ეს საქმე არსად არ ისწავლება, ეს არის გამოცდილება და ამას გასწავლიან დიდი რეჟისორები...“ - მანანა ანთაძე
ექიმების ოჯახში დაიბადა, მაგრამ ექიმის პროფესია არ აურჩევია. მანანა ანთაძე ინგლისური ენის სპეციალისტია, მთარგმნელი - ნათარგმნი აქვს რომანები, ესსეები, პიესები. არის ორი თეატრის სალიტერატურო ნაწილის ხელმძღვანელი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. 20 წელია ატარებს ყოველწლიურ ორ კონკურსს დრამატურგიაში: „ახალი ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესა“. ასწავლის სტუდენტებს... მანანა ანთაძის ნათარგმნი პიესები დადგეს თემურ ჩხეიძემ, მიხეილ თუმანიშვილმა, გიორგი მარგველაშვილმა, დავით დოიაშვილმა, ქეთი დოლიძემ, გიორგი სიხარულიძემ, ზურაბ გეწაძემ, საბა ასლამაზიშვილმა. ბოლო წლებია ძირითადად უილიამ შექსპირს თარგმნის, რისთვისაც დაჯილდოვდა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიით. მისი საყვარელი ფრაზაა - „პაემანზე მივდივარ შექსპირთან“.
შარშან 80 წელი შეუსრულდა და ეს თარიღი მიულოცეს ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლით და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ჯილდოთი. თუმანიშვილის თეატრმა წიგნად გამოსცა მის მიერ ამ თეატრისთვის თარგმნილი პიესები.

ფოტო: მანანა ანთაძე
- ამდენ რამეს როგორ ასწრებთ? თუმანიშვილის თეატრის გარდა, კიდევ რომელ თეატრში მუშაობთ?
- ვერ ვასწრებ... სულ ვცდილობ დრო არ დავკარგო. სახლშიც, რაღაც საქმეს თუ ვაკეთებ, პარალელურად მუსიკას ვუსმენ ან სხვა საინტერესო რამეს, ვთქვათ, ლევან ბერძენიშვილის ლექციებს. თუმანიშვილის თეატრის გარდა ვმუშაობ ფოთის თეატრში. ბოლო წლებია აღმოვაჩინე საინტერესო ახალგაზრდა რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი. ნახეთ მარჯანიშვილის თეატრში შილერის „ყაჩაღები“ და თავად დარწმუნდებით, ქართული თეატრის მომავალი ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშია. საბასთან ერთად რამდენიმე სპექტაკლზე ვიმუშავე. როცა ის დაინიშნა ფოთის თეატრის ხელმძღვანელად, მთხოვა მის გვერდით ვყოფილიყავი და ასე აღმოვჩნდი ფოთის თეატრში. რას საქმიანობს ლიტნაწილი? თავიდან წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ მიხეილ თუმანიშვილთან დიდი სკოლა გავიარე. მიყვარს კარგ რეჟისორთან ერთად ტექსტზე მუშაობა, სასიამოვნო პროცესია. გრძნობ, რომ მისი თანამოაზრე ხდები. თეატრი ხომ ერთი გუნდია, ორკესტრივით არის. ბატონი მიშა ამბობდა, სოლისტების ორკესტრიაო!

ფოტო: მანანა ანთაძე და საბა ასლამაზიშვილი
- ინგლისური ენის სწავლა პატარა ასაკიდან დაიწყეთ, რაც ბებიას სურვილს უკავშირდება...
- ბებიაჩემი ექიმი იყო, გინეკოლოგი, ჩაჩავას სამშობიაროში მუშაობდა. არ ვიცი, ბებიამ სად გაიცნო ერთი მოხუცი, ძალიან სიმპათიური ინგლისელი ქალბატონი, რომელიც ჩვენთან, სახლში მოდიოდა და ენას მასწავლიდა. ამას არ ერქვა გაკვეთილები - ვსწავლობდით ლექსებს, სიმღერებს... მაშინ 4 წლისა ვიყავი. მისის ჰელენა ძალიან მომწონდა, ასე ვეძახდით. ჩვენი ურთიერთობის მესამე წელი დაიწყო და ეს ქალბატონი გარდაიცვალა. მერე ბებიამ იპოვა ვიღაც მოხუცი რუსული ენის მასწავლებელი (მაშინ უცილებელი იყო რუსულის ცოდნა) და მასთან, უკვე მე მივდიოდი სახლში. რუსთაველზე, კინოს სახლთან ახლოს ცხოვრობდა. მიხაროდა იქ მისვლა და იცით, რატომ? მასწავლებლის მოხუცი ქმარი პალტოს გამომართმევდა, დაკიდებდა, წამოსვლის წინ ჩამაცმევდა - აი, ამას ველოდებოდი, რომ ლამაზი საღამო მექნებოდა. მერე მყავდა ინგლისური ენის ცნობილი მასწავლებელი ელენა ლვოვნა მამალაძე. მთელ თბილისს ის ასწავლიდა.
- რომ არა ინგლისური, სხვა რომელ ენას აირჩევდით?
- უცხო ენას ვერ ვსწავლობ... გიკვირთ, არა? შექსპირს ვთარგმნი და... მინდოდა იტალიური ენა მესწავლა, ორი წელი ვიარე, ვერ ვისწავლე. ფრანგულის შესასწავლად ფანტასტიკურ პედაგოგთან დავდიოდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ასევე იყო გერმანული ენის შემთხვევაში, თსუ-ში მეორე ენად როცა გვასწავლიდნენ. ინგლისური მე არ მისწავლია როგორც უცხო ენა. ქართული მშობლიური ენაა და ისე იცი, რომ არ სწავლობ. ინგლისური ენაც, ბავშვობაში, აი ასე, ბუნებრივად ვისწავლე. ზოგჯერ ინგლისურად ვფიქრობ ხოლმე და ვხუმრობ, მეორე მშობლიური ენაა-მეთქი.

ფოტო: მანანა ანთაძე და რობერტ სტურუა
- თქვენი პირველი წიგნი იყო ირვინგ სტოუნის „წყურვილი სიცოცხლისა“, რას გაიხსენებთ პირველ წარმატებაზე?
- ირვინგ სტოუნთან ვმეგობრობდი, მასთან მიწერ-მოწერა მქონდა. მასალებს მიგზავნიდა, დისერტაციას სტოუნზე ვწერდი. ის ასწავლიდა ბერკლის უნივერსიტეტში და როცა გარდაიცვალა, მისმა მეუღლემ მწერლის არქივი ამ უნივერსიტეტს ჩააბარა, მათ შორის, ჩვენი წერილებიც. სხვათა შორის, ვიცი, რომელ თაროზე და რომელ ყუთში დევს ჩვენი წერილები. დიპლომის დასაცავად „წყურვილი სიცოცხლისა“ ვთარგმნე, როგორც საილუსტრაციო დანართი, 200 გვერდზე მეტი იყო. მერე ეს დანართი მივიტანე გამომცემლობაში, დირექტორს - ვახტანგ ჭელიძეს მოეწონა და ასე გაჩნდა ჩემი პირველი წიგნი. შეკვეთაც მივიღე გამომცემლობიდან.

- თუმანიშვილს პირველად მაშინ შეხვდით, როცა სტუდენტებთან დადგა „ზაფხულის ღამის სიზმარი“. რა როლს ასრულებდით?
- პირველ კურსზე ვიყავი, ჩვენი ფაკულტეტი (დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის) ტრადიციულად სპექტაკლს დგამდა ინგლისურად. ნიკო ყიასაშვილმა რეჟისორად მოიწვია თავისი მეგობარი მიხეილ თუმანიშვილი. მე ჰერმიას ვთამაშობდი. მიხეილ თუმანიშვილს მაშინ დავუმეგობრდი. მსახიობობაც კი მომინდა, მაგრამ დედაჩემმა მითხრა: შენ მორცხვი ხარ და მსახიობი ვერ იქნებიო. ალბათ კარგია, რომ გადავიფიქრე, არასწორ გზაზე დავდგებოდი. მიხეილ თუმანიშვილმა ვახტან ჭელიძეს სთხოვა, ეს ჩვენი პიესა ეთარგმნა ქართულად. ულამაზესი, უნატიფესი თარგმანი შექმნა ვახტანგ ჭელიძემ. მომდევნო წელს მიხეილ თუმანიშვილმა „ზაფხულის ღამის სიზმარი“ რუსთაველის თეატრში დადგა. ყოველდღე რეპეტიციაზე ვიჯექი, მთხოვდა, რომ მივსულიყავი.

ფოტო: მანანა ანთაძე და მიხეილ თუმანიშვილი
- მერე გახდით კინომსახიობთა თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე...
- და გავიდა 40 წელზე მეტი. ეს საქმე არსად არ ისწავლება, ეს არის გამოცდილება და ამას გასწავლიან დიდი რეჟისორები. საბედნიეროდ ბევრთან მიმუშავია. აუცილებლად ზუსტად უნდა იცოდე, რა უნდა რეჟისორს, რა არის მისი კონცეფცია - ტექსტი ამის მიხედვით იქსოვება. ბატონი მიშა ყოველთვის მოწიწებით ექცეოდა ტექსტს. რემარკებსაც კი. ცნობილია, რომ უყვარდა თქმა: „სიტყვა იგივეა, რაც მელოდია მუსიკაში და ფერი ფერწერაში. სიტყვის ძალა განუსაზღვრელია. ერთი და იგივე სიტყვა შეიძლება იყოს სამართებელივით ალესილი, ტკბილი, ეკლიანი. სიტყვა შეიძლება ესროლო, ან მიართვა. სიტყვა უპატივცემულო მოპყრობას ვერ იტანს, სამუდამოდ დაიმალება და თავის ნაცვლად ცარიელ ხმაურს დატოვებს.“ მსახიობებისგანაც სულ მოითხოვდა, ფუჭად არასოდეს ეხარჯათ სიტყვა.

ფოტო: მანანა ანთაძე და მიხეილ თუმანიშვილი
- თავად პიესის დაწერა არ მოგდომებიათ?
- არასოდეს, ეს სხვა საქმეა. ბევრ პიესას ვკითხულობ - თეატრში მოაქვთ, პიესების კონკურსზე შემოაქვთ. ზოგჯერ მითქვამს ან მიფიქრია: ამაზე უკეთესს ხომ მეც დავწერ-მეთქი, მაგრამ არასდროს მიცდია პიესის დაწერა. თუმცა, როცა საბა ასლამაზიშვილმა შარშან დადგა „ყვარყვარე“, მე და საბამ მართლაც დავწერეთ ერთად პოლიკარპე კაკაბაძის მიხედვით მონოპიესა. მაგრამ ეს სულ სხვა რამეა.
- 27 მარტი - თუმანიშვილის ფონდის დაფუძნების თარიღი არის თეატრის საერთაშორისო დღე. ეს შემთხვევით მოხდა?
-სრულიად შემთხვევით... შოკი მქონდა, გავიფიქრე: ღმერთო, ეს რაღაც ნიშანია - მისტიკა! იცით, როგორ მოხდა ყველაფერი? ფონდის დაფუძნება რომ გადავწყვიტე, ეს იყო 1998 წელს, იუსტიციის სამინისტროში მივედი, არავის არ ვიცნობდი. შევაღე პირველივე კარი და იქ მსხდომ ახალგაზრდა ბიჭებს ვკითხე: ფონდი მინდა დავაფუძნო და ვისთან უნდა მივიდე-მეთქი? დაინტერესდნენ, მომისმინეს, ყველაფერი შემავსებინეს, რაც საჭირო იყო. მგონი, ერთი კვირის მერე მივედი, პროცედურა როგორც მოითხოვდა. მომცეს იურიდიული საბუთი, რომ ჩემი ფონდი დარეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში და რას ვხედავ, წერია რიცხვი - 27 მარტი! რა დამთხვევაა, არა? - სასწაულია.

ფოტო: მანანა ანთაძე და დავით დოიაშვილი
- როგორ ან სად გიყვართ დასვენება?
-ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, როცა აგარაკზე, ნიჩბისში მივდივარ. ჩემი პატარა, ლამაზი ბაღი ყველა პრობლემას მავიწყებს. ადრე ადგომა და განთიადი მიყვარს. ნამდვილი საოცრებაა მზის ამოსვლა და ბნელის ნათელით შეცვლა. ჩვენი სახლის გვერდით გალავანია, ციციშვილების ციხე-სიმაგრე, სადაც ჩემი მეუღლის, ელდარ ციციშვილის წინაპრები ცხოვრობდნენ. ახლა სასახლის ნანგრევებია დარჩენილი, კიდევ კოშკი, აფთიაქი და აბანო, სადაც ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი კურნავდა თავის პაციენტებს. გალავანი ჩემი მეუღლის აღდგენილია, არქიტექტორ-რესტავრატორი იყო. მთელი ცხოვრება ძეგლების შესწავლას და აღდგენას შეალია. დღეს ეს გალავანი, სახელმწიფოს მიერ დაცული ისტორიული ძეგლია.

- შექსპირის რომელ პიესას შეადარებდით დღევანდელ დღეს?
- თქვენ, ალბათ, პოლიტიკურ სიტუაციას გულისხმობთ, ამიტომ ზოგადად გიპასუხებთ. შექსპირის ყველა პიესა პოლიტიკურია, „რომეო და ჯულიეტაც“ კი. არ არსებობს პიესა, სადაც პირდაპირ თუ ირიბად, არ იკითხება პოლიტიკური ხაზი. რატომ? ეს საინტერესო თემაა, მაგრამ მოკლედ შეიძლება ითქვას ის, რომ უილიამ შექსპირი თავისი ეპოქის ურთულეს ცხოვრებას ასახავდა და თან გენიალურ შედევრებს ქმნიდა.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)