"ქურდი", რომელიც მამა გაბრიელთან ერთად საკანში იჯდა... - რას ამბობს გიორგი გურგულია ახალ როლსა და წმინდანის ცხოვრებაზე გადაღებულ ფილმზე
"რატომღაც სულ ასეთი როლები მაქვს - ან ბანდიტი ვარ, ან ციხეში უნდა ვიჯდე ან კაცისმკვლელი უნდა ვიყო... რატომ ხდება ასე, არ ვიცი, მგონი, დაშტამპული ვარ. პირველად "ორმაგი სახე" იყო, სადაც კრიმინალური ავტორიტეტის როლი მქონდა და იმის მერე, ხომ ვამბობ, დამშპამპეს" - ამბობს მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი გიო გურგულა. კრიმინალის მორიგ როლს ვერც ცოტა ხნის წინ ასცდა, გიორგი კაჭარავას მიერ გადაღებულ ფილმში "ბრძოლა - ბერი გაბრიელი".
AMBEBI.GE-ს მან ამ ფილმზე, საკუთარ როლზე, ბერ გაბრიელს და მისი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდზე გვიამბო.
გიო გურგულია:
- ვამბობ, არ შეიძლება ვინმემ, ერთხელ, შეყვარებული მამაკაცის როლი მომცეს, ყვავილებით გოგოსთან მივიდე?! ხომ არ შეიძლება სულ პისტოლეტით ვიყო, მაგრამ მოგეხსენებათ, კინოს გადაღებაც პრობლემაა. ფული არ არის და ამიტომაც რეჟისორები აქტიურად ვერ მუშაობენ. „USAშველოები“ YouTube-ზე გადის სერიალი, ჩვენი კომედია, რომელსაც მილიონ 700.000 ნახვა აქვს. ქართულ სივრცეში არცერთი ფილმი არ არის ასეთი პოპულარული. მაგრამ წელიწადზე მეტია, გაჩერებულები ვართ, ვერ დაფინანსდა, რომ გადავიღოთ... საერთოდ თავიდან ფილმი უნდა ყოფილიყო და მერე სერიალი გახდა. ვითომ ტელევიზიებიც აიღებენო... მოკლედ, არაფერი გამოვიდა.
- მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ფილმებში შემოთავაზებები მაიც გაქვთ...
- კი და ახლა გიორგი ბაბლუანისგან მივიღე შემოთავაზება და იქაც პოლიციელს ვთამაშობ, ოღონდ, მკვლელს. აღარ ვიცი, მაგ ჯადოდან როგორ გამოვიდე?!
- ბერი გაბრიელის ცხოვრებაზე გადაღებულ ფილმშიც ქურდია თქვენი პერსონაჟი. მოგვიყევით ამ როლზე...
- მამა გაბრიელს იცით, რომ მძიმე ცხოვრება ჰქონდა გავლილი. ლენინის ფოტო რომ დაწვა, ჯერ ხომ ფსიქიატრიულში ჰყავდათ, მერე ნაცემი და ნაწამები დააპატიმრეს. ჰოდა, ამ ფილმში ასეთი სცენაა - ჩვენთან საკანში მძიმე მდგომარეობაში მყოფი შემოჰყავთ, მაგრამ ჯვარი მოხსნილი არ აქვს... არადა, იქ ხომ ყველაფერს ხსნიან... გივი სიხარულიძეს ასაკოვანი ქურდის როლი აქვს. მაგასაც სულ ეგეთ როლებს აძლევენ - „უძინართა მზეში“ რომ შეიგინა და იჩხუბა, იმის მერე სხვა როლებს აღარ აქვს... რატომღაც სულ ბანდიტები ვართ... მოკლედ, ამ ფილმში მე და კიდევ ერთი ქურდია - მსახიობი დავით დვალი. დვალი ცუდ პიროვნებას თამაშობს, ეჭვი უჩნდება, ჯვარი რატომ უკეთია ე.ი. შემოგზავნილია?!. მე და გივი სიხარულიძე კეთილი ქურდები ვართ. ვეხმარებით, ვუვლით, მამა გაბრიელზე ვზრუნავთ. ბოლოს ისე ხდება, ბერი გაბრიელი პატიმრებს ლოცვით რწმენაში მოაქცევს. ჩემი როლი ფაქტობრივად ეპიზოდურია, ამაზე ყურადღების დიდად გამახვილება არც ღირს, მაგრამ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი არაჩვეულებრივად თამაშობს. მართლაც ბოლომდე თავს სწირავს - ენერგია არ დაუზოგავს, მაგრამ საერთოდ ძალიან რთულია წმინდანის როლის შესრულება. მერე ცხოვრება ძალიან ფრთხილად უნდა წაიყვანო... ამას წინათ საზღვარგარეთიდან ბარაბას როლზე შემოთავაზება მქონდა. მერე მეუფეს დავურეკე და ვუთხარი ამის შესახებ. ვიფიქრე, ვიფიქრე და რაღაცნაირად ავიცდინე ეგ ყველაფერი...