“ეგ რაც გეცვა, არ მომეწონა და აბა, ეს ჩაიცვიო.... თან დაამატა, აბა აიწიე, “ფასონზე“ დაიყენე“ - ისტორიები პატრიარქზე კახა მიქიაშვილისგან
დღეს ყველა ადამიანი თავის წილ პატრიარქზე საუბრობს და სათქმელიც არ ილევა. ამჯერად, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II იხსენებს მსახიობი კახა მიქიაშვილი.
კახა მიქიაშვილი: პატრიარქი ძალიან დიდი პიროვნება იყო და რამდენადაც დიდი, იმდენად უბრალო, საოცრად ადამიანური, საოცრად ჩვეულებრივი. შეგეძლო მასთან გესაუბრა ყოფით საკითხებზე, მუსიკაზე, თეატრზე... მისი ერთ-ერთი მთავარი თვისება იყო ზრუნვა ხალხზე, მუდმივად - 24 საათი. ტრადიციულად თავის დაბადების დღეზე ეპატიჟებოდა სოციალურად დაუცველებს და იმათთან ერთად ტრაპეზობდა. მე ვარ მომსწრე ყაზბეგში, მის სოფელში დაინახა ტურისტები, რომლებმაც ვერ გათვალეს, რომ იქ ივლისში ცივა და თხლად ჩაცმულები იყვნენ. გაიხადა და თავისი ტანისამოსი ჩააცვა. ისინი შოკში ჩავარდნენ.
პატრიარქი მთელი ცხოვრება ცდილობდა მიებაძა ქრისტესთვის და ქრისტეს ცხოვრება რა იყო? გიყვარდეს მტერი! ის თავისი კრიტიკოსების მიმართაც ლმობიერი იყო და ისინიც უყვარდა. არავის ეუბნებოდა: რატომ არ მარხულობ, ან არ ეზიარები. ის მაგალითი იყო თავისი ქმედებებით. ერთხელ ისრაელიდან იყვნენ ებრაელები ჩამოსული. იმ პერიოდში „ავე მარია“ ჰქონდა ახალი შექმნილი. იმ შეხვედრაზე ისაუბრეს და მერე თქვა, მუსიკას ჩაგირთავთო. „ავე მარია“ ჩართეს, დასრულდა ნაწარმოები, ადგა ერთი ქალბატონი და თქვა: მე დღეს მართლმადიდებლად მოვინათლებიო.
ჩემთან დაკავშირებით რამდენიმე მაგალითს გავიხსენებ. ჩემი მეორე შვილი თინა რომ უნდა დაბადებულიყო, შუადღეზე წავედით სამშობიაროში. დავრეკე საპატრიარქოში და მორიგეს ვუთხარი, გააგებინეთ პატრიარქს-მეთქი. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ არეკინებდა მამა სერაფიმეს (მორიგე იყო) ამბის გასაგებად. სადღაც ღამის ორ საათზე იმშობიარა სალომემ, მეც ვესწრებოდი. აი დაიბადა თუ არა თინა, რეკავს ტელეფონი და ხმამაღლა ჩავრთე, პატრიარქი რეკავდა. ექიმები გაოგნებულები იყვნენ.

თურქეთში ჩავედი და ჯვარი დავკარგე ზღვაში, მეგობარმა მაჩუქა. ყველა ჯვარი ძვირფასია და ძალიან უხასიათოდ ვიყავი. ჩამოვედი თურქეთიდან, მივედი საპატრიარქოში და ამოვიდესო, მეძახის. რატომღაც თავის ოთახში შემიყვანა, როგორ ხარო? მომიკითხა, ბევრჯერ მოუცია საჩუქარი, მაგრამ ჯვარი - არა. იცის, რომ ჯვარს ვატარებ და უცებ დედაოს ეუბნება, ჯვარი გამოუტანეო. უწმინდესო, ეს ქალის ჯვარიაო. არა უშავს, სჭირდებაო... გაოცებულმა შევხედე და ვუამბე, რაც მომივიდა, თავისი ხელით დამკიდა.
ერთ დღესაც საპატრიარქოში ვარ, ვფიქრობ იმაზე, რომ ძალიან მჭირდება რაღაც კონკრეტული თანხა, მაკლდება. ამ დროს ჩამობრძანდა უწმინდესი და ეზოში დავდივართ, საათზე მეტხანს ვიყავით ერთად. რა თქმა უნდა, მისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ გონებაში სულ ამ თანხაზე ვფიქრობ, საღამომდე მჭირდება. დავყვებით მას და ბედნიერები ვართ. მერე ავიდა უწმინდესი ზემოთ, დამიძახა და მომცა კონვერტი, სადაც ზუსტად ის თანხა იდო, რაც მჭირდებოდა.
ერთხელ ტელეეთერის მერე მივედი და ამოვიდესო, დამიბარა. ზის თავის ოთახში და მეუბნება: ეგ რაც გეცვა, არ მომეწონა და აბა, ეს ჩაიცვიო. მაძლევს თავის ზედას. თან დაამატა, აბა აიწიე, “ფასონზე“ დაიყენე. კი, კარგია, ეს ჩაიცვიო. ერთხელ ჩამობრძანდა ლოცვაზე, ვაღიარებ ჩემს სიმდაბლეს, დავინახე, რომ ძალიან მაგარი ფეხსაცმელები ეცვა, თვალი გავაყოლე. მერე თავში გამიელვა, რაზე ვფიქრობ-მეთქი. გავიდა რამდენიმე დღე, საახალწლო პერიოდი იდგა და ყველას რაღაცას ჩუქნიდა. ავედი და აბა, ეს გაისინჯეო და მაძლევს იმ ფეხსაცმელს ღიმილით. მერე კი ვუთხარი, მაშინ რაც გავიფიქრე.
ბევრისგან გამიგია და მეც ვიცი, რომ სულ ინტერესდებოდა და ზრუნავდა იმ დამიანებზე, ვინც ავად იყო, ან ახალი გარდაცვლილი ჰყავდა ახლობელი, ან სოციალურად შეჭირვებული იყო. მახსოვს, ერთხელ წირვის მერე თქვა, რომ მოვინახულოთ ავადმყოფებიო და ქალბატონ გულიკო ჩაფიძის კლინიკაში წავედით. ქალბატონმა გულიკომ გვითხრა, ჩვენთან გურამ საღარაძე მკურნალობსო. შევიდეთ გურამთანო, თქვა. შევედით პალატაში და ბატონი გურამი წამოდგა (ჩემი პედაგოგი იყო). უწმინდესი აძლევს კონვერტს და ეუბნება: აქ წერილია და მე რომ წავალ, მერე წაიკითხეო. ცხადია, იქ ფული იდო. მერე სათითაოდ მოინახულა ყველა ავადმყოფი. ასეთი ფაქტები ძალიან ხშირი იყო.
მისთვის მთავარი ღირებულება იყო ადამიანი, ის ცხოვრობდა ადამიანებისთვის და არ აინტერესებდა მასთან ურთიერთობისას რელიგიური მრწამსი, პოლიტიკური ხედვა, პროფესია... არაფერი. მსგავსი სიყვარულის უნარი დედამიწაზე თუ ვინმეს შეუძლია, მე არ ვიცი. ვერ ხვდეობდა, როგორ შეიძლება ადამიანი გძულდეს, ან ვინმეზე ბრაზდებოდე. ის იყო ნამდვილი მამა ნებისმიერისთვის და არა იმიტომ, რომ სტატუსით იყო მამამთავარი. მან მოახერხა, რომ იყო ყველასიც და თითოეული ადამიანისაც. ის ასხივებდა მხოლოდ სიყვარულს.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)