სათბურებში საგრუნტე ჩითილების გამოყვანა დაიწყო
საბოსტნე კულტურების მწარმოებლებმა იციან, რომ სათბურებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, საგრუნტე ჩითილების გამოყვანა დაიწყო. ეს ჩითილები აპრილიდან გადავა გრუნტში და მოსავლის მოსაცემად მოემზადება. ეს მნიშვნელოვნად აადვილებს მებაღეთა შრომას, თუ როცა ისინი საიმედო ჩითილებით მარაგდებიან, ხოლო ჩითილების გამოყვანაზე სათბურებში მრავალწლიანი მუშაობა ამის გარანტიას იძლევა. ჩვენში ჩითილების გამოყვანაზე არაერთი სათბური მუშაობს. ნატახტარში მდებარე სათბურში ჩითილები თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებით გამოჰყავთ და ეტაპობრივად გადასცემენ როგორც მსხვილი საბაღე, ისე საოჯახო მეურნეობებს. როგორ მუშაობს თანამედროვე ჩითილების ინდუსტრია სათბურში, ამის შესახებ სათბურის ტექნოლოგი პაატა მირზიაშვილი გვესაუბრება.…
პაატა მირზიაშვილი:
- საკუთარი ბაღისთვის ჩითილების გამოყვანასა და გრუნტში გადარგვას ჩვენში ნებისმიერი გონიერი მებაღე შეძლებს და ასეთი პრაქტიკაც არსებობს. თუმცა ბევრ მებაღეს სურს შრომა უფრო მეტად რაციონალურ საქმიანობაზე დახარჯოს და ამ საქმეში კი გამოცდილ სპეციალისტებს დაეყრდნოს. ასეთ დროს შრომაც ნაკლები ეხარჯება და რესურსებიც. გარდა ამისა, ჩითილიც საიმედო მიეწოდება - გახარების თუ ნაყოფიერების თვალსაზრისით. სათბურები მთელი წლის განმავლობაში მუშაობენ ჩითილების გამოყვანაზე და ამიტომ კარგი გამოცდილება აქვთ, შეცდომები კი ნაკლებად მოსდით. გარდა ამისა, სათბურის პატრონები ცდილობენ ჩითილების გამოყვანაში ყველა თანამედროვე ტექნოლოგია ჩართონ. ჩვენთანაც ასეა, გამოგვყავს ჩითილების გაუმჯოსებული ჯიშები, რომელთა მიღება თუნდაც ევროპულმა სოფლის მეურნეობამ შეძლო. რა თქმა უნდა, მებაღეებისთვის მომგებიანია ასეთი მუშაობა როგორც მსხვილ, ასევე საოჯახო მეურნეობებში. ამიტომაც თანამშრომლობა უკვე წლებია გრძელდება...
გრუნტში გადასარგავი ჩითილების გამოყვანას სათბურში დაახლოებით თებერვლის ბოლოდან ვიწყებთ. სხვადასხვა კულტურა სხვადასხვა დღეს გამოგვყავს - იმის მიხედვით, რომელ ბაღჩეულ კულტურას როგორი ვეგეტაციის პერიოდი აქვს. სხვადასხვა კულტურისთვის ვეგეტაციის პერიოდი 25-დან 70 დღემდე გრძელდება - ანუ ზოგ კულტურას თითქმის ერთი თვე სჭირდება ვეგეტაციისთვის, ზოგს კი ორ თვეზე მეტი. თუმცა ყველა შემთხვევაში თესლის ადრე დათესვა სათბურს საშუალებას აძლევს ჩითილი დაახლოებით აპრილის ბოლოსთვის ჰქონდეს მზად, როდესაც შეგვიძლია გრუნტშიც გადავრგოთ და მოსავალიც ადრე მივიღოთ. უმეტესად გამოგვყავს მაღალმოსავლიანი და შესანიშნავი გემოვანი თვისებების მქონე ჰიბრიდები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა მეურნეობაში შეიქმნა. თუმცა ვინარჩუნებთ საუკეთესო ადგილობრივ ჯიშებსაც. მაგალითად, გამოგვყავს ჭოპორტის პომიდვრის ჩითილები, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ჯიშია და მაღალი გამძლეობითა და გემოვანი თვისებით ხასიათდება.
- როგორ გამოგყავთ ჩითილები ისე, რომ გრუნტში გადარგვისას გახარების სრული გარანტია ჰქონდეთ?
- შესაძლოა მთლად სრული არა, მაგრამ ჩვენი ტექნოლოგიებით ე.წ. კასეტებში გამოყვანილ ჩითილებს გახარების 99%-იანი გარანტია აქვს. როდესაც ჩითილის გადარგვის დრო მოდის, ვრწყავთ და კასეტიდან ისე ვიღებთ, რომ ნიადაგთან ერთად ფესვების სრული სისტემა ამოჰყვეს, რაც მისი გახარების გარანტიაა. მხოლოდ 1% შეიძლება იყოს ალბათობა, რომ ჩითილი დაზიანებული იყოს. თუმცა უმეტესად ესეც არ არის.
უნდა გვახსოვდეს, რომ მაღალი ხარისხის ჩითილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა, დაბალი, მსხვილი, სწორი ღერო, ასევე კარგად განვითარებული ფოთლები, გადარგვამდე კი უნდა შეიწამლოს მავნებელ-დაავადებების საწინააღმდეგოდ.
- ანუ ე.წ. აწოწილ ჩითილს გახარების ნაკლები შანსი აქვს?
- ყოველ შემთხვევაში, მსხვილღეროიანი, დაბალი და განვითარებულ ფოთლიანი ჩითილი გაცილებით უკეთ ეგუება გრუნტში გადარგვას, ვიდრე აწოწილი და წვრილი. გაზრდითაც უფრო სწრაფად და მყარად იზრდება. ჩითილის აწოწვას, სიმაღლეში წასვლას, მისი გადარგვის დაგვიანება იწვევს.
- მიუხედავად იმისა, რომ სათბურის ჩითილი მართლაც უტყუარია გასახარებლად, ბევრს საბაღე-საბოსტნე ჩითილები თავის მცირე მეურნეობაშიც გამოჰყავს. თქვენი რეკომენდაცია, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩითილი, ალბათ, მათაც გამოადგებათ.
- ჩვენს სოფლებში ჩითილების გამოყვანის გამოცდილება საუკუნეებია არსებობს და იციან ეს საქმე. თუმცა ახალი ცოდნის შეძენა არც ერთ სფეროში არ არის ზედმეტი. დღეს უკვე სოფლადაც ცდილობენ მაღალხარისხოვანი ჩითილების კასეტებში გაზრდას უფრო ძლიერი ფესვთა სისტემისა და შემდგომი გამძლეობისთვის. ძლიერი ჩითილის გამოყვანას ხელს უწყობს თესლის წინასწარი დალბობა მიკროელემენტებიან ხსნარში, რაც უფრო მარგებელია ჩითილისთვის, ვიდრე მიკროელემენტების გრუნტში შეტანა. სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ამჯობინებს უფრო მზა ჩითილები შეიძინოს, ვიდრე თავად აღმოაცენოს. ზოგჯერ მათ ამისთვის კლიმატური პირობებიც არ უწყობს ხელს. ამიტომ ხშირად გვქონია შემთხვევა, როდესაც ძალიან მცირე რაოდენობის ნერგებისთვისაც მოუმართავთ.
- სოფლის მოსახლეობას პირადად ჩემთვის ხშირად უკითხავს, როგორ შეიძლება შეიძინოს სპეციალურად გამოყვანილი ჩითილები, როდესაც რაიონში ჩითილების სათბური არ არის, შორს წასვლა კი არ ღირს და არც შეუძლიათ. კარგი იქნებოდა, ამანათების მსგავსად, ჩითილების ფოსტით გაგზავნის სერვისი მოქმედებდეს.
- ასეთი სერვისები უკვე მუშაობს და მათ შორის ჩვენთანაც. მთავარია, ჩვენმა მოსახლეობამ მოინდომოს ბაღის თუ ბოსტნის გაშენება და მაღალხარისხოვანი ჩითილის მიწოდება უკვე აღარ ჭირს. სათბურს შეუძლია ნებისმიერი კულტურის ჩითილი შესთავაზოს მოსახლეობას, რომელიც ჩვენში ხარობს: კიტრი-პომიდვრიდან დაწყებული, ნესვითა და საზამთროთი დასრულებული. გვაქვს ნამყენი ჩითილებიც, რომელიც გამძლეობით გამოირჩევა როგორც გვალვის, ისე დაავადებების მიმართ.
- მისასალმებელია, რომ ჩითილების დანამყენების ტრადიცია დამკვიდრდა. არადა, ამ ტრადიციის დამკვიდრებას ეჭვის თვალით უყურებდნენ. რით გამოირჩევა დანამყენებული ჩითილი ჩვეულებრივი, თესლიდან აღმოცენებული ჩითილისგან?
- გაცილებით გამძლე და ნაყოფიერია. ამას განაპირობებს სადედე მცენარის თვისებები, რომლებიც ევროპიდან მოგვეწოდება. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ძლიერია დანამყენებული ჩითილები გამძლეობითაც და მსხმოიარობითაც. თუმცა მათ გამოყვანას შრომაც გაცილებით მეტი სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ ჩითილებს. ნამყენის ჩითილები სამ პარტიად უნდა გაზარდო: სადედედ, სანაყოფედ და უკვე ერთმანეთთან დანამყენებეულ მცენარედ. ამიტომაც არის რომ ნამყენი ჩითილი გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი, სამაგიეროდ, როგორც ვთქვი, გამძლეობაცა და მოსავალიც მაღალი აქვს.