"პოლონელ დამსაქმებლებს აღარ უნდათ ქართველებთან თავის ატკივება" - როგორია უცხოეთში წასული ქართველების მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

"პოლონელ დამსაქმებლებს აღარ უნდათ ქართველებთან თავის ატკივება" - როგორია უცხოეთში წასული ქართველების მდგომარეობა?

"გაიფილტრა მუშახელი, პოლონეთში დარჩა ცოტა, მაგრამ რეალური კადრები საქართველოდან" - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" პოლონეთში მომუშავე დასაქმების აგენტებმა განუცხადეს.

2025 წლის 1-ლი დეკემბრიდან პოლონეთში ამოქმედდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზას ვეღარ იღებენ. იქამდე მოქმედი წესით, საქართველო იყო იმ 5 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებსაც მხოლოდ სპეციალური დეკლარაციის შევსებით შეეძლოთ პოლონეთში სამსახურის დაწყება. ცვლილებებს შემდეგ კი უკვე სტანდარტული პროცედურების გავლა უწევთ.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს“ HR რეკრუტერმა ინგა კერვალიშვილმა განუცხადა, ბოლო წლებში პოლონეთში სამუშაოდ ჩასული ქართველები საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას იჩენდნენ, რაც ქართველი მუშახელის რეპუტაციაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდა.

"დასაქმების მსურველები ისევ არიან, მაგრამ საბუთები გაძვირდა და ამხელა ფინანსების გადახდის საშუალება არა აქვთ. ერთი მხრივ, მუშახელი გაიფილტრა. ბოლო პერიოდში, პოლონეთში, ძალიან ბევრი კანდიდატი მხვდებოდა ისეთი, თვითონ რომ არ იცოდა, აქ რისთვის იყო ჩამოსული. ახლა ასე აღარ ხდება. ვინც ხარჯს გასწევს, მას უკვე ზუსტად ეცოდინება, ამ ქვეყანაში რა უნდა. პოლონეთში ამიერიდან ნამდვილი მუშახელი მოხვდება. ვინც სრული სერიოზულობით მიდის სამუშაოდ და ამისთვის ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად მზადაა.

გაგიკვირდებათ და ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი იყო, დილას რომ დარეკავდა სამსახურის სათხოვნელად, დაუმზადებდი დოკუმენტებს და მეორე დღეს მუშაობა აღარ უნდოდა. ძალიან ბევრმა მენეჯერმა მითხრა, არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს სამსახურის მიმართო. ახლა დარჩა ცოტა, მაგრამ რეალური კადრები საქართველოდან.

თავიდან ქართველები ცოტა იყვნენ, ადგილობრივ მოსახლეობაშიც კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამსახურის მიმართ ქართველების დამოკიდებულება არასერიოზული გახდა. წარმოიდგინეთ, ეძებ სამუშაოს, ურეკავ და ხაზზე აღარ გამოდის, კანდიდატი აღარ გპასუხობს ტელეფონზე, რაც ქართველებისთვის მასიურად დამახასიათებელი გახდა".

პოლონურ შრომით ბაზარზე ქართველების დასაქმების სურვილის კლებაზე საუბრობს HR რეკრუტერი ირინა ნამიჭეიშვილიც.

"პოლონელ დამსაქმებლებს აღარ უნდათ ქართველებთან თავის ატკივება. სამუშაო ნებართვებიც საკმაოდ რთული მისაღები გახდა, ამას ისიც ემატება, რომ იმ ობიექტებშიც კი, სადაც ადრე ძალიან უნდოდათ ქართველების მიღება, ახლა მათ მიღებაზე უარს აცხადებენ. გააგრძელეთ კითხვა