ომების პლანეტიდან მთვარისკენ - 54-წლიანი პაუზის შემდეგ ადამიანები დედამიწის თანამგზავრს შემოუფრენენ
რამდენიმე საათში, 2 აპრილს, თბილისის დროით 02:24 სთ-ზე , აშშ-ის კანავერალის კოსმოდრომიდან განხორციელდება რაკეტა-მატარებლის - Space Launch System-ის სტარტი, რომელიც „ორიონის“ კოსმოსური ხომალდით ოთხ ასტრონავტს (სამ ამერიკელს და ერთ კანადელს) დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ -მთვარისკენ გააფრენს და მისი შემოფრენის შემდეგ, ათ დღეში დედამიწაზე დააბრუნებს...
დედამიწას დღეს, სამწუხაროდ, შეიძლება თავისუფლად ეწოდოს „ომების პლანეტა“, რადგან ადამიანების სისხლი მასობრივად და ყოველდღიურად იღვრება მის არა ერთ კუთხეში და ამის ფონზე ადამიანების „გამგზავრება“ მთვარისკენ, რაღაც სურეალისტურად შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე იყო...
1969-72 წლების პერიოდში აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ -ნასამ „აპოლონის“ პროგრამის ფარგლებში განახორციელა ექვსი წარმატებული დაშვება მთვარის ზედაპირზე - ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე, რაც მაშინ მთელ მსოფლიოში აღქმული იქნა, როგორც აშშ-ის უზარმაზარი ტექნიკური, პოლიტიკური და საიმიჯო გამარჯვება...
ეს კი, პირველ რიგში, სჭირდებოდა აშშ-ის მაშინდელ, 37-ე პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს, რომლის ქვეყანა ვიეტნამის სისხლისმღვრელ ომში იყო გახვეული და ათეულობით მილიონი უკმაყოფილო ამერიკელი ამომრჩევლის ყურადღება სხვა თემაზე - ამერიკის საბჭოთა კავშირთან „კოსმოსურ შეჯიბრში“ გამარჯვებაზე უნდა გადაეტანა, რაც გამოუვიდა კიდეც...
ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ კი ეს კოსმოსური ისტორია თითქმის მეორდება - ირანთან დიდი და ხანგრძლივი ომის ჭაობში „ჩაძირვის“ საფრთხის წინაშე მდგარი დღევანდელი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი - დონალდ ტრამპიც მოუთმენლად ელის, რომ რამდენიმე საათში წარმატებით დაიწყება კოსმოსური ექსპედიცია „არტემიდა-2“ და ოთხი ასტრონავტი შემოუფრენს მთვარეს და დედამიწაზე მშვიდობიანად დაეშვება...
ამასვე იმედოვნებს მილიონობით რიგითი ადამიანიც, ოღონდ მათგან განსხვავებით, პრეზიდენტ ტრამპს ჩაფიქრებული აქვს, „მთვარეზე დაბრუნება“ გადააქციოს მსოფლიო მასშტაბის შოუდ, რათა მსოფლიოს დაუმტკიცოს ამერიკის უპირატესობა დედამიწის ყველა დანარჩენ ქვეყანაზე და, შესაბამისად, „გამოასწოროს“ თავისი პოლიტიკური იმიჯი, რომელმაც დიდი დარტყმა მიიღო ამ ბოლო თვის განმავლობაში...
საგულისხმოა, რომ გრანდიოზული კოსმოსური პროგრამის დაწყება სწორედ ტრამპმა ჩაიფიქრა, ოღონდ როდესაც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის რანგში 2017-21 წლებში იკავებდა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს, თუმცა თავიდან დასახული იყო ადამიანის დაშვება მარსზე, რაც რთული განსახორციელებელი აღმოჩნდა და გადაწყდა ისევ მთვარეზე „დაბრუნება“...
ასევე დაგაინტერესებთ: ირანთან ომში პრეზიდენტი ტრამპი „პრეზიდენტმა ფორდმა“... გაჭედილი ტუალეტების გამო მიატოვა ...
როგორ აღვიძებენ ფრენისას ჩაძინებულ რუს სამხედრო პილოტებს?
პირველი ამერიკული "ავაქსიც" აფეთქებულია...
ტყვიამფრქვევიანი დრონი-რობოტი ომში ჯარისკაცის ჩასანაცვლებლად...
რაც შეეხება „არტემიდა-2“-ის პროგრამის ტექნიკურ მხარეს...
მსოფლიოში უდიდესი, ორსაფეხურიანი რაკეტა-მატარებლის - Space Launch System-ის სიგრძე 111 მ-ს შეადგენს, დიამეტრი - 8,4 მ-ს ხოლო სასტარტო მასა კი - 2 მილიონ კგ-ზე მეტია, უფრო ზუსტად - 2 608 ტონა!
ამ გიგანტურ რაკეტა-მატარებელს კოსმოსში გაჰყავს „ორიონის“ ხომალდი, რომელიც 25 ტონამდე იწონის. მისი დიამეტრი 5,3 მ-ია და მასში ოთხი ასტრონავტი ბევრად უფრო თავისუფლად იგრძნობს თავს, ვიდრე - „აპოლონის“ სამკაციანი ეკიპაჟები, რომლებიც ნახევარი საუკუნის წინ მიფრინავდნენ მთვარისკენ, მით უმეტეს, რომ „ორიონს“ ექნება... ტუალეტიც, მაშინ, როდესაც მთვარეზე 1969-72 წლებში პირველად ფეხდადგმულ ამერიკელ ასტრონავტებს... პამპერსები ჰქონდათ ამოცმული...
თუმცა ადამიანის მთვარეზე ბოლოჯერ ფეხის დადგმიდან (1972 წლის 11 დეკემბერი) 54 წლის გასვლის შემდეგ ასტრონავტები შემოიფარგლებიან მხოლოდ მისი შემოფრენით და თუკი ეს კოსმოსური მისია წარმატებით ჩაივლის, შემდგომ ექსპედიციებში უკვე მთვარეზე დაჯდომაც იქნება გათვალისწინებული.
თუკი ნახევარი საუკუნის წინ აშშ მთვარის კოსმოსურ პროგრამაში საბჭოთა კავშირს ეჯიბრებოდა, რომელი ქვეყანა დაასწრებდა დედამიწის თანამგზავრზე პირველად ფეხის დადგმას, ამჯერად ამერიკელები უკვე ჩინელებს ეპაექრებიან - საბოლოო მიზანია მთვარეზე მუდმივმოქმედი კოსმოსური ბაზების შექმნა და იშვიათი, ძალიან ძვირად ღირებული წიაღისეულის, მათ შორის - „ჰელიუმ-3“-ის სამრეწველო მოპოვების დაწყება...