როგორ აღვიძებენ ფრენისას ჩაძინებულ რუს სამხედრო პილოტებს?
საჭესთან ჩათვლემილი მძღოლი არა ერთხელ გამხდარა ავარიის მიზეზი, თუმცა ეს მარტო გზებზე როდი ხდება. უზარმაზარი ტანკერების ჩაძინებულ მორიგე მეზღვაურებს ტარანით ჩაუძირავთ სხვა გემები. ეძინებათ ელმავლების მემანქანეებსაც და რკინიგზაზე საშინელ კატასტროფებს ახდენენ (საბჭოთა პერიოდში თბილისის ელვამალმშენებელ ქარხანაში დამზადებული ელმავლების სამართავი კაბინის ჭერში სპეციალური ღილაკი მონტაჟდებოდა, რომლისთვისაც მემანქანეს გარკვეული პერიოდულობით ხელი უნდა დაეჭირა, რისთვისაც წამოდგომა უწევდა და ძილს იფანტავდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირთვებოდა სასტვენი, გამყინავი ხმით და შვიდი წამის შემდეგ ელმავლის ავტომატური ექსტრემალური დამუხრუჭება იწყებოდა, თუკი მემანქანე ვერ მოასწრებდა ამ ღილაკზე დაჭერას).
შტურვალთან ჩათვლემა არც პილოტებისთვისაა უცხო თემა, მათ შორის - სამოქალაქო ლაინერებისა თუ სამხედრო თვითმფრინავების მართვისას, რაც მაშინვე არ იწვევს ავიაკატასტროფას, რადგან თანამედროვე თვითმფრინავები ავტოპილოტებით არიან აღჭურვილნი და ეკიპაჟის ჩარევის გარეშეც შეუძლიათ წინასწარ მიცემული ფრენის პარამეტრების შენარჩუნება, ავტომატურ რეჟიმში, მაგრამ საწვავი ხომ ილევა და აეროდრომზე დაშვების დროც დგება?
ცოტა მოულოდენელი იყო, როდესაც ეს პრობლემა გამოკვეთა ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა Fighterbomber-მა, რომელიც გამოირჩევა უკრაინისადმი განსაკუთრებული ზიზღით, მაგრამ სამხედრო ავიაციის პროფესიონალია, რადგან პენსიაში გასვლამდე იყო რუსული საფრონტო ბომბდამშენის - Су-34-ის ეკიპაჟის მეთაური და საბრძოლო გაფრენები აქვს შესრულებული სირიის ცაში, თუმცა უკრაინის ომის დაწყებამდე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩამოწერეს.
ეს რუსი სამხედრო ბლოგერი შეფარვით, ეზოპეს ენით წერს (ის პირდაპირ არ ასახელებს რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს, რადგან ამისთვის რუსეთში მის წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან საქმე, რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მუხლით) თავის ბლოგში იმის შესახებ, რომ „ლაოსის“ სამხედრო მფრინავებს ფრენისას ეძინებათ, რაც გამოწვეულია მათი ძლიერი გადაღლილობით, რადგან თვეში ასი საათი მაინც უწევთ ფრენა, საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც ისინი ომამდე ას საათს მთელი წელიწადის განმავლობაში თუ დაფრინავდნენ.
თვითმფრინავის კაბინაში ჩაძინებული პილოტის პრობლემა განსაკუთრებით საშიშია ერთადგილიანი გამანადგურებლებისთვის, რადგან საფრონტო ბომბდამშენების ეკიპაჟებში ორი წევრი შედის და ერთმა რომც ჩათვლიმოს, მეორე მალევე გააღვიძებს (თუმცა 2022 წლის 23 ოქტომბერს ირკუტსკის თავზე ჩამოვარდა რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი Су-30СМ-ი, რომლის ეკიპაჟის ორივე წევრს კაბინაში თავი ჩაქინდრული ჰქონდა და ნახევარი საათის განმავლობაში მის გვერდზე მფრენი სხვა თვითმფრინავიდან არა ერთი მცდელობის მიუხედავად ვერ „გააღვიძეს “- როგორც გამოძიებამ გაარკვია ორივე მფრინავი გადაღლილობამ კი არ „ჩააძინა“, არამედ - საავიაციო ქარხნის პერსონალის დაუდევრობამ, რომლებმაც თვითმფრინავის საბორტე ჟანგბადის სისტემაში (რითაც სუნთქავს ეკიპაჟი), დაუდევრობით დაუშვეს აზოტის შერევა, რამაც გამოიწვია ფრენისას მფრინავების გათიშვა).
უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი რუსეთი აქტიურად იყენებს შედარებით თანამედროვე, ერთადგილიან Су-35-ის ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს, რომლის მფრინავებიც, მართალია, ვერ ბედავენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შეფრენას, მაგრამ საათობით პატრულირებენ უშუალოდ რუსეთის ცაში, რათა უკრაინის თავზე საჰაერო სამიზნის აღმოჩენისთანავე გაუშვან შორი მოქმედების „ჰაერი-ჰაერის“ კლასის მართვადი რაკეტები და ასევე, „საჰაერო ნადირობა“ გამართონ უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიის სიღრმისკენ გაშვებული კამიკაძე-დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების ჩამოსაგდებად.

ფოტო: ჩათვლემილი პილოტის გამოსაღვიძებლად გვერდზე მფრენი გამანადგურებლიდან ასეთ ფოირვერკსაც უშვებენ
ასეთი, რუსული Су-35-ის ტიპის გამანადგურებლის მფრინავს ჰაერში პატრულირება დღე-ღამეში რამდენჯერმე უწევს და ყოველ ჯერზე - არანაკლებ სამი საათით. გამოცდილი რუსი სამხედრო მფრინავების რიცხვი კი შეზღუდულია, რაც იწვევს მათ ბუნებრივ გადაღლილობას და ახშირებს შემთხვევებს, როდესაც ისინი კაბინაში ჩათვლემენ და აღარ რეაგირებენ სამეთაურო პუნქტის გამოძახებაზე...
რუსი სამხედრო ბლოგერი, თავად ყოფილი სამხედრო მფრინავი ყვება, რომ არსებობს რამდენიმე არაორდინარული საშუალება, რომ როგორმე გამოაღვიძონ გამანადგურებლის კაბინაში ჩათვლემილი მფრინავი...
პირველი - როდესაც სამეთაურო პუნქტში რწმუნდებიან, რომ მფრინავი არ გამოდის რადიოკავშირზე, აძლევენ ბრძანებას ახლომყოფ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, რომ მან მიზანში ამოიღოს ეს თვითმფრინავი და ის რადიოლოკატორით „ჩაიჭიროს“. ამ დროს გამანადგურებლის მფრინავის შლემაფონის ყურსასმენებში ისმის მკვეთრი ხმა, რომელიც აფრთხილებს სარაკეტო შეტევის საშიშროებაზე და ამ ხმამ, წესით, უნდა გამოაღვიძოს მფრინავი.
მეორე - თუკი პირველმა მეთოდმა არ იმუშავა, სხვა გამანადგურებელი ამოუდგება გვერდში „ჩაძინებულს“ და იწყებს „სითბური ხაფანგების“ (მაღალი ტემპერატურის გამოყოფით წვადი სასიგნალო რაკეტები, რომლებიც გამოიყენება სითბური დამიზნების მართვადი რაკეტების მოსაგერიებლად) სროლას.
მესამე - ბოლო ვარიანტად რჩება გვერდზე მიმყოლი გამანადგურებლიდან ავტომატურ რეჟიმში 30 მმ-იანი ჭურვების სროლა, რომლის მჭექარე ხმამ, წესით, ყველა უნდა გააღვიძოს...
ასევე დაგაინტერესებთ: პირველი ამერიკული "ავაქსიც" აფეთქებულია...
ტყვიამფრქვევიანი დრონი-რობოტი ომში ჯარისკაცის ჩასანაცვლებლად...
უკრაინის ცის დასაცავად შეკვეთილ „პეტრიოტებს“ ტრამპი ირანთან ომში აგზავნის
ორი მოხუცი თუ წავა, მშვიდობა მოვა ანუ რაზე ოცნებობს მილიონობით უკრაინელი?!
და მიუხედავად ამისა, რუსი ბლოგერი აღიარებს, რომ ამ სამივე „მეთოდმაც“ ვერ შეძლო ერთი მფრინავის გაღვიძება და მოხდა საოცრება, როდესაც გამოძინებულმა, მან მოასწრო გამანადგურებლის მართვის ხელში აღება და აეროდრომზე დასმა - თვითმფრინავში საწვავის ავარიული მარაგი 300 კგ-მდე იყო დარჩენილი და ძრავები ერთ-ორ წუთში გაითიშებოდნენ...
P.S. თავად მინახავს შტურვალთან ჩაძინებული ეკიპაჟის მეთაური და ნახევრადმთვლემარე მეორე მფრინავიც, მაგრამ ეს უფრო ქართული ჭაჭის შედეგი გახლდათ... საბედნიეროდ, შავი ზღვის თავზე რამდენიმე საათის ფრენის შემდეგ ყველამ გამოიღვიძა და ჩვენი Ан-12-ის უკრაინულმა ეკიპაჟმა ბუქარესტის აეროპორტში იდეალური დაშვება განახორციელა, რასაც ვიდეოკამერით ვიღებდი თვითმფრინავის ცხვირში განთავსებული შტურმანის შემინული კაბინიდან და რატომღაც სულაც არ შემშინებია...