"იანვარში ნანუკას შოუ ეთერში დაბრუნდება"
"განაჩენი გამომიტანეს - კოდუას ცოლი!"
ნანუკა ჟორჟოლიანი "იმედიდან" საკუთარი სურვილით წამოვიდა. ჩვენთან საუბრისას ჟურნალისტი არ აკონკრეტებს, რა მიზეზით გააღიზიანა სოდ-ის ყოფილმა შეფმა ასე ძალიან პატარკაციშვილის ოჯახი, თუმცა, ერთს თამამად აცხადებს: "ჩემი წამოსვლის მიზეზი ერთადერთია და მას ერეკლე კოდუა ჰქვია!"
- მორალური პასუხისმგებლობა ვიგრძენი, როდესაც პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოფირი გავრცელდა. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ სხვა ადამიანები უფრო უნდა შეეწუხებინა სინდისს, მაგრამ სხვის მორალზე ჩემს ცხოვრებას ვერ ავაწყობ. მე მხოლოდ ჩემს თავზე ვაგებ პასუხს და მივიღე გადაწყვეტილება - წამოვედი "იმედიდან".
- ასევე დატოვეთ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიური და ეს თქვენი სურვილით არ მომხდარა.
- გადაწყვეტილება რომ ჟიურიშიც აღარ ვყოფილიყავი, ნიშნავდა იმას, რომ "იმედის" არხზე, არსად, ნანუკა კადრში არ უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ ამ ტელევიზიისთვის უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე გავაფუჭე. რეიტინგით დაწყებული, ფინანსებით დამთავრებული. ფაქტია, "იმედიდან" წამოვედი და ეს გადაწყვეტილება ჩემი მეუღლის გამო მივიღე. მორალური პასუხისმგებლობა დავარქვი ამას, იმიტომ, რომ ჩემი იქ ყოფნით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის დისკომფორტი არ შემექმნა.
- ფიქრობთ, რომ თქვენი პიროვნება ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია და პატარკაციშვილის ოჯახი ერეკლე კოდუას ფაქტორმა გააღიზიანა?
- რა თქმა უნდა. ეს უკვე ვთქვი და ისევ გავიმეორებ: არ ვთვლი, რომ როგორც ჟურნალისტმა რამე დავაშავე. აქ იყო მხოლოდ ერთი: სტატუსი - ცოლი! როდესაც ბადრი პატარკაციშვილის დამ გააკეთა მიმართვა, ის ადამიანი, ვინც გრძნობს, რომ ჟურნალისტურად არასწორად იქცევა, წავიდეს არხიდანო, მე ერთი წუთითაც არ მიმიღია ჩემს თავზე, იმიტომ, რომ მე პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში არ ვმუშაობდი, არც იმ პერიოდში, როდესაც ბადრის ოჯახს პრობლემები ჰქონდა. ჩემი გადაცემა იყო თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი, სადაც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე ადამიანები თავისუფლად მოდიოდნენ. ეს იყო გადაცემა, სადაც მოდიოდნენ მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მეუღლეები! არ მინდა ახლა ეს თემა ასე დავაწვრილმანო. განაჩენი უკვე გამომიტანეს - "ერეკლე კოდუას ცოლი"! ჩემთვის წაყენებული სხვა ბრალდება მე ვერ ვნახე.
- წინასაარჩევნო პერიოდში განაცხადეთ, რომ თქვენს ოჯახს ემუქრებოდნენ; გაარკვიეთ, ვინ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო და რა გახდა მუქარის მიზეზი?
- პირველივე მუქარის მესიჯის შემდეგ ჩემი და იმ პირის საუბარი "ფეისბუკზე" დავდე, რათა საჯარო ყოფილიყო და ვინმეს არ ეფიქრა, რომ ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო სპეკულაციის თემა. ამის შემდეგ ოფიციალურ ორგანოებს მივმართე, თუმცა, ეს ამბავი აღარც მომიკითხავს. ის ადამიანი ამის შემდეგ აღარც გამოჩენილა. ჩვენი საერთო მეგობრების საშუალებით დადგინდა, რომ ეს იყო მოსკოვში მცხოვრები პირი, რომელმაც თავზე ზედმეტი ინიციატივა აიღო ჩემი ქმრის საქმიანობიდან გამომდინარე. ამბობდა, რომ რაღაც კომპრომატები ჰქონდა ჩვენზე. ალბათ, გახსოვთ, როგორი ვითარება იყო. ხომ იცით გარდამავალი პერიოდი როგორია? ყველას უნდა, რაღაც სარგებელი ნახოს. ეს ვიღაც თავხედიც ცდილობდა ამ დროით ესარგებლა.
- თუ არის ცნობილი, სად გაგრძელდება თქვენი შოუ?
- ვფიქრობ, იანვარში "ნანუკას შოუ", ეთერში დაბრუნდება. არის "რუსთავი 2", "მზერა ტვ" და კიდევ რამდენიმე ვერსია. თუმცა, ჯერ ყველაფერი განხილვის პროცესშია. ასე რომ, იანვარს დაველოდოთ.
ქეთი საგინაშვილი