საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მსუბუქი ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით ფრაქცია „საქართველოსთვის“ ალტერნატიულ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მსუბუქი ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით ფრაქცია „საქართველოსთვის“ ალტერნატიულ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა.
კომიტეტმა უარი თქვა ოპოზიციის ალტერნატიული პროექტის გაზიარებაზე, რომელიც 0-დან 10 წლამდე ასაკის მსუბუქი ავტომობილების იმპორტისთვის მოქმედი სააქციზო განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას, ხოლო 4.5-ლარიანი ტარიფის გავრცელებას მხოლოდ 10 წელზე უფროსი ასაკის სატრანსპორტო საშუალებებზე ითვალისწინებს.
იმავდროულად, კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატების პროექტს დაუჭირა, რომლის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი 1 სმ3-ზე - 4.5 ლარის ოდენობით იქნება.
ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა წარუდგინა. როგორც ინიციატორმა განმარტა, „ქართული ოცნების“ პროექტი არსებულ სოციალურ მდგომარეობას არ ითვალისწინებს და ავტომობილებს მოქალაქეებისთვის ხელმიუწვდომელს ხდის. ფილფანის თქმით, თუკი საუბარია გამონაბოლქვით გამოწვეულ ზიანზე, 2017 წელს წარმოებული ევრო 6-ის სტანდარტის ავტომობილები ამ თვალსაზრისით ისეთივე უსაფრთხოა, როგორც 2025 წელს გამოშვებული ავტომობილი.