ტრამპის ულტიმატუმი, რომელმაც შესაძლოა, უკრაინაში კატასტროფა გამოიწვიოს?! - "ნატო დაგვეხმაროს ჰორმუზის სრუტის გახსნაში, თორემ..." - კვირის პალიტრა

ტრამპის ულტიმატუმი, რომელმაც შესაძლოა, უკრაინაში კატასტროფა გამოიწვიოს?! - "ნატო დაგვეხმაროს ჰორმუზის სრუტის გახსნაში, თორემ..."

უკრაინისთვის იარაღს აღარ მოგყიდით, თუკი ნატო არ დაგვეხმარება ჰორმუზის სრუტის გახსნაში - პრეზიდენტ ტრამპის მორიგი ულტიმატუმი...

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის თითქმის ყოველდღიური ულტიმატუმები ირანის ხელისუფლების მიმართ, ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა, მაგრამ თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დღევანდელი მფლობელი უკვე მოკავშირეებთანაც ასეთივე ულტიმატური ენით იწყებს ლაპარაკს...

გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროპელ მოკავშირეებს ნატო-ს პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ ისინი ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით, ოპერაციას არ შეუერთდებოდნენ.

ასევე, დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მოკავშირეებმა უნდა აიღონ.

„მივმართავ იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საწვავის მიღება, რომელთაგან ბევრი უარს ამბობს ირანის თავის მოკვეთაში ჩართვაზე: მოიკრიბეთ დაგვიანებული გამბედაობა, წადით სრუტეში და უბრალოდ აიღეთ, დაიცავით ის, გამოიყენეთ თქვენთვის. რთული ნაწილი დასრულებულია, ამიტომ ეს ადვილი უნდა იყოს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მას შემდეგ, რაც 2025 წლის 20 იანვარს შედგა ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ინაუგურაცია, ერთ წელზე მეტია, აშშ უსასყიდლოდ აღარ აწვდის შეიარაღებას აგრესორ რუსეთთან დიდ ომში მყოფ უკრაინას.

„უკრაინაში არ უნდა ჩავრეულიყავით. უკრაინა ოკეანის მიღმა, ათასობით მილის მოშორებით მდებარეობს. ჩვენ მათ დავეხმარეთ. სულელი პრეზიდენტი გვყავდა, რომელმაც მათ 350 მილიარდი დოლარი გადასცა, სანაცვლოდ კი არაფერი მიიღო“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ისეთი საბრძოლო მასალა გადასცა, რაც ახლა აშშ-ის სჭირდება.

„ჩვენ ახლა საბრძოლო მასალას ვამზადებთ, რომელიც გვჭირდება, რადგან მან ბევრი რამ უკრაინას მისცა. ახლა კი ისინი საბრძოლო მასალას ყიდულობენ, რომელსაც მე ვყიდი. ამისთვის თანხას ევროკავშირი იხდის “, - აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ: ომების პლანეტიდან მთვარისკენ - 54-წლიანი პაუზის შემდეგ ადამიანები დედამიწის თანამგზავრს შემოუფრენენ

ირანთან ომში პრეზიდენტი ტრამპი „პრეზიდენტმა ფორდმა“... გაჭედილი ტუალეტების გამო მიატოვა ...

როგორ აღვიძებენ ფრენისას ჩაძინებულ რუს სამხედრო პილოტებს?

პირველი ამერიკული "ავაქსიც" აფეთქებულია...

უკრაინის ცა სრულიად დაუცველი რომ არ დარჩენილიყო, რუსული „ისკანდერებისა“ და „კინჟალების“ შეტევებისგან, ამოქმედდა PURL-ის პროგრამა.

PURL ნიშნავს „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების ჩამონათვალის“ პროგრამას, რომელიც ნატოს წევრმა ევროპული ქვეყნების ნაწილმა გასულ წელს აამუშავა იმის გამო, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ტრამპმა შეუწყვიტა უკრაინას ამერიკული შეიარაღების უსასყიდლოდ გადაცემა და ამ პროგრამის ფარგლებში, ევროპაში შეგროვებული თანხებით ხდება ამერიკული წარმოების საბრძოლო ტექნიკისა და მასალების შეძენა, მსოფლიო ბაზრის ფასებით და შემდეგ უკრაინისთვის მიწოდება. აშშ-ის პრეზიდენტმა მოითხოვა ნატოს საზღვაო ძალების განლაგება სრუტის გასახსნელად, რომლის გავლითაც მსოფლიოს ნავთობის მეხუთედი გადის. ევროპულმა ქვეყნებმა თავდაპირველად უარყვეს მოთხოვნა და მოტივი ის იყო, რომ ოპერაციის განხორციელება აქტიური საომარი მოქმედებების დროს შეუძლებელი იყო და კონფლიქტი მათი ომი არ იყო.

ტრამპის მუქარის შემდეგ, რომ ის გამოვიდოდა ნატოს ინიციატივიდან, რომელიც უკრაინისთვის PURL პროგრამის ფარგლებში იარაღის შეძენას ითვალისწინებდა, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ძირითად პარტნიორებს ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

შედეგად, საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ 19 მარტს გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც გამოთქვეს მზადყოფნა, დაეხმარონ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფაში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გეგმავს მოლაპარაკებების გამართვას 35 ხელმომწერ ქვეყანასთან, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ სრუტეში სამუშაოდ კოალიციის შექმნის შესახებ.

ანუ ნატოს წევრი წამყვანი ევროპული ქვეყნების ლიდერები, ერიდებიან რა, ისედაც არაპროგნოზირებადი პრეზიდენტ ტრამპის შემდგომ „გაცოფებას“, თანხმდებიან, გააგზავნონ თავიანთი სამხედრო ხომალდები ჰორმუზის სრუტეში... ოღონდ, როდესაც იქ საბრძოლო მოქმედებები დასრულდება...

თუმცა, პრეზიდენტ ტრამპის ასე მარტივად „გაცურება“ რთულია, მან არაფრად ჩააგდო ნატოელი თანაალიანსელები და მათ არც კი შეუთანხმა, რომ ისრაელთან ერთად ირანზე საჰაერო დარტყმებს იწყებდა, მაგრამ ახლა თავისივე „გაფუჭებულის“ გამოსწორება სურს, ალიანსის ევროპელი წევრების დახმარებით და თუკი ეს არ მოხდება, ის აპირებს განიხილოს შეერთებული შტატების ნატოდან სრული გასვლის შესაძლებლობაც კი...