მთელი თბილისის დასუფთავების ხარჯს მოსახლეობა იხდის? - კვირის პალიტრა

მთელი თბილისის დასუფთავების ხარჯს მოსახლეობა იხდის?

დასუფთავების ყოველთვიური ხარჯი 4,1 მილიონია

დენზე მიბმულ ნაგვის გადასახადს მოსახლეობა 2011 წლის ივნისიდან იხდის. ჩვენი გაანგარიშებით, წელიწადში ეს დაახლოებით 42 მილიონი ლარია, რაც თბილისის ბიუჯეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურებისთვის მხოლოდ მოსახლეობიდან შედის. მიმდინარე თვიდან მოსახლეობას დენზე მიბმული ნაგვის განახევრებული გადასახადის გადახდა მოუწევს, თუმცა დროებით. რა გადაწყდება საბოლოოდ, ჯერჯერობით უცნობია.

საკრებულოს ოპოზიციურ ფრთაში ფიქრობენ, რომ სამართლიანობისთვის აუცილებელია ამ გადასახადის დანაწევრება გადამხდელთა კატეგორიების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასუფთავების სამსახურის ხარჯების ანაზღაურება კვლავ მხოლოდ მოსახლეობის კისერზე გადაივლის.

თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, წერია, რომ სამსახური ყოველდღიურად დედაქალაქში 18 მლნ კვ.მ. ფართობსგვის და ასუფთავებს. ყველა ხარჯის გათვალისწინებით, ამას თვეში 4,1 მლნ ლარი სჭირდება, ანუ წელიწადში 49,2 მლნ.

გამოდის, მოსახლეობიდან ამოღებული გადასახადი ამ უწყების ხარჯის 4/5-ზე მეტს ფარავდა. ხოლო რა თანხა შედიოდა და შედის არასაყოფაცხოვრებო ნაგვის გატანიდან ან ბიზნესსექტორიდან და რისთვის იხარჯება ეს ფული, კვლავ ამოუხსნელ ამოცანად რჩება.

ჯაბა სამუშია (თბილისის საკრებულოს წევრი): "დენზე ნაგვის გადასახადის მიბმით ქალაქის ხელისუფლებამ დასუფთავების სამსახური დოტაციურიდან კომერციულ, მომგებიან ორგანიზაციად აქცია. ამის გაანგარიშება მარტივად შეგვიძლია. როცა გადასახადი სულადობრივი იყო, მოსახლეობიდან დაახლოებით 25 მილიონი ლარი შედიოდა, ამდენივე იყო დოტაცია. როცა გადასახადი დენს მიება, თითქმის მთელ ფულს მოსახლეობიდან იღებდნენ.

ცოტა ხნის წინ, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც თბილისელებს დასუფთავების გადასახადი გაუნახევრდათ, მწვავე პოლემიკა გამოიწვია. თბილისელების უმეტესობა მოითხოვდა ამ გადასახადის ელექტროენერგიისგან გამოყოფას. ჩვენ თავიდანვე ვიზიარებდით მოსახლეობის ამ აზრს და ვიბრძოდით, მათ შორის სასამართლოში, რათა დაგვერწმუნებინა "ნაციონალური მოძრაობა", რომ დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადის გაერთიანება სრული სისულელეა და საჭიროა მათი გაყოფა. მიუხედავად ამისა, სანამ არ შემუშავდება დასუფთავების გადასახადის საბოლოო მოდელი, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, თბილისელებს შეღავათი ეგრძნოთ და განახევრებას დავთანხმდით. გასულმა ზამთარმა აჩვენა, რომ ეს გადასახადი დიდ ტვირთად დააწვა მოსახლეობას. ელექტროენერგიის მოხმარება ზამთარში მნიშვნელოვნად იზრდება და კიდევ უფრო ზრდის დასუფთავების გადასახადს, საჭირო იყო ამ ტვირთის სასწრაფოდ შემსუბუქება. არჩევანი, ფაქტობრივად, გვქონდა ცუდსა და უარესს შორის, ამიტომ განახევრება ავირჩიეთ. ეს გადასახადი რამდენიმე თვის განმავლობაში იმოქმედებს, ახალი მოდელის შემუშავებამდე.

თბილისის მოსახლეობა არ არის დამნაშავე, რომ მოუწესრიგებელია მოსახლეობის აღრიცხვის სისტემა, აბონენტების რაოდენობა და სტატისტიკა, რომელსაც მომავალში შესაძლოა დასუფთავების გადასახადი დაეყრდნოს. ჩვენ სულადობრივი გადასახადის მომხრე ვართ, რადგან ნარჩენის დამგროვებელი არის ადამიანი და ამიტომ ეს ყველაზე მეტად შეესაბამება რეალობას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულადობრივი დაანგარიშების სისტემა თბილისში ფაქტობრივად მოშლილია, ამიტომ, პირველ რიგში, ამ ხარვეზის გამოსწორება აუცილებელია.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია დეტალური ხარჯთაღრიცხვა, რომელიც დასუფთავების სამსახურმა უნდა წარმოადგინოს. დღეს ის დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისთვის წელიწადში დაახლოებით 49 მილიონ ლარს ხარჯავს. ჩვენ გვაინტერესებს და უფლება გვაქვს ვიცოდეთ ამ ფულის მიზნობრიობა. იქნებ კიდევ უფრო მეტია საჭირო ამ სამსახურის სრულყოფილი ფუნქციობისთვის ან ბევრად უფრო ნაკლები? ეს ინფორმაცია წლების განმავლობაში ჩვენთვისაც კი დახურული და იყო და დღესაც მხოლოდ ზოგად ციფრებს წარმოადგენენ ხოლმე. არადა, ამ სამსახურისადმი ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა.

თბილისში ნაგვის დამგროვებელი ოთხი ძირითადი სეგმენტია: მოსახლეობა (რომელიც საყოფაცხოვრებო ნაგავს აგროვებს), ტექნიკური ნაგავი (მშენებლობებიდან და მსგავსი ობიექტებიდან), სეზონური ნაგავი (ბუნებრივი ნალექი, ფოთოლი და სხვ.) და ბიზნესსექტორი. ეს უკანასკნელი ფართის მიხედვით იხდის, ტექნიკური ნაგვის გატანის საფასური კი მის მოცულობაზეა დამოკიდებული. უცნობი რჩება, რამდენს იღებს დასუფთავების სამსახური აქედან, არადა, კითხვა ბუნებრივად ჩნდება - რა თანხას იხდის აღნიშნული ორი სეგმენტი? რაც შეეხება სეზონურ ნაგავს, ვფქირობ, აქ უკვე სახელმწიფო უნდა შევიდეს დოტაციით. თუ ინფორმაცია დეტალურად გაიხსნება, აღმოჩნდება, რომ რეალურად დასუფთავების სამსახურს მოსახლეობის მომსახურებისთვის ბევრად ნაკლები ხარჯი აქვს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს სულადობრივად ნაგვის გადასახადის დაანგარიშება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ამ ყველაფრის ფულს თითქმის მთლიანად მოსახლეობა იხდის.

P.S. ჩვენ მიერ მოპოვებული ხარჯთაღრიცხვით, თბილისში მეეზოვის ხელფასი საშუალოდ 452 ლარია, სპეცდამგველს უფრო მეტს, საშუალოდ 735 ლარს უხდიან, ნაგვის ნარჩენების მანქანის მძღოლს - 894 ლარს, დისპეტჩერს - 1000 ლარს, ბრიგადირს 1095 ლარს. ადმინისტრაციაში მომუშავე 150 ადამიანის საშუალო ხელფასი 1266 ლარია.

ნაგვის ფული არ ყარს

იტალიაში ნაგვის გატანისა და ნარჩენების გადამუშავების ბიზნესის დიდ წილს დღემდე ადგილობრივი მაფია აკონტროლებს. იტალიის საპარლამენტო კომისიის დასკვნით, ამ სფეროს ყოველწლიური მოგება დაახლოებით $7 მილიარდია, ერთი პატარა ქვეყნის ბიუჯეტის ტოლი. არცთუ იშვიათად, "ნაგვის სკანდალში" ამა თუ იმ პოლიტიკოსის, სახელმწიფო მოხელის გვარიც ამოტივტივდება ხოლმე, რადგან ცდუნება დიდია - ნაგვის გატანა ფულის გათეთრებისთვის "ოქროს ძარღვია", რადგან ძნელია ზუსტად გაკონტროლება, რამდენი ნარჩენი მოაგროვეს, გაიტანეს და გადაამუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა.