეთ ხელიდან გასაყიდად გამზადებული ჩვენი სიმდიდრე. ახლანდელი მერი კი იმედია, გულისხმიერებით მოეკიდება ამ საქმეს და ფასანაურის საავადმყოფო კვლავ დაიბრუნებს ძველ ფუნქციას.
პ.ს. "კვირის პალიტრა" დუშეთის მერს კახა ჩიტაურს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, ამჟამად შენობა გასაყიდი ობიექტების ნუსხაში არ არის და არც მუნიციპალიტეტი გეგმავს მის გაყიდვას. შენობის შეძენის მსურველის გამოჩენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი შეხვდება მოსახლეობას და მათთან შეთანხმებით მიიღებს გადაწყვეტილებას. მერს არა აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს შენობაში უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტი უნდა განთავსდეს. რაც შეეხება ყოფილი შენობის გარემონტებას, განმარტავს, რომ ეს მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში არ შედის და გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს. მუნიციპალიტეტი მზად არის შენობა სარგებლობაში გადასცეს სოფლის ამბულატორიას, რომელიც ახლა ვაგონის ტიპის სივრცეში ფუნქციონირებს.
ხათუნა ბახტურიძე