"თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა... დაკავებული ამბობს, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვიო" - რას ჰყვება ადგილობრივი ყარაჯალაში მომხდარ დანაშაულზე - კვირის პალიტრა

"თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა... დაკავებული ამბობს, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვიო" - რას ჰყვება ადგილობრივი ყარაჯალაში მომხდარ დანაშაულზე

სამართალდამცავებმა ყვარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში მომხდარი ყაჩაღობა ოპერატიულად გახსნეს და დანაშაულში მხილებული სამი პირი, მათ შორის დედა-შვილი ისმაილოვები დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ნიღბიანი პირები დაზარალებულის ბინაში ჯგუფურად, უკანონოდ შეიჭრნენ, მასზე ფიზიკურად იძალადეს და 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ შენიღბული ბრალდებულები, მიმდინარე წლის 29 მარტს, გვიან ღამით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ -1955 წელს დაბადებულ ლ.ყ.-ს, საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ფიზიკურად იძალადეს მასზე და ძალის გამოყენებით 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ სამივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, დაკავებული ქალები მათი თანასოფლელები არიან, თუმცა ისინი თბილისში ცხოვრობდნენ. დაკავებულები თურმე კარგად იცნობდნენ დაზარალებულ მოხუცსაც. ბრალდებული ქალები ერთმანეთის დეიდაშვილები არიან. მათთან ერთად დაკავებულია 17 წლის ბიჭი, გვარად ისმაილოვი, რომელიც ამ საქმეში მონაწილე ადრე ნასამართლევი ქალის ვაჟია.

“ჩვენი სოფლელები არიან დამნაშავეები, მაგრამ თბილისში ცხოვრობენ. ლილოს ბაზრობაზე ვაჭრობდნენ და იქ ჰქონდათ ბიზნესები. ერთმანეთის ნათესავები არიან, დაკავებული ქალები, კერძოდ დეიდაშვილები. ს. ი. ადრე ნასამართლევი ყოფილა, მასთან ერთად დაკავებულია მისი არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭი.

ახლა ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას. მეზობლები ყველანი ითხოვენ მათ უმკაცრესად დასჯას. დაზარალებული 71 წლის მოხუცი ქალბატონია. მას დაესხნენ სახლში თავს, მოუთხოვიათ ფული და ოქროული. ქალს უთქვამს 200 ლარი მაქვსო და ის ფული გამოუტანია, ამის შემდეგ დაუწყეს ცემა და ძალადობა, ითხოვდნენ მოხუცისგან ოქროულს და ფულს. ოქროული საწყალს არ ჰქონდა, მარტო ცხოვრობდა სახლში, როგორც ამბობს, თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა და ეს მოგროვილი 8200 ლარი წაიღეს, წავიდნენ და ნაცემი ქალი დატოვეს სახლში. დაზარალებულმა როგორღაც მოახერხა მეზობელთან გასვლა და უთხრა რაც მოხდა, ამის შემდეგ გამოიძახეს 112, მოვიდა პოლიცია, სასწრაფო, ქალი გადაიყვანეს კლინიკაში, მას სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის სახის არეში აქვს დაზიანებები, მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დრომდე რჩება რაინულ კლინიკაში. პირადად მოვინახულე და ვნახე მისი დაზიანებები. ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. პოლიციას მადლობა მინდა ვუთხრა, ძალიან ოპერატიულად იმოქმედეს. კამერები იყო სახლის ტერიტორიაზე დამონტაჟებული, კამერებით და ტერიტორიის შესწავლით მიაგნეს დამნაშავეებს და დააკავეს სამივე დამნაშავე. როგორც აღვნიშნე, ბრალდებულებიდან ორი ქალია. ერთ-ერთი კარგად იცნობდა ამ ოჯახს. მთელი სოფელი კმაყოფილია პოლიციის ოპერატიული მოქმედებით და ყველა ითხოვს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ საკადრისად”, - ამბობს ჩვენთან საუბარში სოფელ ყარაჯალაში მერის წარმომადგენელი ალასკარ სარდაროვი.

მისი თქმით, ისიც ჩართული იყო პოლიციასთან ერთად დამნაშავის დადგენაში, რადგან მომხდარით შეწუხებული იყო.

“ორი ღამე არ მიძინია, პოლიციას ვეხმარებოდი დამნაშავეების დადგენაში. კამერებით გავიდა პოლიცია კვალზე. რა დიდი ფული უნდა ჰქონოდა მოხუცს. ეტყობა პენსიას აგროვებდა, მწვანილებს ყიდის ცოტას. შვილები ჰყავს, ოღონდ აქ არ არიან და ალბათ ისინიც უგზავნიდნენ და ასე მოუგროვებია, დასასაფლავებელ ფულს ვაგროვებდიო. სახის არეშიც აქვს დაზიანებები. ვნახულობ ყოველდღე, გუშინაც ვიყავი, დღესაც მივალ, საბედნიეროდ აუცილებლად გადარჩება. შვილმკვდარი დედაა, ერთი გოგო გარდაეცვალა ადრე, კიდევ ჰყავს შვილები, შვილიშვილები. დამნაშავეებს ლილოში მაღაზიები აქვთ, იქ მუშაობდნენ. იქიდან ჩამოვიდნენ და დააყაჩაღეს მოხუცი. ამ ყაჩაღობის მერე სოფელი დატოვეს, მეორე დღეს მიაგნო პოლიციამ. ვენაცვალე მასეთ პოლიციას, არ უნდა შერჩეთ ასეთ მოხუც ქალზე ძალადობა. რაც შემეძლო დავეხმარე ძალოვნებსაც. შევხვდი ბრალდებულ ქალსაც, რომლის შვილიც დაჭერილია. შოკში იყო, ნერვიულობდა, ამბობს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვიო. შეძლებული ხალხია, არაფერი არ უჭირდათ ეს რომ ჩაედინათ. კამერებით გაიხსნა დანაშაული”,- ამბობს ის.

რა ჩვენება მისცეს დამნაშავეებმა გამოძიებას ეს დეტალები ჯერჯერობით უცნობია. დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონსიძიების შეფარდების საკითხზე სავარაუდოდ სასამართლო დღეს იმსჯელებს. გამოძიება გრძელდება.