ზალუჟნის მძიმე „წინასწარმეტყველება“ ანუ ვინ მოიგებს მესამე მსოფლიო ომს?! - კვირის პალიტრა

ზალუჟნის მძიმე „წინასწარმეტყველება“ ანუ ვინ მოიგებს მესამე მსოფლიო ომს?!

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი და ამჟამად ამ ქვეყნის ელჩი დიდ ბრიტანეთში ვალერი ზალუჟნი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს როგორც უკრაინაში, ისე დასავლურ პოლიტიკურ-სამხედრო წრეებში. რამდენიმე დღის წინ მას ჰქონდა ძალიან საინტერესო გამოსვლა, რომლის დროსაც ახსნა, თუ რატომ იწვევს თანამედროვე კონფლიქტები ძველი მსოფლიო წესრიგის კრახს და როგორ უნდა ადაპტირდნენ დემოკრატიული ქვეყნები, რომ დიდი საშიშროება თავიდან აიცილონ.

ზალუჟნის თქმით, მოვლენები, რომლებიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში­ დაიწყო, არ ჩერდება და ისინი აგრძელებენ­ ძველი მსოფლიო წესრიგის ნგრევას. პლანეტაზე ერთმანეთს ორი გეოპოლიტიკური­ სისტემა უპირისპირდება:­ 1. ავტორიტარული­ ნიშან-თვისებების მქონე ქვეყნები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან საკუთარი გეოპოლიტიკური წონით; 2. დემოკრატიები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ პრივილეგირებული­ როლი მიიღეს ეკონომიკასა და უსაფრთხოებაში. ყოფილი სარდალი გულისხმობს იმას, რაც ქართველებისა და უკრაინელებისთვის ძალიან ნაცნობია, ოღონდ კომფორტის ზონიდან არ გამოვიდნენ და, რიგი ქვეყნები­ ყოველნაირად­ თავს არიდებენ კონკრეტულ მოქმედებებს და მხოლოდ "შეშფოთება-აღშფოთებით" იფარგლებიან.

"სხვათა შორის, ეს სიტუაცია კიდევ­ ერთ ქვეყანას "დაეწია", რომელმაც ახლო აღმოსავლეთში ძალის გამოყენება გადაწყვიტა­ და მოსალოდნელი მხარდაჭერის ნაცვლად, "შეშფოთება" მიიღო", - მიანიშნებს ზალუჟნი ტრამპის ამერიკაზე.

უკრაინელი სამხედრო/დიპლომატის თქმით, დღეს ძველი გეოპოლიტიკური ფორმაციის ნგრევაში ჩართული არიან აშშ, რუსეთი, ჩინეთი და ირანი. თითოეული სახელმწიფო თავისი ტაქტიკით მოქმედებს - საკუთარი ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

"ახლო აღმოსავლეთში, სანამ ამერიკა ხელმძღვანელობს მოძველებული დოქტრინით და ძვირად ღირებული დიდი სიზუსტის იარაღით ურტყამს სამხედრო ობიექტებს, ირანი კარგად აყენებს კომბინირებულ დარტყმებს ინფრასტრუქტურას. სწორედ ამ ინფრასტრუქტურის დაცვაა დღეს შეუძლებელი", - ამბობს ზალუჟნი.

მისი თქმით, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ცვლის საერთაშორისო უსაფრთხოების ხასიათს. დრონების სისტემა ხელმისაწვდომია ყველა ქვეყნისა და ორგანიზაციისთვის. მათ დიდი ეკონომიკური ზარალის მიყენება შეუძლიათ ამა თუ იმ სახელმწიფოსთვის და ტრადიციული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები არაეფექტურია.

მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს­ სახელმწიფოების დაცვის არქიტექტურის გადახედვა. ტექნოლოგიებისა და თანამედ­როვე შეიარაღების ქონა არ არის დამოუკიდებლობის გარანტია. ძალა ნიშნავს, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს აქვს ნება და შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში­ იომოს (რა თქმა უნდა, შესაბამისი ლოგისტიკითა და მართვის სისტემით). დემოკრატიულ ქვეყნებს მოუწევთ ომი საკუთარი თავისთვის - ამ ომში ადამიანები თუ არა, ტექნოლოგიები მაინც იქნებიან ჩართული.

ზალუჟნის აზრით, დემოკრატია დამოკი­დებულია პოლიტიკურ ლეგიტიმურობაზე, საზოგადოებრივ კონსენსუსსა და საბიუჯეტო­ კომპრომისებზე (ანუ თავდაცვისთვის შესაბამისი ხარჯების გამოყოფაზე).­ ამის გარეშე მთავრობების ქმედებები "შეშფ­ოთების" იქით არ მიდის, რაც, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ქვეყანას საგარეო საფრთხეებისგან არ დაიცავს.

"რა თქმა უნდა, არავინ აკნინებს იმ დიდ დახმარებას, რომელსაც ევროპა და ბრიტანეთი უწევენ უკრაინას. თუმცა უსაფ­რთხოების საკითხი უფრო გლობალურად დგას. ნებისმიერი განცხადებები "გადამწყვეტი ქმედებებისთვის" შიდა კონსენსუსისა და კონკრეტული ეფექტური გადაწყვეტილებების გარეშე, საბოლოო ჯამში, ისევ "შეშფოთებად" იქცევა", - ამბობს ზალუჟნი.

უკრაინელი სამხედრო/დიპლომატის აზრით, ევროპისა და ბრიტანეთისთვის საზოგადოებრივი კონსენსუსის პოვნა უფრო ძნელია, განსაკუთრებით, მილიონობით ემიგრანტის საკითხზე. თუმცა დემოკრატიულ ქვეყნებს უნდა ესმოდეთ, რომ ავტორიტარულ რეჟიმებს ამჟამად უპირატესობა აქვთ, რადგან მათ არ სჭირდებათ საზოგადოების კეთილგანწყობა ამა თუ იმ საკითხის გადაჭრისას.

"დემოკრატიებმა სწრაფად უნდა იპოვონ­ პასუხები ამ კითხვებსა და მუქარებზე. უნდა გადაფასდეს შეკავების, თავდაცვისა და მოკავშირეობის სტრატეგიები. გაფლანგული წლები ჯერ კიდევ არ ნიშნავს დაკარგულ შესაძლებლობებს, თუმცა დაყოვნება­ აღარ შეიძლება", - ამბობს ზალუჟნი.

მოკლედ, ვალერი ზალუჟნიმ, ფაქტობ­რივად, პირდაპირ თქვა, მესამე მსოფლიო ომი თუ დაიწყო, ავტორიტარული ქვეყნები­ გაიმარჯვებენო.

უნდა გაიგონ თუ არა ეს გაფრთხილება საქართველოშიც?!

საქართველოში აგერ უკვე რამდენი ხანია, საზოგადოებრივი კონსენსუსი არ არის არც ერთ საკითხზე - ჯანდაცვით დაწყებული და სპორტით დამთავრებული,­ პოლი­ტიკაზე აღარაფერს ვამბობთ. გასაგე­ბია, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა გადაურჩა დიდ საგარეო რყევებს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ჩვენ გარშემო ორი დიდი ომი მიმდინარეობს და როგორ და რა სცენარით განვითარდება მოვლენები, არავინ იცის.

ზალუჟნის რომ არ ეთქვა, ისედაც ცნობილია - თუ დემოკრატიული ქვეყანა ხარ, ვერც ერთი ცალკე აღებული ხელისუფლება­, როგორი ეფექტურიც არ უნდა იყოს, ვერ გაუმკლავდება საგარეო საფრთხეებს, თუ არ იქნა საზოგადოებრივი კონსენსუსი და ერთიანობა. ერთიანობა არა რომელიმე პარტიის ან ფიგურის გარშემო, არამედ იდეის ირგვლივ - ჩვენ, ქართველებს, და საქარ­თველოში მცხოვრებ სხვა ეთნოსის წარმომა­დგენლებს, გვაქვს სახელმწიფო,­ რომელიც ეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ეს სახელმწიფო ჩვენი დასაცავი და მოსაფრთ­ხილებელია. პარალელური საქართველოები არ არსებობენ. საფრთხე ყველასთვის საფრთხეა და თუ ერთმანეთზე გადაკიდებულები სახელმწიფოს დავაზარალებთ, დავზარალდებით ყველანი, მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა.

ჩვენს უახლეს ისტორიაში ამის ყველაზე­ კარგი მაგალითია აფხაზეთის ომი - უფრო ზუსტად, რუსეთ-საქართველოს ომი. პოლარიზებულმა და პოლიტიკურ ბანაკებად დაყოფილმა საზოგადოებამ ვერ გაითავისა, რომ ეს ყველას ომი იყო, რომ თუ აფხაზეთს დავკარგავდით, ყველანი დავკარგავდით, ქართველი მეომრების დამარცხება ყველას დამარცხება იქნებოდა... საბოლოოდ, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ...

რა უნდა გაკეთდეს და ვინ როგორი ნაბიჯი უნდა გადადგას პოლარიზაციის დასრულებისთვის, ეს სხვა სტატიის თემაა.

წაიკითხე ვრცლად