რა ცვლილებები და რეგულაციები ამოქმედდება საქართველოში დღეიდან
დღეიდან, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გარკვეული ცვლილებები ამოქმედდება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, იმ რეგულაციების შესახებ, რომელთა ამოქმედებაც 1-ლი აპრილიდან იგეგმება.
რა ცვლილებები ამოქმედდება დღეიდან საქართველოში
- დენის ტარიფი იზრდება
1-ელი აპრილიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფი 5 თეთრით ძვირდება.
ცვლილება შეეხება, როგორც მოსახლეობას ასევე ბიზნესს, რადგან იზრდება ელექტროენერგიის, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი.
უფრო კონკრეტულად, თბილისში „თელმიკოს“ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15.041 თეთრს იხდიდნენ, 1-ლი აპრილიდან ტარიფი 20.041 თეთრამდე გაეზრდებათ. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 25.053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე გაიზრდება.
რაც შეეხება რეგიონში მცხოვრებ აბონენტებს, მათთვის, ვინც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდა, ტარიფი 14.731 თეთრიდან 19.731 თეთრამდე იზრდება. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 18.708 თეთრიდან 23.707 თეთრამდე იზრდება, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.227 თეთრიდან 28.227 თეთრამდე მოიმატებს.
- პლასტიკის მოხმარება კიდევ ერთი რეგულაციით შეიზღუდება
2026 წლის 1-ლი აპრილიდან, პლასტიკის მოხმარების შემცირების მიზნით, აიკრძალება პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შეძენა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებენ.
ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განკარგულება არ ვრცელდება იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც ხორციელდება თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის.