ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულ პასპორტებზე ნადირობენ?! - "როდესაც საქართველოს პასპორტს იღებ, აღიარებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას"
ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულ პასპორტებზე ნადირობას ითხოვენ - ერთ კვირაზე მეტია დიდი განხილვის საგანია, აფხაზებს შორის ვის აქვს "მტერი საქართველოს" მოქალაქეობა და რატომ არ ამხელს და სჯის მათ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სულ უფრო ხშირად გაისმის მოწოდებები, რომ ასეთი ადამიანები „"მოღალატეებად" უნდა გამოცხადდნენ და "აფხაზეთის მოქალაქეობა" ჩამოერთვათ.
ამჯერად "მხილებული" ადვოკატი ინგა გაბილაიაა, რომლის ირგვლივაც გაჩაღდა "პასპორტების სკანდალი". თებერვლის შუა რიცხვებიდან, როცა რუსეთის სასამართლომ მას მრავალშვილიანი დედებისთვის განკუთვნილი შეღავათების უკანონოდ მიღების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და გადაწყვეტილება აფხაზეთის ე.წ. ადვოკატთა პალატას გაუგზავნა, ადვოკატთა პალატამ კი მისი კვალიფიკაციის საკითხის განხილვა გადაწყვიტა და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან (СГБ) გაბილაიას შესახებ ცნობები მოითხოვა. პარალელურად, გაბილაია სოციალურ ქსელებში გააქტიურდა. ის აცხადებდა, რომ პალატაში მას შეთქმულებას უწყობენ, შემწეობის მიმღებთა შორის სხვა ადვოკატებიც არიან და თუ მას შეუჩერებდნენ ადვოკატობას, ის გვარებს დაასახელებდა. 13 მარტს აფხაზეთის ადვოკატთა პალატაში გაიხსნა უსაფრთხოების სამსახურის (СГБ) მიერ გამოგზავნილი კონვერტი, რომლის მიხედვითაც 1988 წელს დაბადებული ინგა გაბილია საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეგრამარხმა "აიაშარამ" გაავრცელა და დაიწყო განხილვები. ვრცელდებოდა ცნობები, რომ გაბილაიამ საქართველოს მოქალაქეობა 16 წლის ასაკში, 2004 წელს მიიღო, მოგვიანებით კი აფხაზეთისა და რუსეთის პასპორტებიც აიღო.
ტელეგრამარხებზე გაჩნდა მწვავე შეფასებები: "დანაშაულია იმ ქვეყნის მოქალაქეობა, რომელიც მტრული სახელმწიფოა. როდესაც საქართველოს პასპორტს იღებ, აღიარებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას"...
"ადვოკატმა არ უნდა იცოდეს, რომ მტრული საქართველოს მოქალაქეს არა აქვს უფლება აფხაზეთში ადვოკატად იმუშაოს? თუ საქართველოს მტრულ სახელმწიფოდ არ მიიჩნევს, ეს ღალატია".…
"ბევრნი გამოჩნდნენ უკვე ისეთები, ვინც უფრო საქართველოს მხარეს იყურებიან, „ქართველებთან დარბიან და ამბობენ მოდი, ვიმეგობროთ. ვინმე თუ აკვირდება, ზოგიერთი ჩვენი ახალგაზრდა საღამოს ტიკტოკ-ზე პირდაპირ ეთერებში როგორ ელაპარაკება ამ "ენგურსგაღმელებს", თითქოს ესიყვარულებიან. ამას უსაფრთხოების სამსახური უნდა აკონტროლებდეს".
გაბილაიას დამცველებიც გამოუჩნდნენ: "როცა ადვოკატად დაიწყო მუშაობა, მაშინ არ იცოდა უშიშროების სამსახურმა, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა?!"…
პარალელურად ისმის მოთხოვნები, რომ საქართველოს მოქალაქეობის მქონე აფხაზებს ჩამოერთვათ აფხაზეთის მოქალაქეობა და შეუწყდეთ პროფესიული საქმიანობის უფლება. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეობამ შეიძლება გამოიწვიოს სასჯელების გაუქმება იმ საქმეებში, რომლებშიც გაბილაია ადვოკატად მუშაობდა.
ინგა გაბილაია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეობა არა აქვს. მისი თქმით, ის "აფხაზეთისა" და რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში მხოლოდ ერთხელ, მამის დაკრძალვაზე იყო. მან დე ფაქტო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ რეპუტაციის შელახვისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რადგან მიაჩნია, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობაზე გავრცელებული არასწორი ინფორმაცია შეიძლება გახდეს მიზეზი მისი ადვოკატის სტატუსის შეწყვეტისა და "აფხაზეთის რესპუბლიკის" მოქალაქეობის ჩამორთმევისა.
გაბილაიას საქმეს მოჰყვა მოწოდებები, გამოვლინდეს ყველა აფხაზი, ვისაც ქართულ პასპორტი აქვს. ასეთ კონტექსტში დასახელდა კიდევ ერთი „"მსხვერპლი", თან მაღალჩინოსანი - აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ ლაკერბაია.
ტელეგრამარხი „"ამრა-ლაიფი" წერს, რომ 1953 წელს დაბადებული ზურაბ ლაკერბაია არ არის უბრალოდ "სტუმარი" საქართველოს ტერიტორიაზე. ის საქართველოს მოქალაქეა, რეგისტრირებულია თბილისში, საბურთალოს რაიონში, ასათიანის ქუჩა 10-ში. გარდა ამისა, ღია წყაროები მიუთითებს, რომ მას აქვს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - საპატიო მედალი "საქართველოს აღორძინებაში აქტიური მონაწილეობისთვის".
„ეს ლოგიკურ კითხვას ბადებს: როგორ შეიძლება ვინმეს, რომელიც აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწის მაღალი თანამდებობის პირია, ჰქონდეს იმ ქვეყნის მოქალაქეობა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ოფიციალურად საფრთხედ მიიჩნევს? - წერს ტელეგრამარხი, "უნდა ვიკითხოთ: სად მთავრდება „"დიპლომატია" და იწყება ჯაშუშობა? ეს სიტუაცია მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაუყოვნებლივ რეაგირებას".
ანალოგიური თემები აფხაზეთში პერიოდულად აქტიურდება. ერთ-ერთი დიდი სკანდალი და საპროტესტო აქცია მოჰყვა 2021 წელს ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწისა და ბიზნესმენ ბენურ კვირაიას თბილისში ჩამოსვლას. მაშინ გავრცელდა ვიდეო, სადაც კვირაია, რომელიც აფხაზეთის ომში ერთ-ერთ აფხაზურ დანაყოფს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ სოფელ აძიუბჟაში შექმნა პარკი, რომელსაც აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი მეგობრის, დავით კვარაცხელიას სახელი დაარქვა და მისი ხსოვნის სადღეგრძელოს სვამს. აფხაზებმა ბიზნესმენი მოღალატედ შერაცხეს. გამოითქვა ბრალდებაც, რომ მას ქართული პასპორტიც აქვს. კვირაიამ ეს უარყო, ასევე განაცხადა, რომ ის არ მოქმედებდა ბჟანიას სახელით, თბილისში წამოსვლამდე დატოვა თანამდებობა და ეს იყო კერძო ვიზიტი, რათა აფხაზეთში დიდი სასტუმროები აეშენებინა და ინვესტიციები მოეზიდა.
„აფხაზეთში ქართული პასპორტი ბევრს აქვს"
მიხეილ კვატაშიძე, ქართულ-აფხაზური ორგანიზაცია "ამრას" თანადამფუძნებელი: - ინგა გაბილაია აფხაზეთში ერთ-ერთი წარმატებული ადვოკატია. მის წინააღმდეგ რუსეთში დაიწყო გამოძიება რუსული შემწეობის უკანონოდ მიღების საქმეზე. ამ შემწეობას წლების განმავლობაში ასობით აფხაზი ქალი იღებდა, გასულ წელს კი მათ წინააღმდეგ რუსეთში "თაღლითობის" ბრალდებით სს საქმე აღიძრა. რუსული გამოძიების მტკიცებით, შემწეობა ეკუთვნის მხოლოდ მას, ვინც მუდმივად ცხოვრობს რუსეთის ტერიტორიაზე და არა მის ფარგლებს გარეთ. ამ საქმის ფიგურანტი აღმოჩნდა გაბილაიაც. მის წინააღმდეგ რუსეთმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და რადგან ის აფხაზეთის ადვოკატთა ასოციაციის წევრია, საქმე აფხაზეთში ასოციაციას გამოეგზავნა. ადვოკატთა პალატამ გაბილაიაზე ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დოკუმენტები მოითხოვა და ეს-გე-ბეს ცნობით, გაბილაია არის საქართველოს მოქალაქე, რასაც მოჰყვა მოწოდებები, რომ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა ჩამოართვან და გააძევონ. რეალურად გაბილაიას ბევრი მტერი ჰყავს აფხაზეთში, რადგან კარგი ადვოკატია და, დიდი ალბათობით, ამიტომაც "ამხილეს" საქართველოს მოქალაქეობაში, თან მამა ქართველი ჰყავდა და ესეც გამოიყენეს.
როგორც ჟურნალისტმა სარა ჩამაგუამ განაცხადა, 24 000 აფხაზს აქვს საქართველოს მოქალაქეობა. შეიძლება ეს გაზვიადებული რიცხვია, მაგრამ აფხაზებს შორის ქართული პასპორტი ბევრს აქვს და ყველა მალავს. ისინი ჩამოდიან არაოკუპირებულ საქართველოში და აქედან მიემგზავრებიან ევროპაში უვიზოდ. ზოგი ასე სამი თვით მუშაობს ევროპაში. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ დევნილის სტატუსზეც შეაქვთ განაცხადი, რათა დახმარება მიიღონ და ბინის მიღების სიაშიც ეწერებიან. მე ყოველდღიურად მაქვს ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზებთან და ისინი ამბობენ, რომ ბევრს აქვს სურვილი. რამდენიმე დღის წინ ერთმა მომწერა, როგორ უნდა ავიღო ქართული პასპორტი და რამდენი დამიჯდებაო. თუმცა ახლა მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება ძალიან გართულებულია. ერთი წელია თბილისში ცხოვრობს აფხაზეთიდან წამოსული კაცი და მას მოქალაქეობა ჯერაც არ მისცეს. უკანაც ვერ ბრუნდება, იქ მოღალატედ გამოაცხადეს. სადღაც მიტოვებულ ბინაშია შესახლებული და არის ასეთ გაურკვევლობაში.
აფხაზეთში იმდენად ბევრს აქვს ქართული პასპორტი, რომ გამოდის, ყველას უნდა ჩამოართვან "აფხაზეთის მოქალაქეობა". ეს არის მიუღებელი ფიგურის გასაშავებლად წამოწყებული კამპანია. გაბილაიას შეიძლება ადვოკატობის უფლება გაუუქმონ, მაგრამ ესეც რუსული სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამო და არა ქართული მოქალაქეობის ქონისთვის.