პროკურატურამ „თბილისის ავტობუსის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ბესიკ ნათენაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ ბესიკ ნათენაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შპს „თბილისის ავტობუსის“ გენერალური დირექტორი - ბესიკ ნათენაძე 2009 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 210-ე და 220-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით იქნა დაკავებული და საბოლოოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მას ერთწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით განესაზღვრა.
„გამოძიება ბრალდებულს ქ.თბილისის მერიის კუთვნილი თანხების არამიზნობრივად დაუფლებასა და გაფლანგვას ედავებოდა. განაჩენის მიხედვით შპს „თბილისის ავტობუსის“ გენერალური დირექტორის - ბესიკ ნათენაძის თავმჯდომარეობით ჩატარებული ტენდერის ფარგლებში შესყიდული საწვავი 3 345 589 ლარით აღემატებოდა იმ პერიოდში ჩამოყალიბებულ საბაზრო ფასებს.
საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით და საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზით დადგინდა, რომ ტენდერები ნაწარმოები იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გამარჯვებულ კომპანიებს სხვა პრეტენდენტებთან შედარებით შეთავაზებული ჰქონდათ ყველაზე დაბალი ფასი, ხოლო საწვავის შესყიდვა რეალურად საშუალო საბაზრო ღირებულებაზე 670 411 ლარით იაფად განხორციელდა.
გარდა აღნიშნულისა იმჟამინდელი ბრალდების მტკიცებით ბესიკ ნათენაძემ ტენდერში გამარჯვებულ ორ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა და ავტობუსების მარაგ-ნაწილების მიუწოდებლობისთვის არ დააკისრა 69 302 ლარის პირგასამტეხლო, ხოლო ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში კონტრაქტორ ფირმაზე რეალურად დაკისრებული იქნა 46 542 ლარის ჯარიმა.