“სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო და წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა“ - საია - კვირის პალიტრა

“სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო და წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა“ - საია

სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ (FARA) ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო და წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა. „ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჩივარში საია დავობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ შემდეგ უფლებებს: მე-11 (გაერთიანების თავისუფლება); მე-10 (გამოხატვის თავისუფლება); მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება); მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა); მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები).

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 1 აპრილს, ,,ქართულმა ოცნებამ” მიიღო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ე.წ. FARA, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ადამიანის უფლებების სფეროში და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით. 2026 წლის 31 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული კომუნიკაციის თანახმად, სასამართლომ დაიწყო ამ კანონთან დაკავშირებული საქმის განხილვა, რომელიც საიამ 2025 წელს გაასაჩივრა სტრასბურგის სასამართლოში 6 მომჩივნის სახელით, კერძოდ, სამი ორგანიზაციის (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, და მედია ორგანიზაციები: სტუდია მონიტორი და საქართველოს ამბები), და სამი ფიზიკური პირის (მომჩივანი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები: ნონა ქურდოვანიძე, ნინო ზურიაშვილი, გელა მთივლიშვილი) სახელით.

„ქართული ოცნება“ ამ კანონს ამერიკული FARA-ს („Foreign Agents Registration Act“) ანალოგად მიიჩნევს, თუმცა, სინამდვილეში ამერიკული FARA 1938 წელს მიღებული კანონია, რომელიც, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლოების განმარტებების შესაბამისად, მიზნად ისახავს არა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების შეზღუდვას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობის გამოაშკარავებას. ამასთან, აღნიშნული რეგულირება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს.

განაგრძეთ კითხვა