“სწავლის მიტოვების მაჩვენებელი 2025 წელსაც მაღალია და მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ ბავშვიანი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება - გასულ წელს, მოსწავლის სტატუსი 7248 ბავშვს შეუჩერდა, 1366-ს კი შეუწყდა“ - ანგარიში
სწავლის მიტოვების მაჩვენებელი 2025 წელსაც მაღალია და მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ ბავშვიანი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება - გასულ წელს, მოსწავლის სტატუსი 7248 ბავშვს შეუჩერდა, 1366-ს კი შეუწყდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წელის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტში წერია, რომ ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელი, გასული წლის მსგავსად, ისევ თბილისში (3434), ქვემო ქართლისა (1371) და აჭარის (1050) რეგიონებში იკვეთება.
„2025 წელს ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა 2086 საჯარო და 206 ავტორიზებული კერძო სკოლა, რომელთაგან 9 პანსიონურ მომსახურებას ეწეოდა. 2025-2026 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული მოსწავლეების ჯამურმა რაოდენობამ 643 801 შეადგინა. სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს განათლების სამინისტრომ 55 რეაბილიტირებული საჯარო სკოლა მიიღო-ჩაიბარა, ხოლო გასული წლის საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით, 75 სკოლა გადაეცა. გარდა ამისა, სკოლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა 8 სახელმწიფო შესყიდვა.
აღსანიშნავია, რომ 297 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ორ და მეტ ცვლაში, მათ შორის, 22 სკოლის შემთხვევაში - სამ ცვლაში მიმდინარეობს, რაც უმეტესად მოსწავლეთა დიდი კონტინგენტით არის განპირობებული. მითითებული 22 სკოლიდან 16 შემთხვევაში სამ ცვლაში სწავლების მიზეზი, სწორედ, მოსწავლეთა რაოდენობა, ხოლო 6 სკოლის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოები და სწავლის ალტერნატიულ სივრცეში წარმართვაა. საყურადღებოა, რომ ცვლების რაოდენობა, განსაკუთრებით კი სამცვლიანი რეჟიმი, უარყოფითად აისახება ბავშვების კლასგარეშე და არაფორმალურ აქტივობებში ჩართვისა და მათი განვითარების შესაძლებლობაზე.