სკანდალური სტატია: "ტრამპი ირანთან ომს აგებს" - "თუ ამ ყველა უბედურების შემდეგ ჩვენ მაინც ახალი უბედურება გველოდება, მაშ, რისთვის დავიწყეთ ეს ომი?"
აშშ-ის ჟურნალ „ფორინ პოლისში“ (Foreign Policy) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ტრამპი ირანთან ომს აგებს: ისლამურმა რესპუბლიკამ ერთთთვიან დაბომბვებს გაუძლო. სწორედ ამით გამოიხატება მისი გამარჯვება“. სტატიის ავტორია რავი აგრავალი - გამოცემის მთავარი რედაქტორი.
პუბლიკაციაში გაანალიზებულია ირანის წინააღმდეგ მიმართული აშშ-ისრაელის ომის ასპექტები, კონფლიქტის მიმდინარეობა და მისი პერსპექტივა. „როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი, აშშ თავს გამარჯვებულად ვერ ჩათვლის, რადგან დონალდ ტრამპის არც ერთი მიზანი არ შესრულებულა და არც შესრულდება სამომავლოდ“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
უკვე ერთი თვე გავიდა ომის დაწყებიდან. ისლამური რესპუბლიკა არ დაცემულა და რადგანაც ირანმა ორი სახელმწიფოს - აშშ-ისა და ისრაელის ყოველდღიურ დაბომბვებს გაუძლო, ეს უკვე თეირანის გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს.
სურს თუ არა ამერიკას ირანის წინააღმდეგ მიმართულ ომში წარმატების მიღწევა? გააჩნია, ამ კითხვას ვის დაუსვამთ. კვლევითი ცენტრის (Pew Research Center) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომლის შედეგები გასულ კვირას გამოქვეყნდა, ამერიკელთა 51% გმობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოქმედებას, 37% კი - მხარს უჭერს. ციფრები მთლიანობაში შეესაბამება დონალდ ტრამპის საერთო რეიტინგს და აჩვენებს, რომ ამერიკელ საზოგადოებაში პარტიული ხაზით პოზიციების ღრმა განსხვავებაა: 10 რესპუბლიკელიდან ირანთან ომს მხოლოდ 7 იწონებს, ხოლო 10 დემოკრატიდან - მხოლოდ 1.
ირანზე აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმის „წარმატება“ სხვა მონაცემებითაც შეიძლება შეფასდეს, მაგალითად, ზიანის მასშტაბის მიხედვით. ამ მაჩვენებლით, რასაკვირველია, აშშ-მა და ისრაელმა ირანს უფრო დიდი ზიანი მიაყენეს, ვიდრე - თვითონ განიცადეს: ერთი მხრივ, განადგურებულნი არიან ირანის მმართველი რეჟიმის ლიდერები, განადგურებულია სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალები, დიდი ზარალი მიიღო ირანის ბირთვულმა პროგრამამ და ბალისტიკური რაკეტების გაშვების სისტემებმა, ძალიან დასუსტდა ირანის რეგიონული მოკავშირე - ლიბანის დაჯგუფება „ჰეზბოლა“. მეორე მხრივ, ამ ყველაფრის ფონზე, ირანმა მაინც მოახერხა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რითაც, ფაქტობრივად, კოლაფსში ჩააგდო პლანეტის ერთ-ერთი საკვანძო სავაჭრო-სატრანსპორტო მარშრუტი და რისკის ქვეშ დააყენა მსოფლიოს ენერგოუსაფრთხოება.
ანუ ისეთი პირი უჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იგებს ბრძოლებს, მაგრამ აგებს ზოგადად ომს. წესით, როცა ყოველდღიური დაბომბვების შედეგად ქვეყნის სამხედრო პოტენციალი ნადგურდება, ირანს არაფრის გაკეთება აღარ უნდა შეეძლოს, მაგრამ რეალურად ისლამური რეჟიმი ცოცხალია და მოწინააღმდეგეს საკმაოდ საგრძნობ, მტკივნეულ დარტყმებს აყენებს. ამ ფაქტორის გამო ირანის ისლამური რესპუბლიკა უფრო მოგებიანად გამოიყურება. ამტანობა და თავის გადარჩენა ყოველთვის იყო ისლამური რეჟიმის სტრატეგიული მიზანი, ომის შემთხვევაში. ის, რომ დონალდ ტრამპი ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას და იძულებულია, ირანთან მოლაპარაკებაზე წავიდეს - მისი კაპიტულაციის ნაცვლად, იმის მაჩვენებელია, რომ მოწინააღმდეგის სწრაფი დამარცხება, რაზედაც იგი ოცნებობდა, არ მოხერხდა.
პირველი მიზეზი, რის გამოც აშშ შეიძლება წაგებულად ჩაითვალოს, არის ვაშინგტონის მაქსიმალისტური მიზნები ომის დასაწყისში. ვიდეოში, რომელიც დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში 28 თებერვალს გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ იმედი აქვს არა მარტო რეჟიმის შეცვლის, არა მარტო გაანადგურებს ირანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს და ბოლოს მოუღებს თეირანის რეგიონულ ამბიციებს, არამედ - არ მისცემს თეირანს ბირთვული იარაღის დაუფლების ნებასაც.
არც ერთი ამ მიზნებიდან დღემდე მიღწეული არ არის: ირანს ლიდერები მოუკლეს, მაგრამ ქვეყნის მართვის მექანიზმი მაინც მოქმედებს; ირანს რაკეტების გამშვები დანადგარები „აუფეთქეს“, მაგრამ ისრაელი და არაბული სახელმწიფოები რაკეტებით მაინც იბომბება; „ჰეზბოლა“ „დასუსტებულია“, მაგრამ მაინც იბრძვის და მას იემენელი ხუსიტებიც უერთდებიან; ირანის ბირთვული პროგრამა და გამდიდრებული ურანი „განადგურებულია“, მაგრამ სინამდვილეში ის სადღაც, მთებშია ჩამარხული და ქვეყნის ლიდერების ახალ თაობას ელოდება - თანაც ისეთს, რომელსაც შურისძიების წყურვილი ექნება.
მეორე მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩაითვალოს ომი აშშ-ისათვის „ჩავარდნად“, არის უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი, რომელიც ირანმა ამერიკას და, ზოგადად, მსოფლიოს მიაყენა: ავიასაწვავზე ფასები 120%-ით გაიზარდა, ფასებმა Brent-ის მარკის ნავთობზე, რომელიც მსოფლიოს ფასების ეტალონს წარმოადგენს, 87%-ით მოიმატა. რა თქმა უნდა, ეს გამოწვეულია იმით, რომ ირანმა ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომლის ტრანზიტითაც მსოფლიოს ქვეყნები მოხმარებული ნავთობისა და თხევადი გაზის 20%-ს იღებენ. გარდა ამისა, ირანმა ზუსტი სარაკეტო დარტყმები მიაყენა კატარისა და ქუვეითის თხევადი გაზის მწარმოებელ ქარხნებს. ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტსაც, რომ ომამდე ჰორმუზის სრუტით გადიოდა ჰელიუმის მსოფლიო მიწოდების ერთი მესამედი (ეს ელემენტი აუცილებელია ნახევარ-გამტარებისა და სასუქების წარმოებისთვის), ანუ თუ ჰორმუზის ბლოკადა გაგრძელდება, მიკროსქემების და სასუქების ერთი მესამედის წარმოება ეჭვქვეშ დადგება.
აშკარაა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა „ხელების აწევასა და ჩაბარებას“ არ აპირებს. საერთაშორისო კომპანია GeoPoll-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ეგვიპტეში, კენიაში, ნიგერიაში, პაკისტანში, საუდის არაბეთში და სამხრეთ აფრიკაში რესპოდენტთა 19%, ომით გამოწვეული ზარალის გამო, ირანს ადანაშაულებს, 29% - ამერიკის შეერთებულ შტატებს და 38% - ისრაელს. აშშ-ისა და ისრაელის ბრალეულობის დონე იმიტომ არის შედარებით მაღალი, რომ ორივემ ომი დაიწყო იმ დიპლომატიური მოლაპარაკების ფონზე, რომლის შედეგი, ნეიტრალურ ექსპერტთა დასკვნით, დადებითი უნდა ყოფილიყო.
მესამე მიზეზი, თუ რატომ აგებს ომს აშშ, არის ის, რომ ერაყის ოპერაციისაგან განსხვავებით (რომელიც ასეთივე „ჩავარდნად“ შეფასდა ჯორჯ ბუში-უმცროსისთვის), ირანის მოსახლეობა, თვით ოპოზიციაც კი, შიგნითაც და გარეთაც, ომს მხარს არ უჭერს. აშშ-ის ერთადერთი რეალური მოკავშირე ისრაელია, რომელმაც ამ ომის გამო იმდენი კრიტიკა და დაგმობა დაიმსახურა, როგორიც მთელ თაობას არ ახსოვს. დონალდ ტრამპი უკიდურესად უხერხულ სიტუაციაშია ჩავარდნილი: მან ჯერ ნატოელ მოკავშირეებს მიმართა, დამეხმარეთო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან დაინახა - არც ერთ ნატოელს, ფაქტობრივად, ხელი არ გაუნძრევია მის დასახმარებლად, იხტიბარი არ გაიტეხა და „ამაყად“ განაცხადა - საერთოდ არ მჭირდება თქვენი დახმარებაო. ომმა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობას ძირი გამოუთხარა - ვაშინგტონმა საკუთარ თავს ისეთი რეპუტაცია შეუქმნა, როცა იგი, სისტემის ლიდერი, თვითონ არღვევს მის მიერვე შექმნილ სამოქმედო წესებს.
მეოთხე მიზეზი - ომმა მოულოდნელად აშშ-ის გლობალურ მოწინააღმდეგეებს დამატებითი ფულის მიღებისა და გამდიდრების შესაძლებლობა მისცა. თეთრი სახლი, ნავთობზე ფასების შემცირების მიზნით, იძულებული გახდა, სანქციები მოეხსნა ირანისა და რუსეთისათვის. პარადოქსული ფაქტია: ირანი ნავთობის გაყიდვით დღეს უფრო მეტ ფულს იღებს, ვიდრე ომამდე იღებდა. მოსკოვი დღეში 150 მილიონ დოლარს იღებს, რაც დაგეგმილი არ ჰქონია და კრემლისთვის დამატებით შემოსავალს წარმოადგენს, უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად. რაც შეეხება ჩინეთს: ერთი მხრივ, პეკინი პრობლემის წინაშე დადგა, რადგან „ცისქვეშეთი“ თავისთვის საჭირო ნავთობის ნახევარს სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან იღებს, მაგრამ მეორე მხრივ, რადგანაც მისი საგარეო პოლიტიკა აშშ-ზე არ არის დამოკიდებული, პეკინი არავის არანაირ დაპირებებს არ აძლევს. ჩინეთი ყურადღებით ადევნებს თვალს, თუ რა სწრაფად ხარჯავს ამერიკა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის შეიარაღებას და აზია-წყნარი ოკეანის სამხედრო თეატრიდან ძალები ახლო აღმოსავლეთში გადაჰყავს.
და ბოლოს, მეხუთე - ომი ძირს უთხრის დონალდ ტრამპის ავტორიტეტს რესპუბლიკურ პარტიაში, მას მხარდამჭერები აკლდება. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ომის გასაგრძელებლად, სავარაუდოდ, 200 მილიარდი დოლარის დამატებითი ხარჯი იქნება საჭირო (ალბათ, სახმელეთო ოპერაციისათვის), რაც კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. ჯერჯერობით, კაპიტოლიუმის ბორცვიდან (კონგრესიდან) პენტაგონის ამ განზრახვას დადებითი გამოხმაურება არ მოჰყოლია. „ვიმეორებ: მე მხარს არ დავუჭერ ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნას“, - აცხადებს ნენსი მეისი, წარმომადგენელთა პალატის წევრი, რესპუბლიკელი (სამხრეთ კაროლინადან).
რა თქმა უნდა, ომის შესახებ ამომწურავი ანგარიშის წარდგენა მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამერიკას შეუძლია თქვას, რომ გაიმარჯვა - შეხედეთ, რამდენი ირანელი ლიდერი დავხოცეთ, რამდენი ირანული გემი ჩავძირეთ, რამდენი სამხედრო ბაზა გავანადგურეთ... ირანსაც შეუძლია განაცხადოს, რომ მან გაუძლო ომს მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანასთან და კაპიტულაცია არ გამოუცხადებია. ისრაელს შეუძლია იტრაბახოს, რომ მან რეგიონული მეზობელი ძალიან დაასუსტა - დროებით, მაგრამ მაინც.
მაგრამ ომი უახლოეს რამდენიმე დღეშიც რომ დასრულდეს, რეალობა ასეთია: ირანის რეჟიმს სათქმელად და შურის საძიებლად ისიც ეყოფა, რომ გადარჩა. ირანის მომავალი ლიდერები კარგად შეისწავლიან და აითვისებენ ისტორიის გაკვეთილებს, გააცნობიერებენ, რომ მათი ძალა მსოფლიოს ეკონომიკისათვის ზიანის მიყენებაშიც გამოიხატება. ალბათ, გამორიცხული არ არის, რომ ირანის ომისშემდგომი ხელმძღვანელობა შეავსებს დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების რეზერვებს. მთავრობას შეუძლია განაცხადოს, რომ ქვეყნისთვის ბირთვული იარაღის დაუფლება მისი არსებობისა და უსაფრთხოების ერთადერთ გარანტიას წარმოადგენს (ჩრდილოეთ კორეის მსგავსად).
ასევე დაგაინტერესებთ: „ირანმა თავის გადარჩენის მიზნით, „წინააღმდეგობის ეკონომიკის“ გააქტიურება დაიწყო" - Financial Times
ტრამპის პირადი მოძღვარი: "პრეზიდენტს სულიერი ვალდებულება აქვს ირანის დასაბომბად"
მაშ რისთვის დაიწყო ეს ომი? შესაძლოა, ეს არის ისრაელის სტრატეგიის - „გაზონების ჭრის“ გამოვლენა, რომელიც ნიშნავს რეგიონული მტრების მუდმივად განადგურებას. მაგრამ ამერიკას ისრაელისათვის მხარი არ უნდა დაეჭირა: დონალდ ტრამპი დიდი ხანია, აცხადებს, იგი წინააღმდეგია დიდხარჯიანი და გაჭიანურებული ომებისა ახლო აღმოსავლეთში. როგორც ჩანს, მან საკმარის დონეზე ვერ შეაფასა ირანის რეჟიმის ბუნება და ის, რომ ირანის გეოგრაფია და ფართობი ვენესუელისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ტრამპმა ვერ განსაზღვრა, რომ ირანში ნიკოლას მადუროები არ არიან და მათი მოტაცება (და თუნდაც ფიზიკური განადგურება) მმართველ რეჟიმის პოლიტიკას ვერ შეცვლის.
და ბოლოს, [პრეზიდენტო], იფიქრეთ რეგიონის მრავალტანჯულ მოსახლეობაზეც. ირანში და ლიბანში ათასობით ადამიანი იქნა მოკლული, მილიონობით კი სამშობლოდან გაიქცა (ან აპირებენ გაქცევას). ისრაელის მოსახლეობა უკვე ორი წელია, ფაქტობრივად, ბუნკერებში იმალება, განგაშის სირენების ხმის გაგონებაზე; სპარსეთის ყურის ქვეყნების მოსახლეობა და იქაური მიგრანტები, რომლებიც დუბაიში და დოჰაში მშვიდად ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ მათ ზემოთ სიკვდილის მთესველი დრონები და რაკეტები იფრენდნენ.
ისევ ვიტყვი: თუ ამ ყველა უბედურების შემდეგ ჩვენ მაინც ახალი უბედურება გველოდება, მაშ რისთვის დავიწყეთ ეს ომი?
მოამზადა სიმონ კილაძემ