ახლა სწორედ მყნობის დროა
მყნობა ბუნების ის ჯადოსნური და იმავდროულად სამეურნეო პროცესია, როდესაც ერთი მცენარე იმგვარად ისისხლხორცებს და ზრდის მეორე მცენარეს, რომ ნაზარდი სულ მალე ძლიერი და ნაყოფიერი ხდება. სწორედ ამიტომაც ეწოდება დედამცენარე მიმღებ ანუ სანამყენე ძირ მცენარეს. დედამცენარედ ყოველთვის გამძლე, შეიძლება ითქვას, ველურ ჯიშებსაც არჩევენ, რომლებიც ადგილობრივ კლიმატურ პირობებს ეგუება, ებრძვის და მიღებულ დასამყნობ მცენარესაც იცავს. ცხადია, დასამყნობ მცენარედ გამოიყენება სასურველი ნაყოფიერი ჯიშები, მათ შორის ისეთი, რომლებიც ბოლო დროს გამოიყვანეს მეცნიერებმა და დღემდე არსებულ ჯიშებს აღემატება როგორც ნაყოფიერებით, ასევე გემოვანი თვისებებით. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ უკვე არსებულ მრავალ ჯიშსაც, მათ შორის ველურებს, არაერთი უნიკალური თვისება აქვს, რომლებიც შესაძლოა ახალ ჯიშებში ვერ მოხვდეს. ამიტომაც გვირჩევენ პროფესიონალი აგრონომები უფრო ადგილობრივის გამოყენებას სანამყენედ.

მყნობა კი სწორედ ახლა იწყება, როდესაც ხეხილის ტოტები დასაბერად ემზადება. ყოველივე ამის შესახებ აგრონომი გელა გოგალაძე მოგვითხრობს. მაღალმთიან იმერეთში, ხარაგაულში მცხოვრებ აგრონომს მყნობით ადგილობრივი ჯიშების გაუმჯობესების მრავალწლოვანი გამოცდილება აქვს.
- ბუნების იმ უნარზე დაკვირვებამ, რასაც მყნობა ჰქვია, შეიძლება გაგვაოცოს: მყნობისას ორი სხვადასხვა მცენარის მცირე ნაწილი, ყოველგვარი ფესვისა და წყლის გარეშე, იმდენად მჭიდროდ გადაებმება ერთმანეთს, რომ ერთ დიდ ხედ იქცევა. პირველ რიგში ეს ავხსნათ, როგორ ხდება?
- დედამცენარე მასზე დამყნობილ პატარა კვირტსა თუ ტოტს ყველანაირად `უვლის~ და კვებავს, რათა ნამყენი გაიზარდოს და ადამიანმა ზუსტად ის მცენარე მიიღოს, რომლის თვისებები იმდენად მოეწონა, რომ დაამყნო. სწორედ ეს არის მყნობა - საძირეზე დამყნობილი იმ ხის და ახლა უკვე ბაღჩეულის ნაწილი, რომელიც მოგვეწონა. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ თავად შეგვიძლია მყნობა; თუ არ შეგვიძლია, მაშინ იმავე საქმეს აკეთებენ სანერგეებში. იქ სადედე მცენარეებს ცალკე ზრდიან, სანამყენეებს |- ცალკე, შემდეგ კი ერთმანეთზე ამყნობენ და ასე მიიღება ის სხვადასხვა ჯიშის ნერგები, რომლებიც შეგვიძლია შევიძინოთ.
თუ სოფლად ცხოვრობთ, გირჩევთ, თავად ისწავლოთ მყნობა, რომელიც სულაც არ არის რთული. ნებისმიერ ხეხილს, რომელიც მოგეწონებათ, თავადვე დაამყნობთ, საკუთარ ეზოებში გაახარებთ და სულ რამდენიმე წელიწადში შინ ზუსტად იმავე ხილს დაკრეფთ, რომელსაც ნატრობდით. თუმცა, ვიდრე თავად მყნობაზე გესაუბრებოდეთ, ერთ გამოსადეგ რჩევას მოგცემთ: უნდა ვიცოდეთ, რომ ადგილობრივ პირობებს უპირობოდ უძლებენ ის ჯიშები, რომლებიც ადგილობრივად ხარობენ.A ამიტომაც არაფერი ჯობს, თუ სასურველ ხეხილს, ვთქვათ, საუკეთესო ალუჩას ან ბალს, თქვენსავე რაიონში იპოვით და იმას დაამყნობთ სადედეზე. თუმცაღა ეს არ ნიშნავს, რომ შეძენილი კარგი ხარისხის ნერგი ადგილობრივ კლიმატს ვერ შეეგუება. საქართველოს ყველა კუთხის ლიცენზირებულ სანერგეებში საუკეთესო ნერგები აქვთ, თუმცა ადგილობრივი ხარისხიანი ჯიში, შეგუების თვალსაზრისით, არანაირ კითხვის ნიშანს არ ტოვებს.
- ალბათ, ეს ეხება სადედეებს, ანუ ძირ მცენარეებს, რაზეც ჩვენი მოწონებული სანამყენე მასალა, კვირტი ან ტოტი უნდა დავამყნოთ.
- რა თქმა უნდა. ამასთანავე, სადედე მცენარე გაცილებით მარტივად მოსაძიებელიც არის, რადგან სადედედ საუკეთესოა ველური ჯიში. დასამყნობად ერთი ჯიშის მცენარეებია აუცილებელი. მაგალითად, გოგრა ბალი უნდა დავამყნოთ ველურ, ე.წ. მწარე ბალზე; გულაბი მსხალი ასევე ველურ, პანტა მსხალზე, ვაშლი, - მაჟალო ვაშლზე. ანუ სადედედ ვირჩევთ ბუნებასთან ადაპტირებულ მცენარეს, რომელიც შეძლებს მასზე დამყნობილი კვირტის ან ტოტის გამოკვებას.

- ხალხი ცდილობს ველური მცენარეები ეზოში არ ჰქონდეს, გამოდის, სადედეები წინასწარ უნდა გვქონდეს დარგული, რომ მასზე ჯიშიანი მცენარე დავამყნოთ?
- რა თქმა უნდა. მაგალითად, თუ თქვენი მოწონებული გოგრა ბლის დამყნობა გსურთ საკარმიდამო ნაკვეთში, ამ ნაკვეთში ერთ სრულ წელიწადს მაინც უნდა გქონდეთ გახარებული ველური ბლის ნერგი. ეს დრო იმიტომ არის საჭირო, რომ თავად სადედეც მოძლიერებული იყოს. შემდეგ დგება მყნობის იმ `საიდუმლოს~ დრო, რომელზეც უკვე ვთქვით. დამყნობა აუცილებლად მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც კვირტი ჯერ კიდევ დაბერილია და გაშლილი არ არის. შეგვიძლია დავამყნოთ როგორც კალმით, ასევე კვირტით. სანამყენედ უნდა აიჭრას განვითარებული ნაწილი. შემდეგ ამ სანამყენედ აჭრილ კალამზე რამდენიმე კვირტს დავტოვებთ და სწორედ კალამივით ირიბად წავაჭრით თავსაც და ბოლოსაც. ამის მერე უკვე სადედეს ვამზადებთ - სადედე ნერგს ნიადაგიდან 15 სანტიმეტრზე მაინც გადავჭრით, გადანაჭერზე გავუკეთებთ თ-სებურ ჭრილს, რომელშიც ფრთხილად ჩავარჭობთ კალამს (შეგვიძლია ორი კალამიც, თუკი სადედე ფართოა). კალამი დავამყნოთ ისე, რომ მისი კვირტების წვერი ზემოთ, ჩვენი სახისკენ იყოს მომართული, შემდეგ კი ნამყენს სპეციალური მასალით, თუნდაც იზოლენტით, მჭიდროდ შევახვევთ და დავტოვებთ. თუკი ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და სადედეც მორწყული გვაქვს, კალამმა ზრდა დაახლოებით 15 დღეში უნდა დაიწყოს.
თუკი კალამი რამე მიზეზით ვერ ავჭერით, ასევე შეგვიძლია კვირტით მყნობაც. სანამყენედ ავჭრათ მხოლოდ კვირტი, დაახლოებით 3 სმ სიგრძის. კვირტს როგორც წვერს ზემოთ დავუტოვებთ დაახლოებით 0,5-1 სმ-ის სიგრძეს, ამავე სიგრძეს დავტოვებთ კვირტის ქვემო მხარეზეც და რაც შეიძლება სწრაფად ვსვამთ გადაჭრილი სადედე ნერგის თ-სებურ ჭრილში, შემდეგ კი შეერთების ადგილს სწრაფადვე ვახვევთ პოლიეთილენით, რათა კვირტი არ დაჭკნეს და შეხორცება მალე დაიწყოს. არსებობს კვირტის მიჭდობით მყნობაც, რასაც მიმართავენ მაშინ, როდესაც გადაჭრილ საძირე დედაზე თ-სებურ ჭრილს ვერ ვაკეთებთ. ამ შემთხვევაში საძირეს გადაჭრილ ადგილთან, გვერდით, კანს ავათლით ისევე კალმისებურად, როგორიც გადაჭრილ კვირტს აქვს, შემდეგ ანათალზე კვირტს მჭიდროდ მივადებთ და შეერთების ადგილს შევახვევთ. სწორედ ამგვარად იმყნობა ბაღჩეულიც. თუმცა ბაღჩეულს აუცილებლად სჭირდება მცირე სამაგრზე ახვევა და ამით გამაგრება, რათა შეხორცება კარგად წავიდეს.
სულ ეს არის და არა მგონია, ძნელი იყოს, მთავარია, დავიწყოთ და ამით სიამოვნება მივიღოთ. მყნობა მთელ გაზაფხულს გრძელდება, გააჩნია, რომელ მცენარეს როდის აქვს კვირტების დაბერვის პერიოდი.