"მონიკა ბელუჩიმ გვითხრა, ქართული სიმღერა გულისა და სულის ნაწილიაო" - როგორ დაიპყრო ლამაზმანის გული - ქართულმა სიმღერამ, მზერა - ჩოხამ
"გაოცება - სრულიად სხვაგვარი წარმოგვედგინა ბელუჩი და რადიკალურად სხვა ადამიანი შემოვიდა რესტორანში"
დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა "თეატრალურის კვარტეტის" წევრების - ლაშა კერვალიძის, ოთო კოვზირიძისა და კობა ჭეფხოძის "ფეისბუკგვერდებზე" (ირაკლი აბჟანდაძის გვერდი, თითქოს, არსად ჩანდა) გავრცელებულ ფოტოებს, სადაც მომღერალ ოთხეულთან და კომპოზიტორ ქეთი გაბისიანთან ერთად იოლად ამოიცნობდი გულითადად მომღიმარ ცნობილ იტალიელ კინოვარსკვლავსა და ფოტომოდელს - მონიკა ბელუჩის. თუმცა, ვიდრე საკუთარი თვალით არ ვნახავდი, ისიც კი ვიფიქრე, ცვილის ფიგურა ხომ არ "შემოგვაპარეს"-მეთქი? ცხადია, ვხუმრობ, მომღერალი ბიჭების "ფეისბუკქრონიკაზე" კი კიდევ რამდენიმე ფოტომ მიიპყრო ჩვენი ყურადღება - ამჯერად ბიჭებთან ერთად ცნობილი სერბი კინორეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა იდგა... მოკლედ, "თეატრალურის კვარტეტს" მოსკოვში "მივაკვლიე" და ფოტოების ამბავი ლაშა კერვალიძეს დაწვრილებით გამოვკითხე:
- მოსკოვში პროექტით ვიმყოფებით კვარტეტი და ძალიან ნიჭიერი კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი, რომელთანაც წლების მეგობრობა გვაკავშირებს. პროექტის ავტორები ბევრისთვის ძალიან საყვარელი ქართველი მომღერალი, ამჯერად მოსკოვში მცხოვრები უნიჭიერესი მომღერალი თეონა კონტრიძე და ჩვენი დიდი ხნის ნაცნობი და უახლოესი მეგობარი გორ ნაჰაპეტიანი არიან.
- რა პროექტია?
- მოსკოვში არსებობს ისტორიული რესტორანი - "არაგვი", რომელიც 1938 წელს გაიხსნა და რუსეთის მასშტაბით ერთ-ერთი პირველი ადგილი გახლდათ, სადაც სტუმარს არარუსულ სამზარეულოს სთავაზობდნენ. მას შემდეგ რესტორანი რამდენჯერმე გაახლდა და დღეს მას გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე კლასიკური გაგებით რესტორანს, სადაც მხოლოდ გემრიელ კერძებს გთავაზობენ. დღეს იგი კულტურულ კერასაც წარმოადგენს, სადაც ძალიან ცნობილი ადამიანები იკრიბებიან, ლამაზი საღამოები იმართება და სტუმრებს უმაღლესი დონის მუსიკას აზიარებენ.
სწორედ ერთ-ერთ ასეთ საღამოს შევხვდით მონიკა ბელუჩისა და ემირ კუსტურიცას. ეს შთამბეჭდავი შემოქმედები მოსკოვში ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე ჰყავდათ მოპატიჟებული, ხოლო საღამოს ჩვენთან - "არაგვში" მოიყვანეს. ძალიან საინტერესო საღამო გამოგვივიდა. მონიკა ბელუჩის, ჩოხებში რომ დაგვინახა, აშკარად შეეტყო მოწონება. "ფეისბუკით" გავრცელებული ფოტოები კი მოგვიანებით, საღამოს დასასრულს გადავიღეთ.
- მართლაც სასიამოვნოა, ასეთ ვარსკვლავს შემოსვლისთანავე თვალში რომ მოხვდით მისთვის უცხო სამოსში გამოწყობილი ვაჟები, მაგრამ თქვენ რა შეგემჩნათ მისი დანახვისას?
- გაოცება - სრულიად სხვაგვარი წარმოგვედგინა ბელუჩი და რადიკალურად სხვა ადამიანი შემოვიდა რესტორანში. მართალია, ვიცოდით, რომ ასეთი სტუმრები გვეყოლებოდა (ვგულისხმობ ემირ კუსტურიცასაც) და მათთვის უნდა გვემღერა, მაგრამ... ასე, პირისპირ, ეკრანს მიღმა, ულამაზესი მონიკა ბელუჩის დანახვა მაინც ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
- მაინც რას გვეტყვი, როგორი აღმოჩნდა ბელუჩი, როგორი დაინახეთ?
- ეკრანზე, ხომ, საოცარია, მაგრამ ცხოვრებაშიც არანაკლებად ლამაზია, თანაც ძალიან ბუნებრივი და უშუალო. ერთი შეხედვით, ძალიან კარგი ადამიანი ჩანს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთად აღვიქვით.