„ირანმა თავის გადარჩენის მიზნით, „წინააღმდეგობის ეკონომიკის“ გააქტიურება დაიწყო" - Financial Times
„ირანმა თავის გადარჩენის მიზნით, „წინააღმდეგობის ეკონომიკის“ გააქტიურება დაიწყო“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანული გაზეთის -„ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) 30 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორების - ნათმეთ ბოზორჰერისა (თეირანიდან) და ენდრიუ ინგლენდის (ლონდონიდან) მიერ განხილული და გაანალიზებულია ირანის ეკონომიკის თავისებურებები, აშშ-ისრაელთან ომის ფონზე. „ისლამურმა რესპუბლიკამ წლების განმავლობაში შექმნა ეკონომიკის ისეთი მოდელი, რომელიც მოწოდებულია, ომის, სანქციებისა და კრიზისის პერიოდში იმუშაოს და თავისი ფუნქციები შეასრულოს“, - ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
40 წლის განმავლობაში ირანმა შექმნა ის, რასაც ისლამური რეჟიმი „წინააღმდეგობის ეკონომიკას“ უწოდებს და რომელსაც შეუძლია გაუძლოს კონფლიქტებს, სანქციებს და ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნების ანტიირანულ პოლიტიკას.
ისლამური რესპუბლიკა თვითონ აწარმოებს იმ პროდუქციას, რომელთა იმპორტი რთულია სანქციების გამო, მათ შორის, იგი ამზადებს ფარმაცევტულ პრეპარატებს, ავტომობილების სათადარაგო ნაწილებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას.
რამდენიმე ასეული ელექტროსადგური მთელ ქვეყანაშია გაბნეული - ეს არის გაკვეთილი, რომელიც ირანმა ერაყთან თითქმის 8-წლიანი ომის დროს აითვისა, მთლიანი ელექტროსისტემის განადგურების თავიდან ასაცილებლად. ყოველი ელექტროსადგური ავტონომიურად მუშაობს. ირანი ფართოდ სარგებლობს ნავთობის პირდაპირი ბარტერული გადაცვლით, მისთვის საჭირო სურსათზე და მოწყობილობებზე, დასავლური ბანკების გარეშე.
ეკონომიკის ეს მოდელი, რომელმაც ირანს კონფლიქტები და სანქციები მეტ-ნაკლებად (მაგრამ არც თუ უდანაკარგოდ) გადაატანინა, ამჟამად უდიდეს და საბოლოო გამოცდას აბარებს.
ომის დაწყებიდან - 28 თებერვლიდან - აშშ-მა და ისრაელმა ირანს ათასობით ავია და სარაკეტო დარტყმა მიაყენეს, ლიკვიდირებულნი არიან ისლამური რესპუბლიკის ლიდერები, თითქმის განადგურებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა. ირანის მასმედიის მონაცემებით, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურაც, ნავთობის საცავების ჩათვლით, ორი დიდი მეტალურგიული (ფოლადსადნობი) ქარხანა, აგრეთვე, გაზის მოპოვება-გადამუშავების უდიდესი კომპლექსი და საბანკო სისტემაც კი - რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობის დასუსტების მიზნით
ფოლადის ექსპორტს ირანის საგარეო ვაჭრობაში ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ნავთობის შემდეგ. დიდი ბრიტანეთის ანალიტიკური ცენტრის - Bourse & Bazaar Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორის, ესფანდიარ ბათმანჰელიჯის თქმით, ისლამურ რესპუბლიკას ბოლო წლებში 7 მილიარდი დოლარის ფოლადი გაჰქონდა საზღვარგარეთ.
ომმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ღრმა კრიზისში იმყოფებოდა ჯერ კიდევ ომამდეც (რის შედეგადაც იანვარში ანტისამთავრობო აქციები მოხდა), კიდევ უფრო დაამძიმა. ინფლაციამ 40%-ს გადააჭარბა, ცხოვრების დონე მკვეთრად დაქვეითდა. და მაინც, ამის მიუხედავად, ანალიტიკოსების თქმით, არის იმის ნიშნები, რომ „წინააღმდეგობის ეკონომიკა“ ჯერჯერობით ასრულებს იმ ფუნქციას, რომლის მიზნითად ის შეიქმნა.
ირანისათვის ომის ფასი ძალიან მაღალი იქნება, ხოლო მისი თანამდევი ეკონომიკური ზეწოლა, დიდი ალბათობით, შიდაუკმაყოფილებას გააძლიერებს. ანუ ახლა დღის წესრიგში რეჟიმის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება.
„უეჭველია, რომ ირანის ეკონომიკას, ომის გამო, წინ კიდევ დიდი სიძნელეები ელოდება“, - ამბობს ესფანდიარ ბათმანჰელიჯი, - „მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეკონომიკური კრიზისი სწორედ ის ფაქტორი იქნება, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკას „ხერხემალს გადაუმტვრევს“.
„ირანის ხელისუფლების თვალსაზრისით, მთავარი ამოცანა ის კი არ არის, რომ ქვეყნის ეკონომიკის მართვა ნორმალურ რეჟიმში ხდებოდეს, არამედ ის, რომ სამოქალაქო ეკონომიკა სწრაფად გადააქციოს სამხედრო ეკონომიკად“, - ხაზს უსვამს ექსპერტი.
ომის წინა ხანებში პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა ცენტრალური ხელისუფლების დეცენტრალიაზაცია მოახდინა და პროვინციულ მმართველებს (გუბერნატორებს) მეტი ეკონომიკური უფლებები მიანიჭა, რამაც ხელი შეუწყო იმპორტის გაფართოებას. საგარეო ვაჭრობის ბიუროკრატიული ბარიერები შემცირდა, საიმპორტო ნებართვების მიღება გაიოლდა.
მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო ვაჭრობა შეიზღუდა, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, სამაგიეროდ, გაცხოველდა სახმელეთო ვაჭრობა.
იმ პირობებშიც კი, როცა ირანი ყოველდღიურად იბომბება, ქვეყნის ხელისუფლება ისწრაფვის, სტაბილურობის დემონსტრაცია მოახდინოს და აცხადებს, რომ მოსახლეობისათვის პირველი მოხმარების აუცილებელი საგნების დეფიციტი არ არსებობს. სუპერმარკეტების თაროები ძველებურად პროდუქციით არის გადაჭედილი, ბაზრები შეუფერხებლად მარაგდება ახალი ხილით და ბოსტნეულით, კვების პროდუქტებით. ყველაფერი ღიად იყიდება, მომხმარებლები არ ჩივიან. მას შემდეგ, რაც ისრაელმა თეირანთან ახლოს არსებული ბენზინსაცავები ააფეთქა, ხელისუფლებამ საწვავის ნორმირებული გაცემა დააწესა, რითაც თავდაპირველი უკმარისობა აღმოფხვრა და სიტუაციის სტაბილიზება მოახერხა.
თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის მუქარას შეასრულებს და ელექტროსადგურების აფეთქებას დაიწყებს, ირანის ეკონომიკაში სიტუაცია უეცრად არა, მაგრამ დიდი ალბათობით, მაინც საკმაოდ მალე გაუარესდება. ამასთან, როგორც ყოფილი ირანელი ჩინოვნიკი, პროფესიით ეკონომისტი, ანონიმურად აცხადებს, ეკონომიკაზე გარეშე ზეწოლის მიუხედავად, დარგს გადარჩენისთვის საკმაო მდგრადობა აქვს, თუნდაც ომი ერთი წლით გაგრძელდეს.
ანალიტიკოსთა აზრით, ირანს მართლაც აქვს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული ეკონომიკა, რომელმაც ფესვები იმ მოდერნიზაციის შედეგად გაიდგა, რომელიც შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობის დროს, 1960-1970-იან წლებში განხორციელდა.
თეოკრატიულმა რეჟიმმა და კერძო ბიზნესმა თავი სწორედ იმდროინდელი რეფორმების საფუძველზე გადაირჩინეს, ათეულწლიანი სანქციების პერიოდში. ირანელები, რომლებმაც შაჰის დროს ბიზნესის თავისუფლება მიიღეს, მოხერხებულად დაეუფლნენ ექსპორტ-იმპორტის ხელოვნებას, ხოლო ისლამური რევოლუციის შემდეგ გამოცხადებული სანქციების დროს სწრაფად მოახერხეს ალტერნატიული მარშრუტების პოვნა ან იმპორტული პროდუქციის სამამულო წარმოებით ჩანაცვლება.
„ირანის მრეწველობას შეუძლია, მოქნილი სახით გადავიდეს იმპორტიდან საკუთარ წარმოებაზე“, - ამბობს ეროვნებით ირანელი ექსპერტი ჯავად სალეჰ-ისპაანი, ვირჯინიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან, - „ეს სწორედ ის არის, რითაც ირანი სპარსეთის ყურის მეზობლებისაგან განსხვავდება: მას მრეწველობის ისეთი ბაზა აქვს, რომელიც ჯერ კიდევ შაჰის დროიდან არსებობს. ირანის მრეწველობას თავის გადარჩენა შეუძლია, თუმცა ცხოვრება გაუარესდება“.
ესფანდიარ ბათმანჰელიჯის თქმით, ირანი დამოკიდებულია არა მხოლოდ ნავთობისა და გაზის ექსპორტზე, არამედ - სხვა დარგებზეც: მაგალითად, ქვეყანას შეუძლია, ყოველთვიურად მილიარდობით დოლარის სხვა პროდუქციაც გაიტანოს - ფერადი ლითონები, ქიმიური ნივთიერებები და გარკვეული სახის სურსათიც ანუ შესაძლებელია ენერგომატარებლების ექსპორტის ჩანაცვლება სხვა პროდუქციით.
„ბევრმა არ იცის, რომ ირანის ეკონომიკის სიცოცხლისუნარანობა ნავთობის ექსპორტზე არ არის დამოკიდებული“, - ამბობს ესფანდიარ ბათმანჰელიჯი, - „ქვეყანამ ნავთობის ექსპორტი საზღვაო გზით მთლიანად რომც შეწყვიტოს, არსებობენ სახმელეთო საბაჟო პუნქტები, რომელთა მეშვეობით ბევრი სხვა პროდუქცია გადის“.
რა თქმა უნდა, ჰორმუზის სრუტის დაბლოკვა თვითონ ირანსაც აზარალებს. საზღვაო გზით არა მარტო ექსპორტი, არამედ - იმპორტიც მიმდინარეობს. მიუხედავად ისლამური რეჟიმის განცხადებისა, რომ თითქმის ყველა სასურსათო პროდუქციას ირანი 80%-ით თვითონ აწარმოებს, მაინც ხდება ხორბლის, ბრინჯისა და სხვა მარცვლოვნების, აგრეთვე, სოიასა და მცენარეული ზეთის ნაწილობრივი იმპორტი.
ასეა თუ ისე, ჯერჯერობით სახელმწიფო, რომელიც შრომისუნარიანი მოსახლეობის უმსხვილეს დამსაქმებელს წარმოადგენს, კვლავ აგრძელებს წლიური პრემიების გაცემას სახელმწიფო მოსამსახურეებისათვის, საბაკო სფეროზე მომხდარი კიბერნეტიკული შეტევების მიუხედავად. სურსათზე ფასები გაძვირდა, მაგრამ არა იმდენად, რომ მოსახლეობამ მათი ყიდვა ვერ შეძლოს. ის მოქალაქეები, რომლებიც ხელფასს ყოველდღიურად იღებენ - მძღოლები, დამლაგებლები, მეეზოვეები - ჩვეულებრივი რეჟიმით განაგრძობენ მუშაობას.
ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპის პირადი მოძღვარი: "პრეზიდენტს სულიერი ვალდებულება აქვს ირანის დასაბომბად"
აშშ-ისრაელის დარტყმებმა ირანის ეკონომიკა პარადოქსულ ზრდამდე მიიყვანა: რადგან ნავთობზე ფასები მატულობს, ეკონომიკაც იზრდება. Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა გასული თვის ბოლოდან 100 დოლარამდე მოიმატა და როგორც დასავლელმა ექსპერტებმა გამოთვალეს, ირანი, მოგების სახით, დღეში 140 მილიონ დოლარს იღებს. აშშ იძულებული გახდა, ირანისათვის სანქციები შეერბილებინა და ნავთობის ნაწილის გასაყიდად ნება დაერთო, მსოფლიო ფასების გაძვირების შესაჩერებლად.
„ნავთობზე ფასების მატება ირანის ეკონომიკას კარგად დაეხმარა და, ნაწილობრივ, სამხედრო ხარჯების კომპენსაციაც კი მოხდა“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ყოფილმა ირანელმა მაღალჩინოსანმა ეკონომისტმა, - „შავი ოქროს“ დამატებითმა გაყიდვამ ქვეყნის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა“.
დიახ, დონალდ ტრამპს შეუძლია, ელექტროსადგურების გადადებული დაბომბვა განაახლოს, რითაც ირანს დიდ ზიანს მიაყენებს, მაგრამ ირანსაც შეუძლია სპარსეთის ყურის ქვეყნების კრიზისულ ინფრასტრუქტურას დაარტყას და მწყობრიდან გამოიყვანოს, რაც დიდ ზარალთან არის დაკავშირებული.
ამასთან, როგორც ჯავად სალეჰ-ისპაანი აცხადებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყნის მმართველი რეჟიმი გადარჩება, ირანის გზა ეკონომიკის აღსადგენად ხანგრძლივი იქნება: „დიდი ალბათობით, ირანის ეკონომიკა 10 წლისწინანდელ ან უფრო ადრინდელ მდგომარეობას დაუბრუნდება, რაც დიდ პრობლემებს შექმნის აღდგენისათვის“.
მოამზადა სიმონ კილაძემ